შემოგვიერთდი

03.02.2012 12:13

„სამხრეთის კარიბჭის“ იძულებითი შვებულება

მაია წიკლაური
ახლო ხედით
გაზეთი

გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” ქართულენოვანი გამოცემის ოფისში თითქმის ისეთივე სიცივეა, როგორც გარეთ, თოვლიან ახალციხეში. ნიუსრუმი ცარიელია, კომპიუტერები დამტვერილი, რადგან თვენახევარია გაზეთი ფინანსური პრობლემების გამო არ გამოდის.

2011 პირველი წელი იყო ყოველკვირეული “სამხრეთის კარიბჭისთვის”, როცა ვერცერთი გრანტი ვერ მიიღო და ძველი დანაზოგით აგრძელებდა არსებობას. დეკემბერში ეს რესურსიც ამოიწურა - გაზეთის მხოლოდ ორი ნომერი გამოვიდა, ხოლო, შემდეგ გამოცემა გაურკვეველი ვადით შეაჩერა.

“ყოველი წლის იანვარში გრძელვადიანი შვებულება გვაქვს ხოლმე, რადგან პროექტი დეკემბერში მთავრდება და იანვარში ველოდებით თანხის ჩარიცხვას, რომ ავმუშავდეთ. პირველი შემთხვევაა, რომ არცერთი ჩვენი პროექტი არ არის დამტკიცებული და დაფინანსებული”, - ამბობს გაზეთის რედაქტორი, ნინო ნარიმანიშვილი.  მისი თქმით, ახლა მხოლოდ ოფისის შენარჩუნებას ცდილობენ, ოფისში მოსვლას კი თავს არიდებენ, რადგან შემდეგ ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ვერ შეძლებენ.

2003 წელს 8 გვერდიანი ქართული და იგივე შინაარსის სომხურენოვანი “სამხრეთის კარიბჭის” შექმნის მიზანი ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსება და სომხურენოვანი მოსახლეობის ინტეგრაცია იყო. გაზეთი ახალციხეში, ახალქალაქში, ადიგენში, ასპინძაში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში ვრცელდება. „სამხრეთის კარიბჭეს“ 8 ჟურნალისტი ქმნის. ფოტოგრაფი გაზეთს უკვე წელიწადია ფინანსური პრობლემების გამო არ ჰყავს. რეგიონში სხვა ანალოგიური შინაარსის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი არ გამოდის.

“თავიდან გაზეთი რომ გამოვიდა, სომხური სოფლების მოსახლეობა ამბობდა - აი, ჩვენთან იმიტომ არ არის გზა, რომ სომხები ვართ და გვჩაგრავენ. ქართულ სოფლებში კი, ყველაფერი კარგადააო”, - ნინო ნარიმანიშვილი ამბობს, რომ მოგვიანებით, როცა გაზეთმა, როგორც ქართულ, ისე სომხურ სოფლებში არსებულ პრობლმებზე წერა დაიწყო, სომხურენოვანი მოსახლეობის აზრი შეიცვალა: “გაიგეს, რომ ქართულ სოფლებშიც დანგრეულია გზა, არ მოდის წყალი, მრავალშვილიან ოჯახს უჭირს და ეს არ არის დაკავშირებული ეროვნებასთან. გაზეთმა ამ აზრის შეცვლაში, დიდი წვლილი შეიტანა”.

„სამხრეთის კარიბჭის“ რედაქტორს გული სწყდება, რომ სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს, რომელიც ყოველ წელს ტოლერანტობის ქომაგ მედიასაშუალებებს ავლენს და აჯილდოებს, “სამხრეთის კარიბჭე” ამ მხრივ ჯერ არ უხსენებია.

გაზეთი 2008 წლის აგვისტომდე 5000-იანი ტირაჟით გამოდიოდა და მისი სადისტრიბუციო სამსახური გამართულად მუშაობდა. რეგიონის სოფლებში 15-მდე დისტრიბუტორი მოსახლეობას გაზეთის შინაარსის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. რადგან ადგილორბრივი ტელევიზია ამ სოფლებში ვერ მაუწყებლობდა, რეგიონალური ამბების შესახებ მათ არაფერი იცოდნენ. ნინო ნარიმანიშვილის თქმით, რომელიც მაშინ დისტრიბუტორად მუშაობდა, სოფლის თითქმის ყველა მოსახლე იწერდა გაზეთს. “ზოგს  მოსწონდა, ზოგს არა, მაგრამ მაინც იწერდნენ, რადგან შემდეგ ამ გაზეთის კითხვა ჩვევაში გადაუვიდათ”, - ამბობს ნარიმანიშვილი.

გაზეთის ხელმძღვანელების თქმით, მაღალი ტირაჟი გაზეთში რეკლამასაც იზიდავდა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კი, რეკლამები შეწყდა, გამომწერთა რიცხვი კი შემცირდა. საკმარისი ფინანსების არარსებობის გამო დისტრიბუციის ახალი სისტემის აწყობა გაზეთმა ვერ მოახერხა და ამჟამად მისი ტირაჟი 1500 ეგზემპლარია.  ხელმომწერთა რაოდენობის გაზრდას გაზეთი სხვადასხვა პროექტის განხორციელებით მუდმივად ცდილობს.

“სკოლებთან გვქონდა შეთანხმება, რომ შემოსავლის 50% მათი იქნებოდა, თუ ისინი ხელმომწერთა რიცხვის გაზრდაში დაგვეხმარებოდნენ - მაგალითად, მოსწვალეების მშობლებს შესთავაზებდნენ, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით.  მაშინ ეს ჩვენ გვიღირდა, რადგან მაღალი ტირაჟი რეკლამას იზიდავდა”, - ამბობს ნარიმანიშვილი.

ხელმომწერთა რიცხვს სკოლაში სხვადასხვა ნიჭით გამორჩუელი ბავშვების შესახებ წერაც ზრდიდა. გაზეთით შემდეგ ამ ბავშვების ნათესავები, ნაცნობები და მეზობლები ინტერესდებოდნენ.

ბოლო პროექტი ოთხ გვერდიანი ჩანართი “მეურნეა”, სადაც მოსახლეობა სოფლის მეურნეობის სფეროში სხვადასხვა რჩევებს იღებს. რეგიონის მოსახლეობის ამ თემისადმი ინტერესი ორგანიზაცია Mercy Corps -ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა.

“სწორედ დღეს დამირეკა ქალმა ერთ-ერთი სოფლიდან. ვნახე თქვენი ჩანართი, ძალიან დამაინტერესა და როდის იწყებთ გამოსვლას, გაზეთის გამოწერა მინდაო,” ამბობს “მეურნის” ავტორი, თამუნა უჩიძე.

“სამხრეთის კარიბჭის” გამომცემლის, ლელა ინასარიძის თქმით, გაზეთი სავარაუდოდ ორ კვირაში გამოვა. “დავიწყებთ მუშაობას და იმედია, რაიმე სახის ფინანსები გამოჩნდება”, - ამბობს ინასარიძე. ამ პერიოდში უნდა გაირკვეს დააფინანსებს თუ არა გაზეთის ვებ-გვერდის პროექტს ფონდი “ღია საზოგადეობა საქართველო”. ვებ-გვერდი მულტიმედიური უნდა იყოს და გაზეთისგან განსხვავებული, ორიგინალური შინაარსი ექნება.

იძულებითი შვებულებისა და ფინანსური პორბლემების მიუხედავად ჟურნალისტები გაზეთიდან წასვლაზე არ ფიქრობენ. “ეს გაზეთი ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე შემოსავლის წყარო. ერთხელ 5-6 თვე უხელფასოდ მოგვიწია მუშაობა და  ყველაზე კარგი ნომრები მაშინ გამოდიოდა. ვამბობთ ხოლმე, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა რომ შეგვეძლოს და გაზეთის გამოცემა, უხელფასოდაც ვიმშავებთ ისევ რაღაც პერიოდი”, - ამბობს ნინო ნარიმანიშვილი.

“მონიშნული მაქვს თემები რაზეც ვიმუშავებ გაზეთის გამოსვლის შემდეგ. ხან რა ხდება, ხან - რა და რომ არაფერს ვაშუქებთ, ერთ ადგილას გაჩერება მიჭირს”, - ამბობს ჟურნალისტი თამუნა უჩიძე.

უმუშევრობის თვენახევრის მანძილზე “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტები ორგანიზაცია “სონარის” საზოგადოებრივი აზრის კვლევაში იყვნენ ჩართული. ამბობენ, რომ ამ კვლევის საშუალებით უკეთ გაიგეს რა აინტერესებს მკითხველს. განათლება, ჯანდაცვა, ადგილობრივი და სპორტული ამბები, ბავშვთა მოვლა, ამბები ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებიდან - ეს ის საკითხებია, რის გაშუქებასაც კვლევის შედეგის მიხედვით, “სამხრეთის კარიბჭე” გეგმავს. მიზნებში გაზეთის 12 გვერდამდე გაზრდაც  შედის. 

“მაგალითად, ახლა ადამიანების ცხოვრების ისტორიებზე წერის ნაცვლად  გვირჩევნია გავაშუქოთ პრობლემბი, რადგან 8 გვერდი ამის ფუფუნებას არ გვაძლევს, ამ დროს კი, ეს უფრო კითხვადია”, - განმარტავს ნარიმანიშვილი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test