შემოგვიერთდი

21.01.2012 07:41

რა იცვლება ტელემაყურებლებისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით?

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა

2015 წელს საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებთან ერთად ცვლილებები მომხმარებლებსაც ელით. იმისთვის, რომ თქვენმა ტელევიზორმა 2015 წელს გამოსახულება აჩვენოს, შესაძლოა, დამატებითი მოწყობილობის ყიდვა, ან ტელევიზორის გამოცვლა დაგჭირდეთ. თუმცა შესაძლებელია, ციფრული სიგნალი უპრობლემოდაც მიიღოთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ტელევიზორი გაქვთ და რა საშუალებით იღებთ მაუწყებლობას.  

ვის ეხება ცვლილებები?

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ მთავარი ცვლილება იმ მაყურებელს ელის, ვინც მაუწყებლობას გარე, ოთახის ან საერთო ანტენის საშუალებით იღებს. ასეთი კი კვლევის, „ტელეყურების მაჩვენებელი 2010“-ის  მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 45.9 პროცენტია. აქედან დიდი წილი სოფლად მცხოვრებ ოჯახებზე მოდის. იმისთვის, რომ მათ 2015 წელს ტელევიზორის ყურების შესაძლებლობა ჰქონდეთ, საკუთარ ტელევიზორებს ე.წ Set top box-ები უნდა მიუერთონ. Set top box-ი ერთგვარი ხელსაწყოა, რომელიც ანტენიდან წამოსულ სიგნალს გარდაქმნის და ციფრული გამოსახულების მიღებას შესაძლებელს ხდის.

ზოგ ქვეყანაში მთავრობამ ეს მოწყობილობა მოსახლეობას უფასოდ დაურიგა, ზოგან  გარკვეული სოციალური ჯგუფების სუბსიდირება მოხდა, რიგ სახელმწიფოებში კი -უსასყიდლოდ დამონტაჟდა. ვინაიდან საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია სახელმწიფოს ჯერ არ შეუმუშავებია, კვლავ გაურკვეველია, როგორ წარიმართება აღნიშნული პროცესი და რა ტიპის შეღავათები დაწესდება ქართველი მაყურებლებისთვის.

ვის არ ეხება ცვლილება?

არავითარი ცვლილება არ ელით იმ აბონენტებს, რომლებიც მაუწყებლობას საკაბელო ქსელებით ან სატელიტით იღებენ. საკაბელო კომპანიები სიგნალის ციფრულად გარდაქმნას თავად უზრუნველყოფენ.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ციფრულ მაუწყებლობაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ვგულისხმობთ მიწისზედა მაუწყებლობას. რადგან საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის გაციფრულება უკვე დასრულებულია მთელი  ევროპის მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც", - უთხრა Media.Ge-ს ჰაკან შაუდინმა, თანამგზავრული ოპერატორის, SES-ის ვიცე პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა სკანდინავიაში, ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში.

მისივე განმარტებით, მათ, ვინც სატელიტური თეფშის მეშვეობით იღებს მაუწყებლობას, დამატებითი მოწყობილობის დაყენება არ დასჭირდება. მომხმარებლისთვის ასევე ყოველგვარი ცვლილების გარეშე გაგრძელდება ინტერნეტ ტელევიზიების (IPTV) მაუწყებლობაც.

გააძვირებენ თუ არა საკაბელო კომპანიები სააბონენტო გადასახადს, ჯერ ცნობილი არ არის. „ფასის გაზრდა, ან შენარჩუნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დანახარჯი ექნება კონკრეტულ პროვაიდერს და რა ხარჯის ამოღება მოუწევს", - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა. საკაბელო კომპანიები საკუთარ ხარჯს სტრატეგიის შემუშავების შემდეგ გათვლიან, მომხმარებელი კი განსაზღვრავს, რომელი პროვაიდერი აირჩიოს, გადავიდეს სატელიტურ მაუწყებლობაზე, თუ ანტენით მიიღოს მაუწყებლობა.

როგორი ტელევიზორი გამოგადგებათ ციფრული სიგნალის მისაღებად?

თუკი თქვენ სიგნალს გარე, ოთახის ან საერთო ანტენის საშუალებით იღებთ, აუცილებლად განიხილავთ ტელევიზორის გამოცვლის საკითხს. თუმცა, პრობლემის მოგვარებას ახალი ტელევიზორის გარეშეც შეძლებთ.  

გიორგი ბარათაშვილის განმარტებით, Set top box-ის (მოწყობილობა, რომელიც გარდაქმნის სიგნალს) დაყენების შემდეგ ყველა ტელევიზორს, მათ შორის კინესკოპურს (ე.წ. ზურგიანი ტელევიზორი) გამოსახულების მიღების საშუალება ექნება. „თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი პლუსი, რაც ციფრულ მაუწყებლობას აქვს - გაუმჯობესებული ხარისხი აღარ იქნება", - აღნიშნა გიორგი ბარათაშვილმა Media.Ge-სთან საუბრისას.

ჩვენების ხარისხი დამოკიდებულია ტელევიზორის გამოსახულების ხარისხზე. Set top box-ი დასჭირდება HD (მაღალი გარჩევადობა) ხარისხის და SD (სტანდარტული გარჩევადობა) ხარისხის ტელევიზორებსაც. თუმცა, ჩვენება სხვადასხვაგვარი იქნება. მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც HD ხარისხის ტელევიზორები აქვს, უკეთეს გამოსახულებას მიიღებს. HD - წარმოების ხარისხია, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ტიპის ტელევიზორები ციფრული მაუწყებლობის სიგნალს Set top box-ის გარეშე მიიღებს.

ციფრული ტელევიზორები ქართულ ბაზარზე

ქართულ ბაზარზე  ისეთი ტელევიზორები, რომელთაც ანტენის საშუალებით ციფრული მაუწყებლობის სიგნალის მიღება ყოველგვარი Set top box-ის გარეშე შეუძლია თანდათან შემოდის. თუმცა, პრობლემა აქაც იქმნება.

ანალოგურიდან ციფრულ მაუწყობლობაზე გადასვლისას რამდენიმე სტანდარტი გამოიყენება, რომელთაგან ევროპაში ტელევიზიებისთვის ყველაზე გავრცელებულია DVB - T (Digital Video Broadcasting - Terrestrial), რომლის მეორე თაობა ანუ გაუმჯობესებული ვარიანტია - DVB-T2. ტელევიზორებსაც ამ სტანდარტის შესაბამისად უშვებენ.

გიორგი ბარათაშვილის ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველო  პირდაპირ მეორე თაობის სტანდარტზე  DVB-T2-ზე გადადის, ბაზარზე კი ძირითადად DVB-T სტანდარტის ტელევიზორებია შემოსული. მომხმარებლებიც და ტელევიზორების დისტრიბუტორებიც შეიძლება დაზარალდნენ, თუკი საქართველოს მთავრობა საზოგადოების ინფორმირებას დროულად არ უზრუნველყოფს. ბარათაშვილის განმარტებით, ტელევიზორი, რომელსაც DVB-T სტანდარტის მხარდაჭერა აქვს, ვერ აჩვენებს DVB-T2-ში გაშვებულ მაუწყებლობას. შესაბამისად, თუ თქვენ DVB-T სტანდარტის ტელევიზორს  შეიძენთ, ციფრული მაუწყებლობის ჩართვის შემდეგ დამატებით Set top box-ის შეძენაც დაგჭირდებათ.

„მხოლოდ ერთი, „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი გვაქვს, რომელსაც DVB-T2-ის სტანდარტზე მაუწყებლობა შეუძლია და 997 ლარი ღირს“, - უთხრა media.ge-ს გოგა კეკელიძემ, სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ მდებარე მაღაზია „OK”-ის კონსულტანტმა.

ამავე სავაჭრო ცენტრში განთავსებული მაღაზიის, Aray Tomorrow-ს მენეჯერი არჩილ იაკოფოვი ამბობს, რომ მათ 2011 წლიდან ისეთი ტელევიზორები შემოიტანეს, რომელშიც ორივე სტანდარტის მიმღებია ინტეგრირებული. მათი ფასი 500 ლარიდან იწყება.  მაღაზია „გალაქსის" გაყიდვების მენეჯერის, მიშა კახიძის განცხადებით კი, მათ მაღაზიაში რამდენიმე ბრენდის ტელევიზორს აქვს  DVB-T-ს მხარდაჭერა. 

"DVB-T2 ჯერ არ შემოგვიტანია. მომხმარებელს არასდროს უკითხავს ციფრული სიგნალის მიღების შესახებ. როდესაც ეს საკითხი აქტუალური გახდება, ჩვენც აქცენტს გავაკეთებთ“, - ამბობს მიშა კახიძე. ისეთი პროდუქციის შემოტანაზე, რაზეც მოთხოვნა არ არის, უარს ამბობს ტექნიკის მაღაზია „Go Electorinics”-იც.  

Media.ge რამდენიმე მაღაზიის კონსულტანტსაც გაესაუბრა. მენეჯერებისგან განსხვავებით, მათ უმეტესობას ციფრული მაუწყებლობის სტანდარტის ტელევიზორებზე ან არასრული ინფორმაცია აქვთ, ან საერთოდ არ იციან მისი მნიშვნელობა. 

რატომ გადავდივართ ციფრულ მაუწყებლობაზე?

ევროპის ქვეყნებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად საერთაშორისო საკომუნიკაციო გაერთიანებამ (ITU) ბოლო ვადად 2015 წლის დასაწყისი განუსაზღვრა. 2006 წელს სხვა ქვეყნებათან ერთად ეს ვალდებულება საქართველომაც აიღო და ჟენევის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ქართული არხები მაუწყებლობას ამჟამად ანალოგური სიგნალით ავრცელებენ. აღნიშნული სიხშირე შეზღუდული და ამოწურვადია. სწორედ ამიტომ, სჭირო გახდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რაც უფრო მეტი არხის გავრცელების საშუალებას იძლევა. ევროპის დიდმა ნაწილმა ეს პროცესი უკვე დაასრულა. ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის შესაქმნელად აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს მაუწყებლებსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის. 2011 წლის 8 დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ დოკუმენტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით შემუშავდება და მზად მიმდინარე წლის მარტის ბოლოს იქნება.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test