შემოგვიერთდი

14.01.2012 13:15

უკონკურენტო GMG-ი

მაია წიკლაური
ახლო ხედით

“გლობალ მედია ჯგუფი“ (GMG) ტელესივრცეში 2011 წლის 14 იანვარს გამოჩნდა, ერთი წლის იუბილე კი 2012 წელს მეექვსე არხის, „ქალთა კლუბის“, ეთერში გაშვებით აღნიშნა. ამ ხნის განმავლობაში სპორტული ჩემპიონატების ტრანსლირებისა, თუ კინო ღონისძიებების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა და ქართული ტელებაზრის დიდი სეგმენტი დაიკავა.

GMG-იმ კერძო გასართობ-შემეცნებითი ტელემაუწყებლობის ლიცენზია 2010 წლის ბოლოს აიღო და კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გადაცემების საკაბელო პროვაიდერების მეშვეობით გავრცელების ნებართვა 2014 წლის 9 ივლისამდე მისცა.

„ჩვენ გვაქვს ბიზნესი და ვქმნით პროდუქტს, რომელიც ყველა საკაბელო ოპერატორს სჭირდება. არ გადავეშვით დიდ მორევში, რასაც აბონენტებისათვის საკაბელო კომპანიების ომი ჰქვია. სხვა ტიპის სამაუწყებლო ლიცენზია არც გვჭირდება“, - ამბობს  GMG-ის გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი Media.Ge-სთან საუბრისას.

GMG-ი თავის პაკეტში ამჟამად თბილისისა და რეგიონების 22 საკაბელო კომპანიას აქვს ჩასმული. ნაწილი მათგანი აბონენტებს GMG-ის პროდუქციას ყველაზე დაბალფასიან პაკეტშიც სთავაზობს, ნაწილი კი  დამატებით გადასახადს ითხოვს ამ არხების საყურებლად. 

„საკაბელო კომპანიებთან ადვილად ვაგვარებთ ურთიერთობას, პრობლემა მხოლოდ „Super TV“-სთან შეგვექმნა“, - აღნიშნავს ლევან ყუბანეიშვილი.

ამ პროვაიდერთან ურთიერთობა გასული წლის სექტემბერში გამწვავდა. GMG-ი Super TV -ს დავალიანებისა და ჯარიმების გადახდას ედავება. საქმე ამჟამად სასამართლოში განიხილება.

ექვსი არხიდან სამი სპორტულია, ორი კინო და ერთი არხი სპეციალურად ქალებისთვის.

სპორტული არხებიდან ერთი მთლიანად ფეხბურთს ეთმობა, მეორე ჩოგბურთს, მესამე კი კალათბურთსა და რაგბს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სამივე არხზე ფეხბურთი უჩვენებიათ მატჩებისადმი საზოგადოების დიდი ინტერესის გამო.

ქართულ ბაზარზე GMG-ის შემოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ საკაბელო კომპანიების პაკეტიდან რუსული სპორტული და კინო არხები გაქრა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პროვაიდერები ამ არხების არამართლზომიერი ტრანზიტისთვის გააფრთხილა და ჩვენების შეწყვეტა მოსთხოვა. მას შემდეგ GMG ქართველი მაყურებლისთვის უკონკურენტო გახდა.

„ჩვენს ეთერში გასული ჩემპიონატების თუ სხვა ღონისძიებების  90% ექსკლუზიურად გვაქვს ნაყიდი, მათ ზურგს უკან არის მყარი კონტრაქტები, რაც ნიშნავს იმას, რომ GMG-ის გარდა საქართველოში სხვა კომპანია ვერ აჩვენებს. ამაში დიდი თანხა გადავიხადეთ.  ვინმეს, ვთქვათ, ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის ტრანსლირება რომ დაეწყო, ჩვენი ინვესტიციები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა“, - აღნიშნავს ლევან ყუბანეიშვილი და დასძენს, რომ ეს უფლებები დაცულია, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით.

გარდა კონკრეტული მატჩებისა, სპორტულ არხზე GMG-ის ბაზაზე  ხუთ გადაცემასაც აწარმოებენ - სპორტულ ტოქ-შოუებს, რომლებიც რომლებიც როგორც ქართულ, ისე უცხოურ სპორტში მიმდინარე მოვლენებს ეხება. ეთერში გადის 15 წუთიანი საინფორმაციო გამოშვებაც, რომელიც მიმდინარე ამბების ერთგვარი კოლაჟია. სექტემბრიდან კი ვრცელი, ტიპური საინფორმაციო გამოშვების გაკეთებაც იგეგმება, რომელსაც საკუთარი წამყვანი ეყოლება. ამავე პერიოდიდან დიდი ტოქ-შოუს მომზადებასაც დაიწყებენ.

„ჩვენი სტუდია ახლა მხოლოდ 3-4 სტუმრის მოწვევის საშუალებას გვაძლევს. შემდეგ კი უფრო მასშტაბური გახდება“, - ამბობს GMG-ს გენერალური დირექტორი. მისი თქმით, კომპანიაში ჯამში ასი ადამიანი მუშაობს. ფილმების გახმოვანებას სხვა სტუდიას უკვეთავენ.

GMG-ის კინო არხების მომხმარებელს, მათ, ვისაც ციფრული ტელევიზია აქვთ,  ფილმების ყურება სამ ენაზე შეუძლია - ქართულად, ინგლისურად და ფილმის ორიგინალ ენაზე.

ორი კინო არხიდან ერთზე ძირითადად ევროპული ფილმები გადის, მეორეზე კი ჰოლივუდურ პროდუქციას უშვებენ.

ახლად გახსნილ ქალთა არხზე სერიალების გარდა გადაცემების ყურებაც შესაძლებელია, სადაც მაყურებელს უხსნიან როგორ გაიკეთონ მაკიაჟი, მოამზადონ საჭმელი, მოუარონ ეზოს და მიიღონ ექიმის რჩევები.

ლევან ყუბანეიშვილის თქმით, ეს არხი მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან სრული დატვირთვით ამუშავდება.

„სამოქმედო გეგმა გასულ წელს სწორედ 2012 წლის მარტამდე დავსახეთ, რაც შევასრულეთ. რეკლამის მოზიდვის თვალსაზრისით კი გადაჭარბებითაც შევასრულეთ“, - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი. მისი თქმით, მარტი უნდა იყოს თვე, როდესაც ხარჯები და შემოსავალი ერთმანეთს გაუთანაბრდება. GMG-ს ძირითადი შემოსავალი, ყუბანეიშვილის განმარტებით, მაინც საკაბელო კომპანიებიდან შემოსული თანხებია.

GMG 2010 წლის ივლისში მამუკა გამყრელიძემ 100 ლარიანი საწესდებო კაპიტალით დააფუძნა, აგვისტოში კი 15% წილის მფლობელი გიორგი კოღუაშვილის კომპანია „მედია საკონსულტაციო ჯგუფი“ გახდა. მისი დირექტორი კი ლევან ყუბანეიშვილი იყო. დეკემბერში საწესდებო კაპიტალი 550 ათასი ლარით შეივსო. 2011 წლის თებერვალში „მედია საკონსულტაციო ჯგუფმა“ საკუთარი წილი ყუბანეიშვილის ახალადშექმნილ კომპანიას, „ახალი მედია ჯგუფს“ გადასცა.

ივნისში მამუკა გამყრელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა, GMG-ს დირექტორის პოსტი კი ლევან ყუბანეიშვილს დაუთმო.

კომპანიაში მფლობელების ბოლო ცვლილება 2011 წლის ბოლოს მოხდა, როდესაც მამუკა გამყრელიძემ თავისი წილი საკუთარ ქალიშვილს დაუთმო. ამის ვალდებულება კი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესულმა ცვლილებებმა დააკისრა, რომელის მიხედვითაც ყველა მაუწყებელს შესაბამისობის დეკლარაციის შევსება და მფლობელების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება დაევალა. მიუხედავად იმისა, რომ ამავე კანონით მაუწყებლის ფლობა საჯარო მოხელეს მანამდეც ეკრძალებოდა, გამყრელიძე GMG-ს 85%-ს მაინც ფლობდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test