შემოგვიერთდი

30.12.2011 09:27

„ჯიხას“ და „კოლხეთის“ გაურკვეველი მომავალი

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები

2011 წელს სამეგრელოს ტელეკომპანია „ჯიხა“ (წალენჯიხა) - სტუდიად,  „კოლხეთი-89“ (ჩხოროწყუ) კი საინფორმაციო ცენტრად გადაკეთდა. ორივე ტელეკომპანიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ოჯახი მართავს. მიმდინარე წლის მაისში მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისთვის“ აღნიშნული ტელეკომპანიების სამაუწყებლო ლინცენზიები იყიდა და რეორგანიზაცია დაიწყო. თუმცა განვითარების კონკრეტული გეგმა დღემდე არც ტელევიზიებს აქვთ და არც მათი ლიცენზიის ახალ მფლობელს.

 „ჯიხა“ – „კოლხეთი

ტელეკომპანია „კოლხეთი-89“ ჩხოროწყუს ცენტრში მდებარე ორსართულიანი შენობიდან მაუწებლობს. ტელეკომპანიას მეორე სართულზე რამდენიმე ოთახი უკავია, საიდანაც მხოლოდ ერთია სტუდია, ერთი - სამონტაჟო და ერთიც - ნიუსრუმი.

„კოლხეთი 89“-ს თანამშრომელთა განცხადებით, მედია ცენტრ „ღია აფხაზეთის“ მიერ დაწყებული რეორგანიზაცია პირველ რიგში თანამშრომელთა რაოდენობისა და საინფორმაციო გადაცემების შემცირებაზე აისახა. „კოლხეთი 89“ ხუთ ადამიანს დაატოვებინეს, რის შემდეგაც ტელევიზიაში  მხოლოდ 12 თანამშრომელი მუშაობს.

„საინფორმაციო გამოშვება კვირაში სამჯერ გადიოდა, ახლა მხოლოდ პარასკევსღა ვუშვებთ, საინფორმაციოში  მეღა დავრჩი,“ - ამბობს ელზა შენგელია, რომელიც სიუჟეტებს ამზადებს და შემდეგ გადაცემა თვითონვე მიჰყავს.

„კოლხეთი 89“-ის ეთერში ამჟამად ადგილობრივი წარმოების საინფორმაციო გამოშვებასთან ერთად გადაცემა „ხსოვნა“ გადის, უშვებენ „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ მიერ წარმოებულ ყოველკვირეულ ტელეჟურნალ „მრავალკუთხედს“. დანარჩენი დრო მხატვრულ ფილმებსა და მულტფილმებს უკავია. ახალი წლიდან „აფხაზეთის ხმის“ გადაცემების გაშვებასაც აპირებენ.

რეორგანიზაცია „ჯიხასაც“ შეეხო და თანამშრომელთა შემცირება მათაც მოუწიათ. მაუწყებელი წალენჯიხის ცენტრში სამსართულიან შენობაშია განთავსებული. მართალია, ნაგებობა საკმაოდ მოზრდილია, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ დიდი ხანია არავის გაურემონტებია. მესამე სართულზე სამუსიკო სტუდია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისია, მათ ქვემოთ სხვა ორგანიზაციები მოღვაწეობენ. პირველ სართულზე ბნელი დერეფნის რამდენიმე ოთახი „ჯიხას“ უკავია. მათ მფლობელობაში სტუდია, სამონტაჟო და ნიუსრუმია.

მედია ცენტრმა  აპარატურა უკვე გაუგზავნა „ჯიხას“, რისი მეშვებოთაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტიდან „აფხაზეთის ხმის“ სიგნალის მიღება  და მათი პროდუქციის ეთერში გაშვება. ადგილობრივი წარმოების მხოლოდ 20 წუთიანი საინფორმაციო გადაცემაა, რომელიც ყოველ კვირას გადის, თუმცა დღის განმავლობაში შესაძლოა ხუთწუთიანი „ექსპრესს ახალი ამბებიც“ გავიდეს.

რა ელით ტელეკომპანიებს?

მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისთვის“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა და ლიცენზიების იმგვარად მოდიფიცირება მოითხოვა, რომ პროგრამების გავრცლება თანამგზავრული სისტემების მეშვეობითაც შეძლოს. საკითხის ზეპირი მოსმენა კომისიაში 2011 წლის 30 დეკემბერსაა ჩანიშნული. გაავრცელებს თუ არა მედია ცენტრი სატელიტიდან რადიოსა და ტელემაუწყებლობას  ახალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.

„ღია აფხაზეთისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი დათეშიძემ media.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ტელევიზიის მიმართულება ჯერ განსაზღვრული არ არის.

„შესაძლოა საინფორმაციო გამოშვებებიც იყოს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ალბათ სრულად 2012 წლის სექტემბრიდან დავიწყებთ მაუწყებლობას,“- აღნიშნა დათეშიძემ. მისი თქმით, „ჯიხასთან“ და „კოლხეთი-89“-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ ტელეკომპანიის თანამშრომლები კი ამბობენ, რომ მედია ცენტრის გეგმებზე ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან, რა ელით მომავალში.

„მე ვარ უბრალო წარმომადგენელი, რომელიც წალენჯიხის ტერიტორიაზე „ღია აფხაზეთისთვის“ მაუწყებლობას აწარმოებს, ჩვენი ზემდგომი მედია ცენტრია და რასაც გადაწყვეტს, ისე იქნება“, - ამბობს კახა კვარაცხელია, რომელიც სტუდიად გადაკეთებამდე ტელეკომპანია „ჯიხას“ დირექტორი იყო.

მედია ცენტრის გეგმებზე ინფორმაცია არ აქვთ ტელეკომპანია „კოლხეთი 89“-შიც. უფრო მეტიც, ამ ტელევიზიის თანამშრომლებმა რეალურად ისიც არ იციან, თუ ვინ არის მათი კომპანიის ხელმძღვანელი და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს.

„კოლხეთი 89“-ის ჟურნალისტი ელზა შენგელია ამბობს, რომ ტელეკომპანიის დირექტორის მაკა ყალიჩავას გადაწყვეტიელბას ელიან. „ახლა შვებულებაშია, რომ დაბრუნდება, რასაც გადაწყვეტს ისე იქნება,“ - ამბობს შენგელია. თუმცა, მაკა ყალიჩავა ტელეკომპანიის დირექტორი 2011 წლის მარტიდან აღარ არის. ამ დროიდან საჯარო რეესტრის მიხედვით ტელეკომპანიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე ქობალიას დედა, ემა გრიგოლია მართავს.თავად მაკა ყალიჩვა  ტელეკომპანიაში დაბრუნებას არ აპირებს. მან media.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ უნდა - უკეთესი სამსახური  იპოვოს.

მედია ცენტრი „ღია აფხაზეთი“

მედია ცენტრი „ღია აფხაზეთის“ დამფუძნებლები თეონა გურგენიძე, ნიკოლოზ თარაშვილი, იოსებ კუბლაშვილი და ნინო შენგელია არიან. მათ შორის წილების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში არ არის. მედია ცენტრის დირექტორი - დათო გომართელია. „ღია აფხაზეთს“ თბილისში რადიო „აფხაზეთის ხმა“ და ამავე სახელწოდების ტელევიზია ეკუთვნის, რომელიც საკაბელო ქსელებითა და ინტერნეტით ვრცელდება. მისი პროგრამული ბადე მხატვრული ფილმებითა და სპორტული შეჯიბრებების ტრანსლირებითაა შევსებული.

2011 წლის სექტემბერში „ჯიხასთან“ და „კოლხეთი 89“-სთან ერთად მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთი“ ტელეკომპანია „ოდიშის“ ლიცენზიაც იყიდა. ამის შესახებ ირაკლი დათეშიძემ მაშინ media.ge-სთან საუბრისას განაცხადა. თუმცა ახლა ამ ინფორმაციას არც დათეშიძე ადასტურებს და არც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დაფიქსირებულა რაიმე ცვლილება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test