შემოგვიერთდი

19.12.2011 07:42

ციფრებში გაბნეული მედია

მაია წიკლაური
საუბრები მედიაზე
რეიტინგი IRI (photo: )

„ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?“ – ამ კითხვამ და მასზე გაცემულმა პასუხებმა, რომელიც, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში დაისვა, საზოგადოების ყურადღება, ფაქტობრივად, ჩაყლაპა. არადა IRI-ს კვლევა ამჯერადაც მასშტაბური იყო და, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ქართული მედიისადმი საზოგადოების დამოკიდებულებასაც მოიცავდა. IRI–ის დაკვეთით, კვლევა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ორგანიზაციებმა IPM-მა და "გელაპმა" 27 ოქტომბირდან 1 ნოემბრამდე ჩაატარეს. გამოიკითხა 18 წლის ასაკის ზემოთ 4 ათასი რესპონდენტი. 

კვლევის მიხედვით, პოლიტიკური ინფორმაციის მიღების მთავარ საშუალებას საქართველოს მოსახლეობისთვის ისევ ტელევიზიები წარმოადგენენ. მოსახლეობის 97% მას სწორედ სატელევიზიო ახალი ამბებიდან და გადაცემებიდან იღებს. თითქმის სამჯერ ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც გაზეთებს მიმართავს – 28%. პოლიტიური ინფორმაციის მიღების შემდეგი წყარო საქართველოს მოქალაქეებისთვის ნათესავები და მეგობრები არიან (19%) და მხოლოდ ამის შემდეგ – ინტერნეტი (14%), რადიო (14%) და ჟურნალები (6%).

გამოყენების თვალსაზრისით, ტელევიზია, აშკარად ჯაბნის მედიის დანარჩენ საშუალებებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ, წინა კვლევასთან შედარებით, გაზრდილია პოლიტიკური ინფორმაციის გაზეთებისა (8%–ით) და რადიოდან (2%–ით) მიმღებთა რაოდენობა. იგივეს ვერ ვიტყვით ინტერნეტსა (–1%) და ჟურნალებზე (–4%). კვლევის შედეგები აჩვენებს იმასაც, რომ გაზეთებისადმი მსგავსი მაღალი ინტერესით, საზოგადოება 2007–2008 წლებში გამოირჩეოდა.

პოლიტიკური ინფორმაციის მიღების წყარო, IRI–იმ, თბილისის, ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით გამოიკვლია. თბილისში შემდეგი სურათი დაიდო: ტელევიზია – 96%, გაზეთები – 33%, ინტერნეტი – 26%, რადიო – 17%, ჟურნალები – 5%. ნათესავები და მეგობრები, როგორც პოლიტიკური ინფორმაციის მიღების წყარო, ამ შემთხვევაში, 9%–ით, რადიოსა და ჟურნალებს შორის დგას. ეს იმის მანიშნებელია, რომ ჟურნალების შეძენის სურვილი და/ან შესაძლებლობა ქვეყნის დედაქალაქშიც მეტად დაბალია.

ტელევიზიის საშუალებით ეცნობიან პოლიტიკურ ამბებს ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის მცხოვრებლები, შესაბამისად – 89% და 90%. მეორე ადგილს ამ რეგიონებისთვისაც ნათესავები და მეგობრები იკავებენ (შესაბამისად – 41% და 40%). შემდეგ მოდის: გაზეთები (შესაბამისად – 10% და 20%), ინტერნეტი (შესაბამისად – 7% და 13%), რადიო (შესაბამისად – 4% და 11%), თანამშრომლები (შესაბამისად – 3% და 6%), ჟურნალები (შესაბამისად – 1% და 5%).

სატელევიზიო რეიტინგი

როგორც კვლევა აჩვენებს, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი (მხოლოდ 4%, მაგრამ – მაინც) პოლიტიკური ინფორმაციის მისაღებად ტელეკომპანია „მზეს“ უყურებს. მათზე ნაკლები პროცენტი მიმართავს ამისთვის „რეგიონ ტვ“–ს (2%), „პიკ“–ს (2%), „რეალ ტვ“–ს (1%). 5% უყურებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მე–2 არხს. ყველა უკვე ჩამოთვლილ ტელევიზიაზე მეტი მაყურებელი (8%) აღმოაჩნდა რეგიონულ ტელევიზიებს, რაც ამ, ძირითადად, დაბალშემოსავლიანი და მცირეშტატიანი მედია საშუალებების დაძაბული მუშაობის შედეგადაც უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება ყველაზე ყურებად ტელევიზიებს, პროცენტები ასე განაწილდა: „რუსთავი 2“ – 90%, „იმედი“ – 87%, „პირველი არხი“ – 51%, „მაესტრო“ – 18%, „კავკასია“ – 15%, „აჭარა“ – 12%, საპატრიარქოს ტელევიზია – 8%.   

იგივე ლიდერები იკვეთება ტელევიზიებისადმი ნდობის დიაგრამაში, როგორც მთელი საქართველოს, ისე – თბილისის მასშტაბით. „რუსთავი 2“–ს ენდობა გამოკითხულთა 38% საქართველოსა და 27% თბილისის მასშტაბით, „იმედს“ – შესაბამისად, 25% და 16%. შემდეგ ადგილს, საქართველოს მასშტაბით, 8%–ით – „პირველი არხი“, 7%–ით  „მაესტრო“, 5%–ით  „კავკასია“ იკავებს; თბილისის მასშტაბით კი  15%–ით  „მაესტრო“, 13%–ით „კავკასია“, 7%–ით – „პირველი არხი“. საქათველოსა და თბილისში ერთნაირია ნდობა „აჭარისა“ (1%) და საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხისადმი“ (2%). 3% ენდობა „რეგიონ ტვ“–ს საქართველოს მასშტაბით და 1% „პიკს“ – თბილისში.

როგორც კვლევიდან ჩანს, საქართველოში, ძირითადად, უყურებენ: „კურიერს“ (53%, თუმცა, ენდობა 43%), „ქრონიკას“ (24%, თუმცა, ენდობა 21%), „მოამბეს“ (6%, თუმცა, ენდობა 7%), „უკომენტაროდ“ (6%, თუმცა ენდობა 7%), „დღეს“ (4%, თუმცა, ენდობა 5%). რატომ უყურებენ საქართველოში იმას, რასაც ნაკლებად ენდობიან და პირიქით, ახსნილი, ბუნებრივია, არა არის, თუმცა, მედიისადმი ნდობის საკითხი კვლევაში ცალკეა მოცემული და ჩვენ მას, ვრცლად, ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით.

საგაზეთო რეიტინგი

ყველაზე წაკითხავად გაზეთად, 68%–ით „კვირის პალიტრა დასახელდა, შემდეგ მოდიან: „ასავალ–დასავალი“ – 28%, „ალია“ – 13%, „ქრონიკა“ – 7%, „რეზონანსი“ – 6%, „ახალი თაობა“ – 5%, „გურია ნიუსი“ – 2%, „პრაიმ ტაიმი“ – 2%. ამ დიაგრამაში ყველაზე მეტად საინტერესო ორი ასპექტია. პირველი – რეგიონული გაზეთის, „გურია ნიუსის“ მოხვედრა საერთო ჩამონათვალში, რაც ამ გამოცემის აშკარა პოპულარობაზე მეტყველებს და „პრაიმ ტაიმის“ ბოლო ადგილი, რაც აშკარად არ შეესაბამება ამ გაზეთის მიერ საკუთარი პოზიციონირებისთვის დახარჯულ თანხებს.

ფაქტობირვად, იგივე თანმიმდევრობით ლაგდება გაზეთები ნდობის თვალსაზრისით, თუმცა, გარკვეულ შეუსაბამობას მკითველთა რაოდენობასთან აქაც იპოვით. მაგალითად: „კვირის პალიტრას“ ენდობა 43%, „ასავალ–დასავალს“ – 12%, „ალიას“ – 4%, „ქრონიკას“ – 3%, „რეზონანსს“ – 2%, „ახალი თაობას“ – 2%, „გურია ნიუსს“ – 1%, „საქართველოს რესპუბლიკას“ – 1%. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც გაზეთების, ისე სხვა მედია საშუალებების შემთხვევაში, ჩვენ მოგვყავს მონაცემები, რომელიც მათთან მიმართებაში პირველ რიგშია დასახელებული.

რადიო

კვლევის მიხედვით, რადიოს მომხმარებლებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს „არ დაიდარდო“ (47%, მის ინფორმაციებს ენდობა 6%), „იმედი“ (32%, მის ინფორმაციებს ენდობა 17%), „ფორტუნა“ (17%, მის ინფორმაციებს ენდობა 2%), „ფორტუნა +“ (14%, მის ინფორმაციებს ენდობა 1%), „აფხაზეთის ხმა“ (11%, მის ინფორმაციებს ენდობა 5%), საქართველოს რადიოს პირველი არხი (11%, მის ინფორმაციებს ენდობა 6%), „მწვანე ტალღა“ (6%, მის ინფორმაციებს ენდობა 1%), „უცნობი“ (5%, მის ინფორმაციებს ენდობა 2%), „საქართველოს ხმა“ (5%), „პალიტრა“ (4%, მის ინფორმაციებს ენდობა 1%), „რადიო თავისუფლება“ (3%, მის ინფორმაციებს ენდობა 2%), „რადიო 105“ (3%, მის ინფორმაციებს ენდობა 1%), „ავტო რადიო“ (2%, მის ინფორმაციებს ენდობა 1%), საქართველოს რადიოს მეორე არხი (2%), „თრიალეთი“ (2%, მის ინფორმაციებს ენდობა 1%), „ათინათი“ (2%, მის ინფორმაციებს ენდობა 1%). ამასთან, ნდობის დიაგრამაში, 1%–1%–ით შემოდიან რადიოები – „ოდიში პლუსი“ და „მაესტრო“.      

ინტერნეტი

იქამდე, ვიდრე მედიისადმი გამოკითხულთა ზოგად დამოკიდებულებაზე ვისაუბრებდეთ, ინტერნეტის მოხმარების თვალსაზრისით არსებული მონაცემები განვიხილოთ. კვლევის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტს ყოველდღიურად მხოლოდ 18% მოიხმარს (აქედან 36% თბილისის მკვიდრია), კვირაში 5–6–ჯერ – 20%–24%, 1–2–ჯერ – 30%–35%. კვლევის მიხედვით, ინტერნეტს იყენებს გამოკითხულთა 82%, მეგობრებთან – 11%, სამსახურში – 10%, ინტერნეტ–კაფეში – 3%, ტელეფონის საშუალებით – 1%, სხვა საშუალებით – 0,4%.

საზოგადოების ზოგადი დამოკიდებულება მედიისადმი

გამოკითხულთა მხოლოდ 14% ამბობს, რომ ქართული მედია თავისუფალია პოლიტიკური შეხედულებების გაშუქების თვალსაზრისით და არ განიცდის კონტროლს ხელისუფლებისგან; 38% ამბობს, რომ თავისუფლების ეს ხარისხი ნაწილობრივია; 25% – რომ არ არის მთლად თავისუფალი; 9% – რომ ქართული მედია ამ მხრივ საერთოდ არ არის თავისუფალი; 14%–ს კითხვაზე პასუხი არა აქვს.

გამოკითხულები ქართულ მედიაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გაშუქების ნაკლებობას შემდეგნაირად ხსნიან: ხელისუფლების ზეწოლა – ასე ფიქრობს გამოკითხულთა 65% (რაოდენობა 2%–ითაა გაზრდილი მაისში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ), მედია არ აშუქებს ცუდ ამბებს – 11%, მედია კორუმპირებულია – 5%, სხვა – 0,1%, არ იცის – 18%–მა. 

ამდენად, იქმნება სურათი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობა ხშირად უყურებს, კითხულობს ან უსმენს იმას, რისიც დიდად არ სჯერა და ამას, ალბათ, იგი არჩევანის არარსებობის გამო აკეთებს.    

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test