შემოგვიერთდი

09.12.2011 10:24

რაიონი ერთადერთი გაზეთით და ჯიხურების გარეშე

David Mchedlidze
ჟურნალისტის ჩანაწერები

თბილისიდან წალკისკენ მიმავალი  სამარშრუტო ტაქსი პირველ რეისს დილის 8 საათზე ასრულებს. გადატყავებულ  სავარძლებს შორის,  ნავაჭრით სავსე ფუთებია აღმართული. დიდი სიფრთხილე და სიყოჩაღე გმართებს,  ბარიკადები ისე გადალახო, რომ ბარგის მეპატრონის შენიშვნა და საყვედურნარევი მზერა არ დაიმსახურო. 15 წუთით  ადრე ყველა ადგილი შევსებულია. ორსაათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ წალკაში ვარ.

წალკის ცენტრში  გზა ახალი დაგებულია.  ხალხი ქუჩაში კანტი–კუნტად დადის. პირველი რაც  თვალში მოგხვდება, ბიუსტის გარეშე  დარჩენილ კვარცხლბეგთა სიმრავლეა. საბჭოთა ლიდერთა ძეგლები მოსახლეობამ ნაგავზე 90–იან წლებში მოისროლა.  ერთადერთი, არისტოტელეს ბიუსტი იმზირება  სადგამიდან.

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით წალკის რაიონში მოსახლეობის 80 % ეთნიკური სომხები წარმოადგენენ. თუმცა, ქალაქ წალკაში სვანი და აჭარელი ეკოემიგრანტებიც სახლობენ.  ეთნიკური ბერძნების უმრავლესობამ რეგიონი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში დატოვა.

პრესის ჯიხურებს ამაოდ ვეძებ. წალკაში ერთადერთი ჯიხური ამჟამად აღარ ფუნქციონირებს. „უნდა გაარემონტონ“,  მეუბნებიან ადგილობრივები.

მობილური ტელეფონი რამდენიმე რადიოსიხშირის დაჭერას ახერხებს, თუმცა მოსახლეობაში მედიის ეს სფერო დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.

ციალა პატარაია სოხუმიდან დევნილია. წალკაში აფხაზეთის ომის შემდეგ დასახლდა და ოჯახთან ერთად ქალაქის ცენტრში აფთიაქი გახსნა. პატარაიას ჩემი დანახვა აკვირვებს.

„ჟურნალისტები წალკას მხოლოდ  არჩევნების წინა პერიოდში სტუმრობენ, ისიც მაშინ,  თუ რომელიმე პოლიტიკოსი დააპირებს ხალხთან შეხვედრას“, ამბობს ის.

ციალა პატარაია კვირაში სამ გაზეთს  ყიდულობს: „ქრონიკას“,  „კვირის პალიტრასა“ და „ასავალ–დასავალს.“ გამოცემები მისთვის სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, თბილისიდან ჩამოაქვს.

„ქრონიკასა და „ასავალ–დასავალში“ პოლიტიკურ თემებს ვკითხულობ. მინდა გავიგო, როდის დამაბრუნებენ აფხაზეთში, თუმცა ამაზე პასუხს ვერ ვიღებ. „კვირის პალიტრაში“ ძირიდათად ჯანმრთელობის რუბრიკას ვეცნობი. პრესის  შეძენა ძვირი მიჯდება, რისი საშუალებაც ბევრს არ აქვს.  გაზეთის მთხოვნელთა რიგი მიდგას ხოლმე“, ამბობს პატარაია. ის თავის  აფთიაქში,  წამლებთან ერთად,  ადგილობრივ გაზეთს „თრიალეთის ექსპრესსაც“ ყიდის.

„ყიდვით ნაკლებად ყიდულობენ, უფასოდ წაღება კი უნდათ“ ,  მეუბნება აფთიაქარი.

„თრიალეთის ექსპრესი“ (ყოფილი „წალკის უწყებანი“) 2001 წელს დაარსდა. გაზეთი 1000–იანი

ტირაჟით თვეში ერთხელ იბეჭდება  და ძირითადად ხელმომწერებზე  ვრცელდება. მათი რაოდენობა 500 –ია.  სტატიები სომხურ ენაზეც  ითარგმნება. ექვსგვერდიანი გაზეთის ღირებულება  50 თეთრია.  „თრიალეთის ექსპრესში“ 5 ჟურნალისტი მუშაობს.

„შემოსავალს ძირითადად განცხადებებისა და საკრებულოს მიერ გამოცხადებული ტენდერების დაბეჭდვით ვიღებდით. გასულ წელს  ფონდმა „ღია საზოგადოება–საქართველომაც დაგვაფინანსა“, მეუბნება გაზეთის მთავარი რედაქტორი ნაზი  მეშველიანი.

2011 წელს გაზეთმა IREX–ის გრანტი მიიღო, რომლის ფარგლებშიც რედაქციამ კომპიუტერული ტექნიკა შეიძინა და საოფისე ფართი დაიქირავა. იგეგმება გაზეთისათვის ვებ–გვერდის შექმნაც.

„თეთრიწყაროში ერთი ჟურნალისტი ავიყვანე და ვინაიდან წალკის ფარგლებს გავცდით, ამიტომ გაზეთს  „თრიალეთის ექსპრესი“ გადავარქვით“,  ამბობს  ნაზი მეშველიანი.

წალკაში სტამბის არარსებობის გამო „თრიალეთის ექსპრესი“  თბილისში იბეჭდება და რეგიონში შემდეგ იგზავნება.

„თავიდან, როდესაც გაზეთის გამოშვება დავიწყეთ, იმის ფულიც არ მქონდა, რომ რეგიონში ჩამეტანა. თბილისი–წალკის სამარშრუტო ხაზის მეპატრონის წყალობით რამდენიმე წელი უფასოდ ვმგზავრობდი“,_იხსენებს მეშველიანი.

 „გვინდოდა შეგვექმნა გამოცემა და ადგილობრივებისათვის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცის მიგვეწოდებინა“_ამბობს „თრიალეთის ექსპრესის“  ერთ–ერთი რედაქტორი   დავით ფარჯიანი, რომელიც ამავდროულად ადგილობრივი სკოლის დირექტორია.

ნაზი მეშველიანის თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან საჯარო ინფორმაციის მიღება არ უჭირთ.

„თუმცა, იყო შემთხვევა მუნიციპალიტეტის თანამშრომელი სამსახურიდან იმის გამო გაუთავისუფლებიათ, რომ  ჩვენ კომენტარი მოგვცა“, გაზეთის გამომცემელი.

„მკითხველი ხშირად გვიკავშირდება,  რედაქციაშიც მოდიან და პრობლემებზე გვესაუბრებიან. ვცდილობთ,  ყველა პრობლემა გავაშუქოთ“,  მეუბნება „თრიალეთის ექსპრესის“ ჟურნალისტი ვიოლა უშხვანი.

წალკაში ყველა ოჯახს  სატელიტური ანტენა აქვს დამონტაჟებული და მოსახლეობას,   ქართულის გარდა,  ხელი რუსულ და სომხურ საინფორმაციო საშუალებებზეც მოუწვდება.

„ყველა ქართული არხის საინფორმაციო ერთმანეთს ჰგავს. თუმცა მე მაინც „პირველ არხს“ ვენდობი. ერთადერთი მანდ შემორჩა პოლიტიკური ტოქშოუები, სხვაგან გართობის მეტს ვერაფერს ნახავ“,  წუხს 48 წლის ზვიად გულედანი.

წალკის „ინტერნეტკაფეს“ ინტერნეტის არარსებობის გამო ფუნქცია აქვს დაკარგული და მას ადგილობრივი მოზარდები  მხოლოდ ქსელური თამაშებისთვის სტუმრობენ. ქალაქში ინტერნეტზე ხელი ბევრს არ მიუწვდება. მცირე ნაწილი ერთ–ერთი  მობილური ოპერატორის მოდემს იყენებს.

სოფელი  დაშბაში წალკასთან ახლოს მდებარეობს და ეთნიკური სომხებითაა დასახლებული. მათი დიდი ნაწილი  ქართულ ენას  კარგად ფლობს. წალკის მსგავსად, ყველა სახლის სახურავზე სატელიტური ანტენაა დამონტაჟებული.

„ქართულ არხებზე  საინფორმაციო გამოშვებებს   ვუყურებ. მაინტერესებს ქვეყანაში რა ხდება. თუმცა,   ძირითადად ტელევიზორში სომხური არხი მაქვს ჩართული,   _მეუბნება ლეილა აკოფიანი.

დაშბაშელებამდე  პრესა არ აღწევს, თუმცა არმან ასტატურიანს ეს ფაქტი სულაც არ აწუხებს.

„სოფლის მოსახლეობა თავს მიწაზე მუშაობით ირჩენს. იმის დრო არ მაქვს, რომ გაზეთები ვიკითხო“.

იგივე მდგომარეობაა სოფელ ტბეთში.   მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოჯახს სატელიტურ ანტენაზე ხელი მიუწვდება, ქართული არხები აქ ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. მიზეზი სახელმწიფო ენის არცოდნაა.  მოსახლეობას სხვა პრობლემა აქვს. ტბეთელების საზრუნავი ახლა  ზამთრის მკაცრ კლიმატთან გამკლავებაა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test