შემოგვიერთდი

11.07.2009 20:00

15 წელი “კავკასიასთან" ერთად

David Mchedlidze
ახლო ხედით

"ჩვენ მაყურებელს ვაწვდით მხოლოდ ფაქტებს და თავად ვუტოვებთ შეფასების უფლებას. ჩვენთვის არ არსებობს ტაბუდადებული და აკრძალული თემები", – ასეთია ტელეკომპანია "კავკასიის" დევიზი. ტელეკომპანია "კავკასია" 1994 წელს დაარსდა და პირველად იმავე წლის 21 ივნისს გავიდა ეთერში. როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, "კავკასია" ერთი ადამიანის, დავით აქუბარდიას, იდეით შეიქმნა. ტელეარხს ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სირთულის გადატანა მოუხდა. ტელეკომპანია 2007 წლის აგვისტოში აიძულეს, რომ ოფისი დაეცალა და სხვა მისამართზე გადასულიყო. "კავკასია" 2007 წლის შვიდ ნოემბერს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ხელისუფლების ბრძანებით, ეთერიდან გათიშეს, ისე რომ მიზეზი არ დაუსახელებიათ. პრობლემები იყო შარშან ზაფხულშიც. როგორც ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, ხელისუფლების ზეწოლის გამო არაერთმა ბიზნესმენმა მათთან სარეკლამო კონტრაქტი გაწყვიტა, რასაც 2008 წლის აგვისტოს ომიც დაერთო. "კავკასიას" საერთო მაუწყებლობის ლიცენზია აქვს. ტელეკომპანია მაუწყებლობს თბილისში, რუსთავში და კახეთის ნაწილსაც ფარავს. მისი დამფუძნებელია დავით აქუბარდია და როგორც ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, მას და დავით აქუბარდიას წილების თანაბარი რაოდენობა ეკუთვნით. რაც შეეხება გადაცემებს, ეთერში, ყოველდღე, 6 საინფორმაციო გამოშვება გადის, ასევე, ორი პოლიტიკური ტოქშოუ: "ბარიერი" სამშაბათსა და პარასკევს გადის ეთერში, ხოლო "სტუდია სპექტრი" - ყოველ სამუშაო დღეს. ტელეკომპანია ორშაბათობით მაყურებელს პრესის მიმოხილვით გადაცემა "პრესექსპრესს" სთავაზობს, ხოლო კვირაობით სტუდია "GNS"-ის მომზადებულ სინფორმაციო-ანალიტიკურ "კვირის რეპორტაჟს". "კავკასია" საერთო რეიტინგის მიხედვით ლიდერი ნამდვილად არ არის, რადგან მაყურებელს გასართობი პროგრამებით ვერ ანებივრებს. თუმცა, ნინო ჯანგირაშვილის თქმით, ტელეკომპანიის ცაკლეული გადაცემები დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგალითად, პოლიტიკურ ტოქშოუები.

"24-საათიან რეიტინგს სხვა რამ განაპირობებს, ვგულისხმობ სერიალებს და გასართობ პროგრამებს, რასაც ჩვენს ეთერში ვერ ნახავთ", – ამბობს ჯანგირაშვილი. ხელისუფლებასთან დამოკიდებულება შეიძლება ითქვას "კავკასიის" ისტორიას ცუდ მოგონებად გასდევს. როგორც საინფრმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, ხელისუფლების წარმომადგენლები, იმ პრინციპით რომ ვინც მათთან არ არის, ის მათი მტერია, წლების განმავლობაში უარს ამბობდნენ "კავკასიის" გადაცემებში მონაწილეობაზე და მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეა ეს "აგდებული დამოკიდებულება" შეცვალეს და ბოიკოტი მოხსნეს. თუმცა, ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე კვლავაც უარს ამბობს ტელეკომპანიასთან თანამშრომლობაზე.

ტოქშოუ "ბარიერის" წამყვანი ალეკო ელისაშვილიც ამბობს, რომ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლების მიწვევა სურთ, მმართველი პარტიის ("ნაციონალური მოძრაობა") პრესცენტრს უკავშირდებიან და ისინი წყვეტენ თუ ვინ იქნება მათგან რესპოდენტი. "ოპოზიციასთან დაკავშირებით პრობლემა არაა, თუმცა რამდენიმე ლიდერი არ ჯდება ყველას პირისპირ", – ამბობს ელისაშვილი. მისი თქმით, "ბარიერი" პოლიტიკურ პროცესებზე დამოკიდებული გადაცემაა და თემების შერჩევაც აქტუალობის მიხედვით ხდება.

"ბალანსს რაც შეეხება, ეს არაა ჩემი თვითმიზანი. ჩვენ ვურეკავთ ხელისუფლებას და მოვლენ თუ არა, ეს მათი პრობლემაა. ჩემი მიზანია, რომ მოვიწვიო", – ამბობს ელისაშვილი, რომელიც ასევე დასძენს, რომ ის არ არის ნეიტრალური და ობიექტური, რადგან მისი თქმით, შეფასებით ჟურნალისტიკაში ობიექტურობის დაცვა ძნელია. "ჩვენთან ჟურნალისტური სტერეოტიპები მცდარია. არავინ მავალდებულებს ვიყო ობიექტური, მე ვარ სუბიექტი, რომელსაც ჩემი მოსაზრებები მაქვს. თუ ვინმეს არ სურს უყუროს ჩემს გადაცემას, გადართოს სხვა არხზე", – ამბობს ჟურნალისტი. "კავკასია" ადამიანური და ტექნიკური რესურსების სიმცირეს განიცდის, ამიტომ საინფორმაციო გამოშვებებში, ძირითადად, დღის ყველაზე მთავარი და აქტუალური თემები შუქდება.

რაც შეეხება ახალ სატელევიზიო სეზონთან დაკავშირებულ გეგმებს, ნინო ჯანგირაშვილი ამ თემაზე დეტალური საუბრისგან თავს იკავებს. იმის გამო, რომ, როგორც თავად ამბობს, გეგმების წინასწარ გახმაურება ცუდად აქვს დაცდილი. მისი თქმით, შარშან, როდესაც ახალი პროექტების შესახებ გამოაცხადეს, ხელისუფლების ზეწოლით ბიზნესმენებმა ჯერ სარეკლამო კონტრაქტები შეუწყვიტეს, და შემდეგ უკვე, აგვისტოს ომიც დაიწყო. ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ბიზნესმენებზე ზეწოლა დღემდე გრძელდება.

"გვაქვს რამდენიმე პროექტი, ერთ-ერთია არასტანდარტული ფორმატის საზოგადოებრივ-პოლიტკური ტოქშოუ, რომელიც აუცილებლად გავა ეთერში. ასევე, გვსურს არაგასართობი გადაცემების შეძენა, თუმცა ეს დამოკიდებულია ფინანსებზე",- ამბობს ჯანგირაშვილი, რომლის თქმითაც, "კავკასიის" შემოსავლის ერთად-ერთი წყაროა რეკლამა. ტელეკომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იცვლება და ბევრად ჩამორჩება სხვა თბილისურ ტელეარხებში მომუშავეთა რაოდენობას. ტელეკომპანია თანამშრომლობს რამდენიმე დამოუკიდებელ სტუდიასთან. მათ შორის, GNS"-თან და სტუდია "მონიტორთან".GNS" საკვირაო გადაცემაში ისეთ თემებს აშუქებს, რომელიც სხვა თბილისურ არხებზე ტაბუირებილია, სტუდია "მონიტორი" კი რეზონანსულ საქმეებზე საგამოძიებო ფილმების მომზადებით არის დაკავებული.

გიორგი ფუტკარაძე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test