შემოგვიერთდი

01.07.2009 20:00

რადიო „კომერსანტი“

David Mchedlidze
ახლო ხედით

პირველი ბიზნესრადიო "კომერსანტი" (FM 95.5), რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია ეთერშია, სექტემბრიდან მსმენელების წინაშე ახალი და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება.

აგვისტოში კი რადიო "კომერსანტი" ერთი წლის ხდება და ამ თარიღის აღსანიშნავად, მაუწყებლობა ჯერ ბათუმში, ხოლო შემდეგ კი ქუთაისში გავრცელდება. ასევე, დაგეგმილია კახეთის მიმართულებით მაუწყებლობის გაფართოება. რეგიონებში მაუწყებლობისთვის რადიო "კომერსანტი" ახალი ლიცენზიების მოპოვებას აპირებს.

რადიო, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა თემატურ მედია–საშუალებებში. როგორც "კომერსანტის" კომერციული დირექტორი გოგა სამუშია ამბობს, გამომდინარე იქიდან, რომ "კომერსანტი" მასობრივი რადიო არ არის, რეიტინგებში არ მონაწილეობენ, თუმცა თემატურ მედია–საშუალებებში მოწინავე პოზიციებზე არიან.

რაც შეეხება გადაცემებს – "პირველები პირველ ბიზნეს FM "–ზე, კონტროლის პალატასთან ერთად გადაცემა "ბიუჯეტის სადარაჯოზე", "ეკონომიკა პლიუსი", "FM ვოიაჟი" ტურიზმზე, "ხარისხის ნიშანი" ქართულ ხარისხთან ერთად, "ავტორნადო" და სხვადასხვა ბიზნეს–რუბრიკა, ყოველ საათში სამ საინფორმაციო გამოშვებასთან ერთად, "კომერსანტის" ეთერის განუყოფელი ნაწილია.

შემოსავლის ძირითადი წყარო, რადიოს კომერციული დირექოტორის თქმით, რეკლამებია, რომლის ნაკლებობასაც არ უჩივიან. "კომერსანტის" დამფუძნებელი საინვესტიციო კომპანია "ირაო ინვესტ ჯგუფია" და რადიოს 100% - იანი წილიც სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის.

"თავიდან დავიწყეთ სარეკლამო გაზეთით "ხელიდან ხელში", მეორე პროექტი იყო გაზეთი ",ახალი კომერსანტი", რადგან ეკონომიკური გამოცემის ნიშა თავისუფალი იყო, თუმცა, გამომდინარე მედია გარემოს ცვალებადობიდან, გაჩნდა რადიოს შექმნის იდეა, რომელიც აგვისტოში ერთი წლის ხდება", ამბობს გოგა სამუშია.

მისი თქმით, ეკონომიკურ პროფილზე ორიენტირებული რადიო იმის გამო გაკეთდა, რომ არ იყო მსგავსი მედიაპროდუქტი და განვითარებადი ბიზნესის პირობებში საკამოდ მომგებიანიცაა და საქმიანობის კუთხით საინტერესოც.

რაც შეეხება "კომერსანტის" აუდიტორიას, გოგა სამუშია ამბობს, რომ მათი მსმენელი ყველა ის ადამიანია, რომელსაც აინტერესებს საქმე, აქვს ბიზნესი ან ფიქრობს ამ მიმართულებით განვითარებაზე. ხოლო "კომერსანტი" კი ცდილობს მსმენელს მაქსიმალურად დინამიურ რეჟიმში მიაწოდოს საქრთველოს ეკონომიკური ცხოვრების ამსახველი ყველა ინფორმაცია.

"საინფორმაციო გამოშვება გადის საათში სამჯერ, მიმოვიხილავთ საქართველოს და უცხოეთის ბიზნესსიახლეებს. მთავარია, რომ ჩვენ არ ველოდებით მოვლენების განვითარებას და თავად ვქმნით ამ სფეროში ახალ ამბებს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", ამბობს სამუშია.

მისი თქმით, "კომერსანტი" მსმენელს ძალიან ბევრი ექსკლუზიური ინფორმაციით ანებივრებს და იმის გამო, რომ რადიოს ორიენტაცია სწორედ ბიზნესისკენაა აღებული, წამყვანი ბიზნესკომპანიები პირველად სწორედ მათ აწვდიან ახალ ამბებს.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან დამოკიდებულებას, "კომერსანტის" კომერციული დირექტორის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან პრობლემები ჯერ არ ჰქონიათ, რამდენადაც "კომერსანტის" ეთერში ეკონომიკური თემები დომინირებს.

"უახლოესი მომავლის პერსპექტივაა, რომ გარდა თბილისისა, რომელსაც მთლიანად ვფარავთ, აღმოსავლეთის მიმართულებით გავფართოვდეთ - ჩავრთოთ სიღნაღი. შემდეგ, აგვისტოში ან ცოტა უფრო ადრე, ჩვენი ეთერი გავრცელდეს დასავლეთით და მოიცვას ბათუმი და ქუთაისი. "კომერსანტი" არ არის მასობრივი რადიო, ამიტომ გათვლა ყველა სოფელსა თუ ქალაქზე არ გვაქვს, თუმცა, სადაც ეკონომიკური აქტივობაა და დოვლათი იქმნება, ჩვენც იქ ვიქნებით", ამბობს რადიოს კომერციული დირექტორი.

გიორგი ფუტკარაძე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test