შემოგვიერთდი

10.06.2009 20:00

„გაზეთი ბათუმელები”

David Mchedlidze
ახლო ხედით

"შენ გაქვს უფლება იცოდე" - "გაზეთი ბათუმელები"-ს სლოგანია. რეგიონალური გაზეთი 2300 ტირაჟით კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით, გამოდის და მთელს აჭარაში ვრცელდება. "ბათუმელები" აჭარის უკიდურეს სოფლებშიც აღწევს. გაზეთის 95% ხელმომწერებზე ვრცელდება, რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო ქსელის საშუალებით, რომელიც სააბონენტო სისტემით მუშაობს.

ორგანიზაციაში ხელშეკრულებით 80 ადამიანია დაკავებული და მათი უმრავლესობა, 65 თანამშრომელი, დისტრიბუციის განხრით მუშაობს. შპს-მ "გაზეთი ბათუმელები" გამოცემა 2001 წელს დაარსა. ოფისი ქალაქის ცენტრში, მემედ აბაშიძის№ 48 მდებარეობს, ტელ: (888)(222)74512/312 46. რედაქციას შენობაში ორი სართული უკავია. ოფისი, 2007 წელს, ფონდ "ღია საზოგადოება - ბუდაპეშტის" ოფისის ნაწილობრივი დაფინანსებით შეიძინეს.

2008 წლის დასაწყისში გაზეთის "რებრენდინგი" მოხდა, შეიცვალა ლოგო, ფორმატი და გვერდების რაოდენობა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ "ბათუმელების" ტირაჟი განახევრდა და მერყეობს 2500-დან 2300-მდე, გვერდების რაოდენობა 24-დან 16-მდე შემცირდა. 30%-დან 5%-ზე დაეცა სარეკლამო შემოსავალიც.

"გაზეთ ბათუმელები"-ს მთავარი, ბოლო და შუა გვერდები ფერადია. გაზეთი თემების მიხედვით რუბრიკებად იყოფა (ათზე მეტი რუბრიკა). იბეჭდება სტატიები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და სხვა თემებზე. "ბათუმელები"იბიჭდება თბილისში, შპს "MVP"-ს სტამბაში. რედაქციას სტამბის 30 ათას ლარიანი დავალიანება აქვს. გაზეთის მენეჯერის მზია ამაღლობელის თქმით, დავალიანების არსებობა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ხელმომწერთა რიცხვის შემცირებამ გამოიწვია. "არის რამდენიმე სოფელი, სადაც 80 ხელმომწერიდან 10 დარჩა, ამ ეტაპზე სადისტიბუციო ქსელს იმედის ხარჯზე ვამუშავებთ. მარკეტინგის სამსახური მუდამ ფიქრობს და მუშაობს იმაზე, თუ რა დამატებითი მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს, რომ კვლავ აღვადგინოთ ხელმომწერეთა რაოდენობა", - ამბობს ამაღლობელი.

სწორედ, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე და ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, გაზეთის მარკეტინგის სამსახურმა დამოუკიდებელი პროდუქტი, გაზეთი "რია-რია", გამოსცა. "რია-რია" საბავშვო გამოცემაა, თვეში ერთხელ ვრცელდება და მისი ფასი 3 ლარია. გაზეთის ყველა გვერდი სარეკლამო სტატიებს ეთმობა.

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები "ბათუმელებ"-ში ჩანართს ავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ ამ და სხვა ტიპის, სარეკლამო სტატიებს გაზეთის სარედაქციო განყოფილების ჟურნალისტები არ ამზადებენ. რეიტინგის დასადგენად "ბათუმელები" -ის მფლობელები წელიწადში ერთხელ კვლევებს სიციოლოგიურ ცენტრ BCG-ს უკვეთავენ. 6 თვის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რეგიონში გაზეთი "ბათუმელები" რეიტინგით მხოლოდ "კვირის პალიტრას" ჩამორჩება. მომხმარებლის ინტერესების დასადგენად რედაქცია ხშირად შიდა კვლევებსაც აწარმოებს. მკითხველთა უმრავლესობის თხოვნის გათვალისწინებით, "ბათუმელები"-ის ჟურნალისტები ახალ რუბრიკაზე მუშაობენ. "კულტურული მემკვიდრეობა", - ეს იქნება რუბრიკის სათაური და მისი პრეზენტაცია, სავარაუდოდ, 20 ივნისს გაიმართება.

გაზეთის მუდმივი პარტნიორია "მედია სესხების განვითარების" ფონდი, რომლის დახმარებით რედაქციის თანამშრომლებს მენეჯმენტში ტრენინგები უტარდებათ. ფონდისა და რედაქციის ერთობლივი მუშაობით 2007 წელს ეთიკური კოდექსი შემუშავდა, რომლითაც "ბათუმელების" ჟურნალისტები მუშაობის დროს ხელმძღვანელობენ. გაზეთის ვებ-გვერდის (www. batumelebi.ge) მუშაობა აჟამად შეჩერებულია. სავარაუდოდ, ორ კვირაში შპს "გაზეთი ბათულმელები" ახალ ნაციონალურ ინტერნეტ-პროექტს განახორცილებს, რომელიც ყოველდღიურად განახლდება. გაზეთ "ბათუმელების" სტატიების ელექტრონული ვერსია კი ყოველკვირეულად გამოქვეყნდება.

"ბათუმელები"-ს ჟურნალისტები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში და იმარჯვებენ კიდეც. მიმდინარე წლის მაისში ნორვეგიის გამოხატვის თავისუფლების ფონდმა (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულმა ფონდმა "ცაიტ" (ZEIT Foundation) გაზეთი "ბათუმელები" დააჯილდოვა პრიზით , 30 ათასი ევროს ოდენობით. პრიზი ყოველწლიურად გაიცემა იმ ბეჭდურ მედიაზე, რომელიც დამოუკიდებლობას ინარჩუნებს რეპრესიებისა და ფინანსური სიძნელეების პირობებში, არ ემორჩილება ცენზურას და არ გააჩნია თვითცენზურა. რედაქციის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მიღებული თანხის დიდი ნაწილი თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს მოხმარდება.

"ბათუმელები" და ადგილობრივი ხელისუფლება

ყველაზე მეტი დაბრკოლება რედაქციის ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას ხვდებათ. "ხელისუფლების წარმომადგენელთათვის, მგონი, მარგინალები ვართ", - ამბობს მენეჯერი მზია ამაღლობელი და აქვე დასძენს, - "ვთქვი, რომ არასდროს არ დავიწუწუნებ ამ საკითხზე, იმ ფონზე, როგორ დევნიან ჟურნალისტებს აზერბაიჯანში, სომხეთში, როცა გვახსოვს აბაშიძის (ასლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაური, რომელიც ავტონომიის მოსახლოების პროტესტისა და "ვარდების რევოლუციის" ავტორთა ზეწოლის შედეგად 2004 წლის მაისში თანამდებობიდან გადადგა და რუსეთში გაემგზავრა-რედ.) პერიოდში რა სირთულეებს ვაწყდებოდით: იყო მუდმივი მუქარა; ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს; თუ ვინმე გადიოდა რედაქციიდან, ნაცემი ბრუნდებოდა. როცა ეს ყველაფერი გამოცდილი გაქვს, ბუნებრივია, საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს სირთულედ ვეღარ აღიქვამ", - ამბობს გაზეთის მენეჯერი.

თუმცა, მუქარა ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც არა ერთხელ ყოფილა. 2008 წლის 2 ივნისს გაზეთის ვებ-გვერდი დააზიანეს, ვირუსებმა რედაქციის ყველა კომპიუტერში შეაღწია. ამის შემდეგ, გაზეთის მთავარი რედაქტორს, ეთერ თურაძეს, და ჟურნალისტს ელექტრონულ მისამართზე მუქარის წერილები მიუვიდათ.

ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. "მაშინ როცა დაემუქრნენ 1 არხის ხელმძღვანელს, ამ საქმის გახსნა ორ დღეში მოხერხდა, ჩვენს შემთხვევაში კი საქმის გამოძიება ჭიანურდება", - ჩივის გაზეთის მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე. ზეწოლა იყო ასევე გაზეთის ჟურნალისტზე, რომელმაც ბათუმში ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე განხორცილებული სპეცოპერაციის ამსახველი კადრების ფოტო აპარატით გადაღება სცადა. თურაძის თქმით, ჟურნალისტი წაიყვანეს "სოდ"-ის თანამშრომლებმა და 30 წუთის განმავლობაში სიტყვიერ შეურაწყოფას აყენებდნენ."ამ ფაქტზე საქმე უნდა აღძრულიყო, უნდა დაეკითხათ ჟურნალისტი, თუმცა კანონი დაირღვა. ჩვენ არა ერთხელ მივმართეთ აჭარისა და გენერალურ პროკურატურას, თუმცა ამ შემთხვევაშიც უშედეგოდ", - ამბობს ეთერ თურაძე.

თინათინ ცისკარიძე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test