შემოგვიერთდი

08.11.2005 20:00

1. ტელეკომპანია „202“

David Mchedlidze
ახლო ხედით

დაახლოებით ორი კვირის წინ ტელეკომპანია "202"-ის გადაცემა "დებატების" მიმდინარეობის დროს სტუდიაში მამაკაცმა დარეკა და "დებატების" წამყვანს "202"-ის წარმატების შესახებ აუწყა - ქართული ტელეკომპანია უკრაინაში ჩატარებული ჟურნალისტიკის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ეს ცნობა "დებატების" წამყვანისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: დაბნეულმა მხოლოდ მადლობის გადახდა მოახერხა, მაყურებელს კი "202" გამარჯვების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდებას სამომავლოდ დაჰპირდა.

16-21 ოქტომბერს, უკრაინაში, საკურორტო ქალაქ სვალიავაში, ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალზე "რწმენა. იმედი. სიყვარული"ტელეკომპანია "202" "წლის საუკეთესო ტელეკომპანიად" დაასახელეა. მამაკაცი, რომელმაც "202" სტუდიაში დარეკა და ტელეკომპანიას ეს წარმატება აცნობა თავისუფალი ფოტოჟურნალისტი ირაკლი კორძაია აღმოჩნდა. ფესტივალის დიპლომი და გრან-პრი "ჭეშმარიტება" (ფრთებიანი ქალის ბრინჯაოს მომცრო ქანდაკება) თბილისში მან ჩამოიტანა და "202" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი კოხრეიძეს გადასცა.

ცოტა რამ თავად ამ ფესტივალის შესახებ: წელს, იგი მეათედ ჩატარდა. მასში, ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მედიაორგანიზაციები მონაწილეობენ. "წლის საუკეთესო ტელეკომპანიის" გარდა, კონკურსი კიდევ ოთხ ნომინაციაში იმართება: წლის საუკეთესო გაზეთი, ჟურნალი, რადიო და სააგენტო.

2004 წელს ფესტივალზე "წლის საუკეთესო ტელეკომპანიად" რუსული "НТВ" დაასახელეს. ტელეკომპანია "202" ფესტივალის ნომინანტად ქართულმა "ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ" დაასახელა. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზვიად ფოჩხუა ფესტივალის ჟიურის წევრი იყო.

ზვიად ფოჩხუა: "ფესტივალის ორგანიზატორები კონკურსის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაგვიკავშირდნენ, ფესტივალზე მიგვიწვიეს, და თან საქართველოდან ნომინანტი ტელეკომპანიის დასახელება გვთხოვეს . დროის სიმცირის გამო ფართე გამოკითხვის საშუალება არ მოგვეცა. საბოლოოდ "202"-ზე შევჩერდით, რადგან ის, ქართულ ტელეკომპანიებს შორის დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი ხარისხით გამოირჩევა".

ზვიად ფოჩხუას თქმით, "202"-მა დაახლოებით 30 ტელეკომპანიას შორის გაიმარჯვა. "პრიზის გადაცემა ტელეკომპანია "202"-სთვის საზეიმო ვითარებაში გვინდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა, რადგან პრიზი ტელეკომპანიაში ირაკლი კორძაიამ მიიტანა, ისე, რომ ჩვენთვის არაფერი უცნობებია".

ტელაკომპანია "202" უკრაინაში, ფესტივალზე ნომინანტად თუ იყო წარდგენილი არც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კოხრეიძემ იცოდა.

გიორგი კოხრეიძე:ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გავიმარჯვეთ. თავისუფალი სიტყვა დააფასეს. ჩვენი ხელისუფლება სწორედ თავისუფალი სიტყვის გამო გვებრძვის.

* * *

ტელეკომპანია "202"-მა მაუწყებლობა 2003 წელს დაიწყო. 24-საათიანი საეთერო ბადის ძირითადი ნაწილი მუსიკალური გადაცემებისაგან შედგება, თუმცა კვირაში 5-ჯერ, საღამოს ეთერში 90 წუთიანი თოქ-შოუ "დებატები" გადის, სადაც ძირითადად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს იწვევენ.

ტელეკომპანიის რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს. ერთი მათგანი, ვაჟა კილაძე საქართველოს პარლამენტის წევრია, ხოლო ორი: შალვა რამიშვილი (ჟურნალისტი, პროდიუსერი, გადაცემა "დებატების" წამყვანი) და დავით კოხრეიძე (გიორგი კოხრეიძის ძმა), 2 თვეზე მეტია დაკავებულები არიან და სასამართლოს განაჩენს ელოდებიან. ისინი გამოძიებამ პარლამენტარ კობა ბექაურისთვის 30 ათასი დოლარის გამოძალვაში დაადანაშაულა, მთავარი მტკიცებულება ბექაურის ჩვენება და ფარული კამერით გადაღებული შს სამინისტროს ოპერატიული მასალაა. მასში ჩანს, რომ შალვა რამიშვილი ბექაურისგან, მაკომპრომეტირებელი ჟურნალისტური გამოძიების ეთერში არგაშვების სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას იღებს.

გიორგი კოხრეიძე: ფარული ჩანაწერში არ ჩანს, რომ შალვამ ვინმეს ფული გამოსძალა, აბსოლუტურად არ ჩანს. შალვა თავის ჩვენებაშიც ადასტურებს ამას.

- გამოძიება უკვე დასრულდა. განსასჯელებს საბრალდებო დასკვნა ოფიციალურად წარუდგინეს, რას აპირებენ ადვოკატები?

- გამოძიება ზეწოლის ქვეშ, ტენდენციურად ჩატარდა. საბრალდებო დასკვნა გამოძიების იგივე ორგანოებში გასაჩივრდება, შემდეგ გენპროკურატურაში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, პასუხები უარყოფითი იქნება და, რომ საქმე სასამართლომდე მივა. იქ ვიტყვით მთელ სიმართლეს.

- რას გულისხმობთ?

- გამოძიების დასრულებამდე დუმილი ვარჩიეთ, არ გვინდოდა მისი ყველა დეტალი სააშკარაოზე გამოგვეტანა. ამით ვიღაცეებმა ისარგებლეს და გამოძიებაზე ზეწოლა მოახდინეს. ამის დამადასტურებელი ფაქტებიცა გვაქვს.

-კარგით! მოდით "202" დავუბრუნდეთ. ამბობენ, ტელეკომპანიაში სიახლეებია მოსალოდნელი, თუმცა, "202"-ის საეთერო ბადეს სიახლეების არაფერი ეტყობა.

- "202" მაყურებლის წინაშე, სულ მალე, ახალი პროგრამებით წარსდგება, სრულიად ახალი ბადე იქმნება.

- რა პროგრამებზე საუბრობთ?

- იქნება თოქ-შოუები, საინფორმაციო ტიპის გადაცემებიც, მაგრამ არა იმ სახის, სხვა ტელეკომპანიებს რომ აქვთ და რომელსაც მაყურებელი მიეჩვია.

- ახალ საეთერო ბადეში "დარდუბალაც" იქნება?

- დიახ. "დარდუბალას" გაშვებას აქამდეც ვფიქრობდით. ბოლოს გადავწყვიტეთ სხვა პროგრამებთან ერთად გაგვეშვა. რამდენიმე სერია უკვე მზად არის.

("დარდუბალა" პირველად 2000 წელს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გამოჩნდა და იმთავითვე პოპულარული გახდა. "დარდუბალას" პროდიუსერ შალვა რამიშვილს პოლიტიკურ-სატირული ჟანრის ნახატ ფილმში, მთავარ პერსონაჟად პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ჰყავდა გამოყვანილი. ახალი მულტსერიალის მთავარი პერსონაჟი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება).

- თქვენი ტელეკომპანიის ეთერში რეკლამები პრაქტიკულად არ არის. რა არის ამის მიზეზი?

- "202" ხელისუფლებასთან ყოველთვის ჰქონდა პრობლემა, "ვარდების რევოლუციამდე" და მას შემდეგაც. ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას ოპოზიციურ აზრთან აიგივებს. ამიტომაც, ბიზნესმენები ერიდებიან ჩვენთან ურთიერთობას, არ უნდათ ხელისუფლებისგან ზედმეტი პრობლემები შეექმნათ.

- ჩვენი ინფორმაციით, გერმანიაში მოღვაწე ერთ-ერთი ამერიკელი ბიზნესმენი "202"- ის ყიდვას აპირებს. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- კონკრეტულ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ვადასტურებ, რომ "202"-მა პარტნიორთა წრე გააფართოვა და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. ტელეკომპანიის განვითარების ერთადერთი გზა ინვესტიციებია და უცხოელ ბიზმესმენებთან ჩვენი ურთიერთობა რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test