შემოგვიერთდი

05.10.2011 09:06

ამერიკული ტელევიზია

David Mchedlidze
ჟურნალისტის ჩანაწერები

ამერიკიდან დავბრუნდით. ჟურნალისტების 5 კაციანი ჯგუფი მინესოტას შტატის ქალაქ სენტ პოლში 10 დღის განმავლობაში ვიმყოფებოდით. ჩვენი ვიზიტის შესახებ, რამდენიმე ისტორია უკვე გიამბეთ, მაგრამ მოსაყოლი კიდევ დარჩა. ახლა ამერიკის კერძო და საზოგადოებრივი სატელევიზიო არხების შესახებ გიამბობთ. ერთ დღეს მინესოტას შტატის  კერძო ტელეკომპანიაში KSTP TV-ში წაგვიყვანეს. ეს ტელეკომპანია ABC- სატელევიზიო ქსელში შედის. ადგილობრივ ახალ ამბებს საეთერო დროის 10 საათი უკავია. საერთაშორისო ახალ ამბებს კი ABC- ქსელიდან უშვებენ. ნიუსრუმში 115 ადამიანია დასაქმებული, მთლიანად ტელევიზიაში კი 300 ადამიანი მუშაობს.

საინფორმაციო გამოშვებების გარდა, არხი გასართობ გადაცემებს ამზადებს. ამ ტელევიზიაში ახალი ამბების რედაქტორის მოადგილე ჯონ მეისონი (JOHN MASON) გვმასპინძლობს. პირველ რიგში, საინფორმაციო გამოშვების სტუდიას ვათვალიერებთ, ამ გადაცემას „თვითმხილველის ამბები" ჰქვია. EYEWITNESS NEWS . სტუდია თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. ერთ სტუდიაში რამდენიმე კუთხეა მოწყობილი, აქ ერთი ადგილი ამინდის პროგნოზის კუთხეს უკავია. ამერიკელები ამინდის პროგნოზს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, ტელევიზიებიც მაყურებელს დღის განმავლობაში ხშირად აწვდიან ცნობებს ამინდის შესახებ. ჯონი გამოშვების წამყვანებს გვაცნობს. კითხვებს ვუსვამთ, გვაფრთხილებენ, რომ ცოტა დრო აქვთ, მალე ინტერვიუ უნდა დაიწყონ. მე საქართველო-რუსეთის ომის გაშუქების ამბებით ვინტერესდები. წამყვანები ამბობენ რომ 2008 წელს ეს საქმე მთლიანად ABC -ს ჰქონდა მინდობილი და მინესოტას შტატის მოსახლეობა, საერთაშორისო ახალი ამბებიდან იგებდა საქართველოს ამბებს. ჯონი მეუბნება, არ დაგიმალავ და თქვენი ომი აქ ორი დღე გვაინტერესებდა, ესეც ბევრია, რადგან მაშინ ყველგან ჩვენი წინასაარჩევნო ამბები გადაიცემოდაო. წამყვანებთან ერთად ფოტოებს ვიღებთ და გასართობი გადაცემების სტუდიაში გადავდივართ, აქაც ლამაზადაა მოწყობილი, ამ სტუდიაში ბუნებრივ დეკორაციაზეა ყველაფერი აწყობილი, კითხვები ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენს მასპინძელსაც ძვირფას დროს ვართმევთ, ზრდილობიანად ვემშვიდობებით ერთმანეთს.

საზოგადოებრივი ტელევიზია

ტყუპი ქალაქების საზოგადოებრივი ტელევიზია (TPT)- ასე იმიტომ ჰქვია ამ არხს, რომ მინესოტას შტატის ორ დიდ ქალაქში- მინეაპოლისში და სენტპოლში მაუწყებლობს. არხი შემოსავლების 10 პროცენტს ბიუჯეტიდან იღებს, დანარჩენი კი შემოწირულობებით და ქველმოქმედებით ივსება, კანონით არხზე რეკლამის განთავსება დაუშვებელია. გადაცემათა ბადე ძირითადად გასართობი და პოლიტიკური ტოქშოუებით ივსება. ეთერში ყველაზე პოპულარული და ძველი გადაცემა „ალმანახი" გადის. გადაცემა ერთ საათს გრძელდება, სადაც რამდენიმე ბლოკში ახალ ამბებზე, პოლიტიკასა და კულტურაზე ყვებიან. გადაცემის პირდაპირ ეთერში ჩვენც მიგვიწვიეს. ჯგუფის ფასილიტატორს ნათია კალაძეს დაახლოებით 10 წუთი დაუთმეს. მან ჩვენი ვიზიტის შესახებ ისაუბრა. თქვა, რომ ქართველ ჟურნალისტებს ამერიკული მედიის დღევანდელი მდგომარეობა, განვითარება, სიტყვის თავისუფლების დაცვის საკითხები, ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის, ასევე, პოლიტიკური და საარჩევნო სისტემები გვაინტერესებდა, ნათია ცოტას ღელავდა, მაგრამ ინტერვიუს თავი წარმატებით გაართვა. ისე, საზოგადოებრივი არხი უფრო მწირი ტექნიკური შესაძლებლობებით იყო ვიდრე კერძო ტელევიზია. მისი პავილიონები ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონებს ჰგავს, განსხვავება ისაა, რომ ამერიკულ საზოგადოებრივ მაუწყებელში რეკლამა საერთოდ არ არის, ამიტომ კერძო და საზოგადოებრივი არხები ერთმანეთს კონკურენტებადაც კი არ განიხილავენ.

ქართული დელეგაცია ამერიკაში იმყოფებოდა OPEN WORLD პროგრამით, რომელსაც ორგანიზება "ამერიკულმა საბჭოებმა" AMERICAN COUNCILS გაუკეთეს. ჟურნალისტების ჯუფს მინესოტას შტატში მასპინძლობდა "ქალ ამომრჩეველთა ლიგა" LEAGUE OF WOMEN VOTERS

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test