შემოგვიერთდი

29.09.2011 13:41

ამერიკელი კონსულტანტები გურჯაანის ტელევიზიაში

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

19-23 სექტემბერს ტელეკომპანია „გურჯაანმა" აშშ-ს რეგიონული ტელეკომპანია WDRB FOX 41-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ეს ტელეკომპანია კენტუკის შტატის ქალაქ ლუივილში მაუწყებლობს და დაახლოებით მილიონნახევრიანი აუდიტორია ჰყავს.   ამერიკული მასშტაბებისთვის ეს მოკრძალებული მაჩვენებელია,  თუმცა პროფესიონალიზმისა და კარგად დაგეგმილი  მენეჯმენტის წყალობით წარმატებული რეგიონული კომპანიაა.

IREX-ის   საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის  (GMPP) ფარგლებში, ტელეკომპანიის ტექნიკური დირექტორი დევიდ კალენი (David Callan)

და გრაფიკული დიზაინერი რობერტ პოტაზალა  (Robert Potaczala) ჩამოვიდნენ.

გრაფიკა, სამგანზომილებიანი კადრის შექმნა, სტუდიური განათებისა და გამოსახულების დახვეწა, ასევე პრომოვიდეოების გადაღება და მონტაჟი - დისკუსიის შედეგად დადგინდა, რომ ეს საკითხები ტელევიზიის სუსტი მხარეა. ტელეკომპანიის დირექტორის, ლევან ალექსიშვილის გრძელვადიანი მიზანი კი სწორედ სატელევიზიო გამოსახულების დახვეწა და საკაბელო ტელევიზიის საშუალებით თბილისელი მაყურებლის მოზიდვაა, რის შედეგადაც დამატებით რეკლამის და შემოსავლის მოძიება გახდება შესაძლებელი. საბოლოოდ კი რეგიონული ტელევიზია დონაციიდან თვითდაფინანსებაზე გადასვლას აპირებს.

ამერიკელი ტრენერების თქმით, პრობლემურ საკითხებს რეგიონული ტელევიზია ირჩევს. ისინი თავად განსაზღვრავენ,  რა არის პრიორიტეტული კომპანიისთვის მოცემულ ეტაპზე. მსგავსი პროექტი ორი წლის წინ უკრაინაში განხორციელდა და დევიდ კალანის შეფასებით, საკმაოდ დიდი წარმატებაც მოიპოვა. პროექტი სასარგებლო  აღმოჩნდა ორივე მხარისთვის და როდესაც მსგავსი თხოვნა საქართველოდანაც მიიღეს, მაშინვე სიამოვნებით დათანხმდნენ.

თავდაპირველად,  გეგმა შეიმუშავეს, თუმცა ადგილზე ჩამოსულებს განსხვავებული სურათი დახვდათ. დევიდ კალანის თქმით, მსგავსი ტიპის ტელევიზიების უნიკალურობა ისაა, რომ ისინი მინიმალური რესურსით მაქსიმალური შედეგის მიღწევას ცდილობენ და ხშირ შემთხვევაში გამოსდით კიდეც. „აშშ-ს საზოგადოებრივი არხები და საქართველოს რეგიონული ტელევიზიები ამ მხრივ ერთმანეთს მეტნაკლებად ჰგვანან კიდეც. ორივე ადგილობრივ მაყურებელზეა გათვლილი, ორივე დონაციით ფინანსდება და ვერც ერთი ვერ ახერხებს რეკლამით თავის რჩენას", ამბობს დევიდ კალანი, „გაგიკვირდება, როგორ ახერხებენ ეს პატარა ტელეკომპანიები ასეთი მწირი რესურსით საერთოდ მუშაობას", აღნიშნავს ის.

რაც შეეხება აქაური მომზადების დონეს, რობერტ  პოტაზალა (Robert Potaczala)

ამბობს, რომ მათ წინასწარ ჰქონდათ ნანახი ფოტოები, იცოდნენ რა აღჭურვილობა დახვდებოდათ საქართველოში. „გურჯაანის ტელეკომპანიაში ისეთი კომპიუტერები დგას, რითაც ჩვენ 4 წლის წინ ვსარგებლობდით. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური აღჭურვილობა საკმაოდ სუსტია, მაინც შეიძლება ასეთ ბაზაზე კარგი გამოსახულების შექმნა", ამბობს ამერიკელი გრაფიკული დიზაინერი.

თუმცა, მისივე თქმით, ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ მემონტაჟეებმა და ოპერატორებმა არ იცოდნენ, რომ მათ აპარატურას ამა თუ იმ ფუნქციის შესრულება შეეძლო. „მათ მკითხეს, როგორი კომპიუტერი უნდა ეყიდათ, რომ შესაძლებელი გამხდარიყო როგორც ელემენტარულ სამონტაჟო პროგრამებში, ასევე After effects-ში  მუშაობა. მე ვუპასუხე, რომ ეს შესაძლებლობები   მათ სამონტაჟო კომპიუტერსაც გააჩნდა".

ყოველდღიური ახალი ამბების პრომო, გადაცემების პრომოები, მორბენალი სტრიქონი და ლოგო - ეს იყო მთავარი, რაც უნდა გაუმჯობესებულიყო.

„მე ვასწავლე მათ, რომ ახალი ამბების პრომო განსხვავებული უნდა იყოს სხვა,  შემეცნებითი თუ ანალიტიკური გადაცემების პრომოებისგან", აღნიშნა რობერტ რობერტ  პოტაზალამ: „ახალი ამბების პრომო  დინამიურია, მოძრავი,მაშინ,  როცა სხვა დანარჩენი გადაცემების ქუდისთვის უფრო მეტი შემოქმედებითობაა საჭირო და ხანდახან მისი გადაღება რამდენიმე კვირასაც გრძელდება".

საგულისხმოა, რომ  დევიდ კალანმა  თავად მიიღო ქართული რეგიონული ტელევიზიის პრომოს გადაღებაში მონაწილეობა. როგორც ის ამბობს, გადაღების მომენტში ყოველთვის აძლევდა ოპერატორებსა და მემონტაჟეებს რჩევებს განათების, რაკურსის, კადრის სიმსხვილის შესახებ. აგრეთვე, მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ ოპერატორები გადაღების დროს ხმას კამერაზე ბოლომდე უწევდნენ, რის შედეგადაც აუდიომასალა ცუდი ხარისხის გამოდიოდა. თუმცა კონსულტანტების აზრით, თითქმის ყველა პრობლემა ტრენინგის მიმდინარეობის პროცესშივე გადაიჭრა.

ვიზიტის ნაყოფიერების ერთ-ერთი საფუძველი ისაა, რომ თანამშრომლობა ორმხრივი აღმოჩნდა. ტელეკომპანია „გურჯაანის" თანამშრომლები მოლოდინით  შეხვდნენ ამ ტრენინგს. „დაინტერესება ძალიან დიდი იყო. განსაკუთრებით ერთ ოპერატორს გამოვყოფდი, რომელსაც ერთ დღეს, რომ რაღაცას ვასწავლიდი, იმავე საღამოს წავიდოდა, იმუშავებდა, რაღაცეებს თვითონვე გააკეთებდა და გადაიღებდა, დაამონტაჟებდა და მეორე დილით გამზადებული მასალითა და ახალი კითხვებით მოდიოდა", აღნიშნავს რობერტ პოტოზალა," „მსგავსი ენთუზიაზმით დაწყებული საქმე კი, მოგეხსენებათ, წარმატებას ადვილად მოიპოვებს და ვფიქრობ, რომ ტელეკომპანია ნამდვილად სწორი გზით მიდის დასახული მიზნისკენ".

ახლა,  ორიოდ სიტყვით თავად პროგრამის შესახებ. საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი მედიის პროფესიულ განვითარებას ქართულ და ამერიკულ მედია საშუალებებს შორის გრძელვადიანი პარტნიორული კავშირების დამყარებით, პროფესიული გაცვლებით, ინდივიდუალური  კონსულტაციებითა და გამოცდილების გაზიარებით.  პროგრამა  შერჩეულ ორი ტელეკომპანიას „გურჯაანს" და ბათუმის „ტელერხი 25"-ს  ჟურნალისტური, ტექნოლოგიური და ბიზნეს/მედია მენეჯმენტის უნარჩვევების გაუმჯობესების შესაძლებლობა მისცა.

GMPP  პროგრამის ხელმძღვანელის, ელენე ალადაშვილის თქმით, პროგრამის   ფარგლებში 4-4 ვიზიტი შედგება პროგრამის მონაწილე ქართული  ტელევიზიებისთვის. ქართველი და ამერიკელი კოლეგები თითო-თითო კვირის განმავლობაში პარტნიორ მედიაორგანიზაციებს ესტუმრებიან. ოქტომბერში იგეგმება ქართული მხარის ვიზიტი აშშ-ში, სადაც ქართველი ჟურნალისტები გაეცნობიან ამერიკული ჟურნალისტიკის სპეციფიკას, იმუშავებენ რედაქციებში, გაივლიან ერთკვირიან პრაქტიკას. გარდა ამისა, როგორც თავად ელენე ამბობს, ეს პროექტი ემსახურება არა მხოლოდ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, არამედ ერთმანეთის კულტურების გაცნობას, დამეგობრებას და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობას.

„ქართველები უკვე იყვნენ ერთხელ ამერიკაში და თავიანთ ამერიკელ კოლეგებს დღემდე ესაუბრებიან სხვადასხვა სოციალური ქსელით", აღნიშნავს ელენე ალადაშვილი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test