შემოგვიერთდი

15.02.2011 18:39

ხალხი დიქტოფონისა და ფოტოაპარატის წინააღმდეგ

David Mchedlidze
ჟურნალისტის ჩანაწერები

მედიაზე  მეტად  კახეთში ქეიფი  უყვართ. მედია თავისი მნიშვნელობით მხოლოდ მაშინ უტოლდება ქეიფს, როდესაც სახელდახელო სუფრის გაშლისას მაგიდაზე გაზეთების გადაფარება ხდება საჭირო. სწორედ ამიტომ, საგარეჯოსაკენ მიმავალ ტრანსპორტში ორი მამაკაცი მედიამდგომარეობაზე მსჯელობის ნაცვლად, მომავალი „პურისჭამის" საკითხს რომ გეგმავს, გასაკვირი სულაც არ არის. არადა, კახეთის მედია თავისი მრავალფეროვნებით მართლაც გამორჩეულია. აქ თითქმის ყველა მედიასაშუალებაა თავმოყრილი - გაზეთიდან დაწყებული, რადიოთი თუ საინფორმაციო ცენტრით გაგრძელებული და ტელევიზიით დამთავრებული. თუმცა, პირველ ჯერზე კახეთის მხოლოდ ოთხი რეგიონი - საგარეჯო, გურჯაანი, თელავი და ახმეტა - უნდა მოვინახულო:

საგარეჯო „თვალისჩინის" გარეშე

საგარეჯოში ავტომობილი განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს. ყოველ ნაბიჯზე ან ავტოსამრეცხაოა, ან ავტონაწილების მაღაზია, ან ავტოპროფილაქტიკა.     ტაქსის მძღოლიც საკუთარ საქმიანობაზე საუბარს და ავტომომსახურების გაძვირებაზე წუწუნს იწყებს.   მე სიტყვას ბანზე ვუგდებ   და ვცდილობ სხვა თემაზე სასაუბროდ ავიყოლიო.

„აბა,  აქაური ახალი ამბავი საიდან უნდა გაიგო, როცა საწარმოები გაჩერებულია და არაფერი არ ხდება" - ამბობს  მძღოლი და საბჭოთა პერიოდს  იხსენებს, როცა  საგარეჯოს, აქ არსებული ფაბრიკა-ქარხნების გამო, „პატარა ამერიკას" ეძახდნენ, - „თუკი ჩვენთან რაიმე შეიცვლება, იმასაც ერთმანეთისგან ვიგებთ ხოლმე „ბირჟაზე".

მისი თქმით, სანამ რეგიონში ტელეკომპანია „თვალი" მაუწყებლობდა, ახალ ამბებს მეტ-ნაკლებად მაინც იგებდა. თუმცა, უკვე რამდენიმე წელია, რაც საგარეჯო „თვალისჩინის" გარეშეა დარჩენილი.

ტელევიზიის ხელმძღვანელების განცხადებით,  „თვალი" მაუწყებლობას უახლოეს თვეებში განაახლებს.

ადგილობრივი ინფორმაციის ძირითად წყაროს გაზეთი „კახეთის კარიბჭე" წარმოადგენს, რომელიც კვირაში ერთხელ, პარასკეობით გამოდის. გაზეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს ეხება და ჯიხურებისა თუ ხელმოწერების საშუალებით ვრცელდება. „კახეთის კარიბჭის" გამოსაცემად სამი ჟურნალისტი მუშაობს, თუმცა, რედაქციაში კომპიუტერის არარსებობის გამო, რედაქტორი ზურაბ აგულაშვილი, გაზეთს საბოლოოდ სახლში, საკუთარ კომპიუტერში აკაბადონებს. რეკლამა გაზეთში ნაკლებად შედის, მისი შემცვლელი კი, ძირითადად,  მილოცვები, განცხადებები და ნეკროლოგებია. „კახეთის კარიბჭე" ოთხგვერდიანია  და ხუთასიანი ტირაჟით გამოდის.

ადგილობრივები  გაზეთს ცუდად იცნობენ. „ უფრო მეტად რესპუბლიკურ პრესას ვენდობი" - ისეთი ტონით ამბობს ერთ-ერთ დაწესებულებაში მომუშავე მამაკაცი, თითქოს რაიმე საიდუმლოს მიმხელდეს - „ძირითად ინფორმაციას მაინც ცენტრალური ტელევიზიებიდან ვიგებთ. კარგი იქნებოდა,  ადგილობრივი ინფორმაციის მიღების მეტი საშუალება რომ არსებობდეს".

მისი თქმით, რეგიონული გაზეთებისათვის ზოგიერთი თემა თითქოს ტაბუდადებულია და ამ მოსაზრების დასადასტურებლად არგუმენტიც მოჰყავს: „ცოტა ხნის წინ, კახეთში ერთმა ბიზნესმენმა თავი ჩამოიხრჩო, მაგრამ ამის შესახებ აქ არავის არაფერი უთქვამს". მოსაუბრის გულახდილობა ზუსტად იმ წუთამდე გრძელდება, სანამ სახელს ვკითხავ. ამ შეკითხვაზე იბნევა, რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ მპასუხობს: „ნოდარი..." და დინჯად დასძენს, რომ „ამის გამოქვეყნება საჭირო არ არის" (მე მტკიცედ მჯერა, რომ საგარეჯოში მხოლოდ ერთი ნოდარი არ ცხოვრობს და ვაქვეყნებ). თურმე, სიფრთხილეს თავი მართლაც არ სტკივა.

პრობლემები გურჯაანში

ნონეშვილის გამზირი გურჯაანის „Wall street"-ია, რადგან ქალაქის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ფინანსური თუ საზოგადოებრივი დაწესებულება - მათ შორის გურჯაანის ყველა მედიასაშუალება - ამ ერთ ქუჩაზეა განთავსებული.

ორი ადგილობრივი გაზეთის - „კახეთის ხმისა" და „სპექტრის" რედაქცია ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს. მისამართის მსგავსად, მათი პრობლემებიც თითქმის იდენტურია. უპირველეს ყოვლისა, დისტრიბუციის საკითხია მოსაგვარებელი, რადგან გამომცემლებს გაზეთის სოფლებამდე მიტანა უჭირთ. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სხვა რეგიონებში გაზეთი იგვიანებს და მკითხველამდე შეფერხებით  აღწევს, რამაც შეიძლება ამ მკითხველის „დაკარგვა" გამოიწვიოს. „დისტრიბუციის პრობლემა რომ გადაწყდეს, დარწმუნებული ვარ, ტირაჟიც გაიზრდება და რეალიზაციაც" - აღნიშნავს „სპექტრის" თანარედაქტორი ნატო ბარბაქაძე.  მეორე პრობლემა უფრო ზოგადსაკაცობრიოა და საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მოპოვებას უკავშირდება. „ზოგჯერ სასურველი ინფორმაცია ჟურნალისტამდე დაგვიანებით ან საერთოდ არ მიდის", - განმარტავს „კახეთის ხმის" დამფუძნებელი მაია მამულაშვილი - „ხშირია არასრული ინფორმაციის მოწოდებაც, რომლის გამოთხოვა ჟურნალისტს კიდევ ერთხელ უწევს, ამასობაში ამ ინფორმაციის ნაწილი უკვე ძველდება". გაზეთი „სპექტრი" მთლიანად საკუთარი ფინანსებით გამოიცემა, „კახეთის ხმის" შემოსავლის  თითქმის ნახევარს კი გრანტები შეადგენს.

ინფორმაციის მოპოვების პრობლემაზე საუბრობს „კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილიც. თუმცა, ამის ერთ-ერთ მიზეზად კახეთის რეგიონში ინფორმაციის მოთხოვნის კუთხით მედიასაშუალებების ნაკლებ აქტიურობასაც ასახელებს. სამაგიეროდ, უფრო აქტიური ხდება მკითხველი, რადგან რეგიონში ინტერნეტმომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად,  „კახეთის საინფორმაციო ცენტრის" საიტის უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამაც იმატა. მათი რაოდენობა 2011 წლისათვის დღეში საშუალოდ 700-ს ადამიანს შეადგენს.

მას კი, ვისაც ინტერნეტი არ აქვს და გაზეთის კითხვაც ეზარება, ინფორმაციის მიღება ტელევიზიის საშუალებითაც შეუძლია. ტელეკომპანია „გურჯაანი", რომელიც ყვარლის, ლაგოდეხისა და სიღნაღის ნაწილსაც ფარავს, საინფორმაციო ხასიათისაა და ანალიტიკურ გადაცემებს ამზადებს. ამ გადაცემებიდან მოსახლეობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტოქ-შოუ „ძალა უძალოთა", სადაც მოწვეული სტუმრები კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე მსჯელობენ. „ეს გადაცემა ჩვენი „პროფილი"-ა, რაც კი რამე პრობლემა გვაქვს, წამყვანს ყველაფერს მანდ ვუყვებით", - ღიმილით (და ხუმრობითაც) მეუბნება ერთ-ერთი გურჯაანელი, ბატონი რეზო, რომელიც საგაზეთო ჯიხურში ჟურნალ „რეიტინგს" ყიდულობს. რეიტინგულია ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვება „მთავარი"-ც, რომელიც დღეში სამჯერ გადის და ძირითადად გურჯაანში მიმდინარე მოვლენებს ასახავს. ტელეკომპანიის ეთერით ასევე გადაიცემა  „დიალოგი", რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას აშუქებს. ეს გადაცემა  "R" ნიშნით გადის, რადგან მისთვის გამოყოფილ  საეთერო  დროს ადგილობრივი ხელისუფლება ყიდულობს.  ტელევიზია ასევე  ამზადებს გადაცემებს „თვითმმართველობის ექსპერტი" და „ჯანმრთელობა". ტელევიზიაში სულ ოცდაექვსი თანამშრომელი მუშაობს, მათგან ექვსი ჟურნალისტია.

გურჯაანის თითქმის ყველა მედიასაშუალებას ერთი კედელი სიგელების, სერტიფიკატების დიპლომებისა და სხვა ჯილდოებისთვის აქვს გამოყოფილი. მათი რაოდენობა კი იმდენია, რომ ზოგჯერ გიჭირს ამ მედიასაშუალებების პრობლემები დაიჯერო.

თელავი - „გორდ(ი)ას კვანძი"

თელავს ყველაფერი - გაზეთიც, რადიოც, ტელეკომპანიაც და საკაბელო ტელევიზიაც - საკუთარი აქვს. გაზეთს „ჩვენი გაზეთი" ჰქვია, პერიოდულად გამოდის და ადგილობრივ მოვლენებს ეხება. „ხანდახან მოაქვთ, უფასოა და ვისაც უნდა ის იღებს ხოლმე" - მიხსნის გამყიდველი, თუმცა, გაზეთი ბოლოს როდის მოიტანეს აღარ ახსოვს.

რადიოს „ჩვენი რადიო" ჰქვია, FM 103,8-ზე გადაიცემა და კახეთის მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება. „ჩვენი რადიო" მუსიკალურ-გასართობი ფორმატისაა, თუმცა, ყოველ სრულ საათზე აქ საინფორმაციო გამოშვებაც გადის. გარდა ინფორმაციისა, ეთერში „SMS-შოუ", სამედიცინო გადაცემა „იყავი ჯანმრთელი" და სტუდენტური პროექტიც ხვდება. საინფორმაციო გამოშვებებსა და გადაცემებზე სულ ოთხი ჟურნალისტი მუშაობს.

ტელევიზია ორია, თუმცა,  „ჩვენი ტელევიზია" (რატომღაც) არც ერთ მათგანს არ ჰქვია. პირველი - ტელეკომპანია „თანამგზავრი" 1997 წლიდან მაუწყებლობს და ის მხოლოდ რეკლამიდან შემოსულ თანხებზეა დამოკიდებული. ტელევიზიის ეთერში ყოველდღე გადის საინფორმაციო პროგრამა „მაცნე", აქვე მზადდება ანალიტიკური თოქ-შოუ „დიალოგიც". თუმცა, „თანამგზავრი" მხოლოდ მათთან აჩვენებს, ვინც საკაბელო ტელევიზიაში არ არის ჩართული. „თელავის საკაბელო ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ბადეში ჩასმაზე უარი გვითხრა" - განმარტავს ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ენრი კობახიძე - „თუ გინდათ ჩაგრთოთ, მაშინ საინფორმაციო გამოშვება და „დიალოგი" ამოიღეთო. ეგ რომ დავხუროთ, რაღა დარჩება?"

საკაბელო ტელევიზია „გორდა"-ში ინფორმაციის მოპოვება  ცოტა რთულია. არ ვიცი, შენიღბული აგენტი ვგონივარ ვინმეს თუ უსაქმური ინტრიგანი, მაგრამ ჩემი უწყინარი შეკითხვა - საკაბელო ტელევიზიის პაკეტში შემავალი ტელეარხების რაოდენობასა და მისი გავრცელების არეალზე - მცირე დაბნეულობას იწვევს. სამი სხვადასხვა პიროვნება სათითაოდ მეკითხება „საიდან ვარ" და კარსმიღმა რამდენიმეწუთიანი თათბირის შემდეგ, მოლარე ოპერატორის პირით მითვლიან, რომ ამ შეკითხვებზე პასუხს ვერ გამცემენ. იძულებული ვხდები, დასახმარებლად ინტერნეტს და საკუთარ ტელევიზორს მივმართო:  საკაბელო ტელევიზიის პაკეტში ორმოცამდე არხია შესული, თავად ტელეკომპანია „გორდა" კი, რომელიც საკაბელო ტელევიზიის არხია, ძირითადად თელავის ცენტრალური მოედნის პირდაპირ ეთერს უჩვენებს. თუმცა, „გორდა"-ს საკუთარი გადაცემებიც აქვს, მათ შორის „თელავი და თელაველები",   საინფორმაციო გამოშვება „გორდა ნიუსი" და „პატარა თელაველები".

ახმეტის „ბახტრიონი"

ახმეტაში გაზეთი განსაკუთრებით უყვართ. ყოველ შემთხვევაში, ერთჯერადი დაკვირვებით ასე ჩანს. ზოგი იქვე სკვერში კითხულობს ჟურნალს, ზოგსაც სახლში მიაქვს. პრესის მსურველთა დეფიციტი არ იგრძნობა იმ საგაზეთო ჯიხურშიც, რომელშიც ერთ საათს ვატარებ. ქალბატონი მზია, სასაუბროდ შიგნით რომ შემიპატიჟა, აქ წელიწადნახევარი მუშაობს და უკვე უთქმელადაც ხვდება, ვის რა გაზეთი თუ ჟურნალი უნდა მისცეს. ყველაზე მოთხოვნადი გაზეთები აქაც (როგორც დანარჩენ კახეთში) „კვირის პალიტრა", „ქრონიკა" და „ასავალ-დასავალია", ჟურნალებიდან „თბილისელები" და „რეიტინგი" გამოირჩევა.

ახმეტას საკუთარი გაზეთიც აქვს, რომელიც ტირაჟის სიმცირის გამო ჯიხურებამდე ვერ აღწევს. ახმეტის საინფორმაციო ცენტრის გაზეთი „ბახტრიონი" თვეში ორჯერ გამოდის და გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. გაზეთი, რომლის გამოსაშვებად რვა ადამიანი მუშაობს, სხვადასხვა დაწესებულებსა თუ ხალხში უფასოდ ვრცელდება. მოსახლეობისათვის უფასოა  მილოცვებისა და სხვა ტიპის განცხადებების გამოქვეყნებაც. გაზეთის რედაქტორის, ომარ მარუქაშვილის თქმით, რედაქციაში ყოველდღე 10-12 წერილი შემოდის, დროდადრო კი წერილს უკან ის მკითხველებიც მოჰყვებიან, რომელთაც გაზეთის მორიგი ნომერი არ შეხვდათ. „ბახტრიონი"-ს ტირაჟი ხუთასი ეგზემპლარია, ამიტომ გაზეთის დეფიციტი, თუ ახმეტის 42- ათასიან მოსახლეობას გავითვალისწინებთ, გასაკვირი სულაც არ არის.

საუბარზე უარს ახმეტაში თითქმის არავინ ამბობს, მაგრამ როდესაც საქმე სურათის გადაღებაზე მიდგება, ფოტოაპარატი ადამიანებს აქაც (კახეთის სხვა რეგიონების მსგავსად) ისევე აფრთხობს, როგორც დანტისტის სავარძელში მჯდომ პაციენტს - კბილის ბორმანქანის დანახვა. ძირითადი არგუმენტი - „აბა მე რა სასურათე ვარ?" - ისეთი მტკიცე ტონითაა ნათქვამი, რომ გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. არავის სურს, „აუტკივარი თავი აიტკიოს". რაც არ უნდა ნეიტრალური იყოს მათი კომენტარი.  ხალხს, როგორც ჩანს,  საკუთარი აზრის ღიად გამოხატვის მართლაც ეშინია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test