შემოგვიერთდი

28.12.2010 17:18

მთების და „თეფშების“ გარემოცვაში

David Mchedlidze
ჟურნალისტის ჩანაწერები

ბორჯომისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსი "პროფილში" შესრულებული სიმღერების ასპარეზადაა ქცეული. "ჩემი გულის კარი შენთვის გამიღია" და "შენ ჩემს გულში შემოიჭერ, ისე როგორც დილის სხივი" ერთმანეთს აქტიურად ენაცვლება. მუსიკის ფონზე, მე რომელიღაც უცნაური გაზეთის - "ძველი ახალი სიტყვა" - სპეციალურ გამოცემას ვკითხულობ, წამოსვლის წინ რომ შემოგვაჩეჩა ერთმა მოხუცმა კაცმა და ქართველი ერის მასონთა კლანჭებისგან ხსნის ერთადერთ შანსად დაგვისახა. ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ჩემ გვერდით მჯდომ ქალს ვიღაც ურეკავს და მისი ამჟამინდელი კოორდინატებით ინტერესდება - ლამისაა გრძედი და განედიც გამოჰკითხოს გრადუსებში. თავის მხრივ, ქალი დიალოგში სიტყვა "საყვარელოს" ისეთი რეკორდული სიხშირით იყენებს, რომ ცხადი ხდება -  მისი გული იმ ვიღაცის დაპყრობილია. შესაბამისად, "ბორჯომში მალე ჩასვლა" ორივეს ერთნაირად გვინდა: მე ჩემი საქმე მელოდება, იმას - თავისი...

ბორჯომი პატარა ქალაქია: ერთი ტელევიზიით, ერთი გაზეთით და უზომო რაოდენობის სატელიტური თეფშით. ჩვეულებრივი ანტენის საშუალებით სიგნალის მიღებას გარშემო აღმართული მთები უშლის ხელს. "მთების გადადგმას კი სატელიტების დადგმა ვამჯობინეთ" - ღიმილით ხსნის თეფშების სიმრავლეს ბორჯომის მკვიდრი გელა ნოზაძე.

სატელიტური თეფშების გარდა, ქალაქში საკაბელო ტელევიზიითაც ბევრი სარგებლობს, თუმცა მის სახელს, ვისაც ვეკითხები ვერავინ იხსენებს. "იქნებ აიეტია?" - რაც პირველი მახსენდება, იმ ვერსიას ვთავაზობ. "ჰო, რავი... შეიძლება" - დაბნეულად იჩეჩენ მხრებს ბორჯომელები და ცოტა ხანში მტკიცე, დამაჯერებელი ხმით დასძენენ - "საკაბელოა რა"

ბორჯომში ძირითადად საინფორმაციო გამოშვებებს უყურებენ - როგორც ადგილობრივს, ისე ცენტრალური ტელევიზიებისას. "აბა სხვას რას ვნახავ?" - რიტორიკულად მეკითხება მაღაზიის გამყიდველი დარეჯან ლომიძე - "გამოგვადებილეს ამ სერიალებით და ეგ არის. არ მჭირდება ბიძაშვილებისგან დაორსულებული ქალები. ერთი ცალკე არხი გაუხსნან და ვისაც მოსწონს მათი ყურება, ღმერთმა შეარგოს. ჩვენ შეგვეშვან"

ჩვეულებრივი ანტენით აქ მხოლოდ ოთხი არხის - "რუსთავი 2"-ის, "იმედის", "საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და "რეგიონ TV"-ს დაჭერაა შესაძლებელი. გოჩა ლაფაჩი, რომელიც "ომეგა ჯგუფის" დირექტორად გამეცნო, აღნიშნავს რომ "რეგიონ TV"-ზე ფილმებს ხშირად უყურებს და არ მოსწონს, როდესაც ფილმის მსვლელობისას მოულოდნელად "ბორჯომის" ტელევიზია ირთვება ხოლმე:  "როცა მოუნდებათ, თავიანთ გადაცემებს მაშინ რთავენ და ხან მკვდარს აცხადებენ, ხან ცოცხალს. ძალიან მაინტერესებს, "რეგიონ TV"-მ თუ იცის ეს ამბავი?"

ტელეკომპანია "ბორჯომი", რომელსაც საეთერო დროის "მიტაცებაში ადანაშაულებენ", 1997 წლიდან მაუწყებლობს და "რეგიონ TV"-სთან კონტრაქტიც აქვს დადებული. "ჩვენთვის რთულია, მთელი დღის სატელევიზიო ბადე საკუთარი ძალებით შევავსოთ, ამიტომ ჩვენს გადაცემებს მხოლოდ საღამოს 9 საათიდან ვუშვებთ ხოლმე" - მიხსნის თელეკომპანია "ბორჯომის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ბაგაური - "9 საათამდე კი "რეგიონ TV"-ა ჩართული". "ბორჯომი" ძირითადად გრანტების საშუალებით მაუწყებლობს. თუმცა, თანხის ნაწილი რეკლამიდან და სპონსორებისგანაც შემოდის. ძირითადი პრობლემა ტექნიკური და ფინანსური რესურსების ნაკლებობაა. "მოძველებული ტექნიკის გამო, მათთან ვისაც საკაბელო არ აქვს, ჩვენი ტელევიზია ცუდი ხარისხით აჩვენებს" - აღნიშნავს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკა ნოზაძე. ტელეკომპანია "ბორჯომს" საკუთარი საინფორმაციო გამოშვება და რამდენიმე პოლიტიკური თუ შემეცნებითი გადაცემა აქვს. მისი დაფარვის ზონა კი ბორჯომსა და მის გარშემო მდებარე სოფლებზე ვრცელდება. თუმცა როგორც აღმოჩნდა, რეგიონისთვის დამახასიათებელი რელიეფის გამო "ბორჯომი" ქალაქის ზოგიერთ უბანში (მათ შორის ჩემს სასტუმროში) საერთოდ არ იჭერს.

მსგავსი პრობლემის წინაშე დგას რადიოც, რომელიც მთების გამო ბორჯომში ფაქტობრივად უფუნქციოდაა დარჩენილი. "რადიოს ნამდვილად ვერ ვქაჩავთ" - მეუბნება გოჩა ლაფაჩი - "ერთი "მწვანე ტალღა" თუ დაიჭერს შემთხვევით და ისიც მანქანაში".

სამაგიეროდ, ინტერნეტსა და გლობალიზაციას წინ ვერაფერი ეღობება. როგორც ინტერნეტ-კაფეში მეუბნებიან, აქ ერთადერთი პროვაიდერი "სილქნეტია", ინტერნეტის სიჩქარე კი მის პაკეტზეა დამოკიდებული. "ახლომდებარე სოფლებში "მაგთიფიქსის" ინტერნეტია გავრცელებული" - მიხსნის ინტერნეტ-კაფეში მყოფი ოპერატორი - "ქალაქში ვისაც ჭკუა აქვს  ის ჩვეულებრივ პაკეტს რთავს".

ბორჯომში რამდენიმე საგაზეთო ჯიხურია, მაგრამ მათი ნაწილი ცარიელია. როგორც მოქმედ ჯიხურებში ამბობენ აქ ყველაზე მეტად "კვირის პალიტრა", "ასავალ-დასავალი" და "ქრონიკა" იყიდება, კვირაში 50-60 ეგზემპლარი. "ცხელ შოკოლადს", "სითის", "ეპიზოდს" და მსგავს ჟურნალებს ბორჯომელები ნაკლებად სწყალობენ. "ბორჯომი ღარიბი რეგიონია და ამაში გადასახდელი 5 ლარი თითქმის არავის აქვს" - მეუბნება გაზეთების გამყიდველი ქალბატონი მანანა, რომელიც ტელევიზორსაც იშვიათად უყურებს. მიზეზი მისი მორწმუნეობაა. "ჩემი ტელევიზორიც და ჩემი ყველაფერიც ეს არის" - ამბობს და ლოცვების პატარა წიგნს მიჩვენებს, რომელიც იქვე, გაზეთების გვერდით უდევს.

სიტუაცია მისგან რამდენიმე მეტრით დაშორებულ მეორე ჯიხურში ოდნავ განსხვავებულია. "გაუყიდავი ჩემთან ფაქტობრივად არაფერი რჩება" - მეუბნება გამყიდველი ნელი ლომოური და საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად იმ ადამიანების სიით აჭრელებულ რვეულს მიჩვენებს, რომელთაც სხვადასხვა ჟურნალს გამოყოლილი წიგნები აქვთ "დაჯავშნული". აღმოჩნდა რომ, გაყიდული ჟურნალ-გაზეთების რაოდენობა ზაფხულში ტურისტთა მატების პარალელურად ორმაგდება და ხშირად დეფიციტიც კი იქმნება ხოლმე. მისივე თქმით, კარგად იყიდება ადგილობრივი გაზეთი "ბორჯომი", რომელიც ყოველ ხუთშაბათს გამოდის, 30 თეთრი ღირს და ოთხი გვერდისაგან შედგება. გაზეთის ძირითადი შემოსავალი სარეკლამო, მისალოცი თუ სამგლოვიარო განცხადებებია.

გაზეთი "ბორჯომი" ბორჯომის სიახლოვეს მდებარე სოფელ ლარებშიც მოსწონთ. თუმცა, სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ქალბატონი ლია ამბობს, რომ პრესა მათთან მხოლოდ მაშინ ხვდება, როდესაც ის ქალაქიდან ვინმეს ამოაქვს. გაზეთებზე მეტად აქ ისეთი "ყვითელი პროდუქტია" პოპულარული, როგორიც "სარკე" და "რეიტინგია". "პრიალაყდიანი ჟურნალების საყიდლად კი ლარები არც ლარებში ჰყოფნით.

სამაგიეროდ, სატელიტური ანტენები აქაც თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება. "ქართულ არხებსაც ვუყურებთ და რუსულსაც" - აღნიშნავს ლია, თუმცა ბოლო სიტყვებს ისე გაუბედავად ამბობს, თითქოს რუსული არხების ყურება დანაშაული იყოს. გადაცემებიდან "პროფილი" მოსწონს, სერიალებიდან - არცერთი და მათი შეფასებისას უკვე მეორედ მესმის სიტყვა: "დაგვადებილეს"...

ბორჯომიდან კვლავ ქართული ესტრადის აკომპანიმენტით ვბრუნდები. რადიოს არც თბილისისკენ მიმავალ გზაზე რთავენ. როგორც ჩანს, მთების გამო, ბორჯომში რადიოს საბოლოოდ გადაეჩვივნენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test