შემოგვიერთდი

02.12.2010 23:21

ციფრული მაუწყებლობის ბუნდოვანი პერსპექტივა

David Mchedlidze
ციფრული მაუწყებლობა

ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირისა (ITU) და ევროკავშირის (EU)  გადაწყვეტილებით ციფრულ მაუწყობლობაზე გადასვლა ევროპაში 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა ბებერი კონტინენტის ზოგიერთ  სახელმწიფოში გარკვეული ხანია ანალოგიურ მაუწყებლობას  მთლიანად ჩაენაცვლა  ციფრული მაუწყებლობა.ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას აპირებენ საქართველოშიც. ამ მიზნით  მთავრობა, ისევე როგორც მაუწყებლები,  უცხოური გამოცდილებას სწავლობს.

29-30 ნოემბერს თბილისში გაიმართა კონფერენცია, სადაც შვედეთის, გერმანიის, სლოვენიის, ლიტვისა და ფინეთის წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონული  ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ეტაპები გააცნეს. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით  მოეწყო.

2005 წლის დასაწყისში, ITU-ს წინასწარი განაწილების შედეგად, საქართველოს სულ 72 ციფრული არხი ერგო. 2007 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ძალისხმევით, მეზობელ ქვეყნებთან წარმოებული მოლაპარაკებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების ხელმოწერის შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე  ციფრული არხების რაოდენობა  175-მდე გაიზრდა.

ანალოგურიდან ციფრულ მაუწყობლობაზე გადასვლისას რამდენიმე მოდელი გამოიყენება, რომელთაგან ევროპაში ტელევიზიებისთვის ყველაზე გავრცელებულია DVB - T (Digital Video Broadcasting - Terrestrial), მობილური მაუწყებლობისთვის კი - DVB-H  (Digital Video Broadcasting - Handheld).  ამ სტანდარტების გამოყენება საშუალებას იძლევა ერთ სტანდარტულ არხში გაცილებით მეტი სატელევიზიო პროგრამა დაეტიოს ვიდრე ანალოგიური მაუწყებლობის შემთხვევაში. ციფრული მაუწყებლობის   მთავარი უპირატესობა სწორედ სიხშირული რესურსების მაღალი ტევადობაა.

"ანალოგიური მაუწყებლობის დროს,   ეთერში გასასვლელად,     საჭიროა გარკვეული რაოდენობის სიხშირე, ციფრულის შემთხვევაში,   ეთერი  ბევრად ნაკლებ სიხშირეს დაიკავებს. გამოთავისუფლებული სიხშირე  სახელმწიფოს შეუძლია სხვადასხვა  მიმართულებით გამოიყენოს, მაგალითად,  მიჰყიდოს კომპანიას, რომელიც  მეოთხე თაობის მობილური კავშირს უზრუნველყოფს" - განუმარტავდა კონფერენციის მონაწილე ტელეკომპანიების მესვეურთ  ირაკლი ქაშიბაძე,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხანგრძლივი პროცესია, რასაც წლები სჭირდება. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მედიაორგანიზაციის (SEEMO) პრეზიდნტის,  ბორის ბერგანტის (Boris Bergant),  თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანია და  სწორი სტრატეგიის შემუშავება.

"აუცილებლად უნდა განავითაროთ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, თუ რა ცვლილებები შეიძლება შეეხოს მას, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის დროს. საჭიროა დისკუსიები და ამ პროცესის დადებითი ასპექტების საზოგადოებისთვის  გაცნობა. ის, თუ  რამდენად უმტკივნეულოდ მოხდება ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, დამოკიდებულია სხვადასხვა სტრუქტურებს შორის მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე",  - აღნიშნა კონფერენციაზე ბორის ბერგანტმა.

ტელეკომპანია, ციფრული  მაუწყებლობა რომ შეძლოს,   სპეციალური გადამცემით უნდა აღიჭურვოს, ხოლო მაყურებელს,  მისი პროგრამები  რომ იხილოს, ციფრული  მაუწყებლობის მხარდამჭერი ტელევიზორი ან ტელევიზორთან მიერთებული  ე.წ. რესივერი უნდა გააჩნდეს. სპეციალური გადამცემის შეძენა  სოლიდურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, რისი ფუფუნებაც   ბევრ ტელევიზიას არ აქვს.

"ასეთი გადამცემები ძვირია,  ჩვენ მათ  შეძენას,  ალბათ,  ვერ შევძლებთ.  ყველაზე კარგი გამოსავალი ამ გადამცემების და რესივერების საქართველოში წარმოება იქნება, რაც მის ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებს", - განაცხადა კონფერენციაზე თეიმურაზ შაფათავამ, ქვემო ქართლის ტელერადიო მაუწყებლობის ტექნიკურმა დირექტორმა.

ტელეკომპანია, რომელიც ციფრული მაუწყებლობის ხანაში  ვერ შეძლებს საკუთარი პროდუქციის თავადვე ტრანსლირებას, შესაძლოა,  მხოლოდ კონტენტის მწარმოებლად დარჩეს. მის   პროდუქციას  პროვაიდერი გაავრცელებს. ეს საკითხი და ბევრი სხვაც რეგიონული ტელევიზიების მესვეურთათვის კონფერენციის დასრულების შემდეგაც ბუნდოვანი დარჩა.

"როგორ დარეგულირდება ურთიერთობა პროვაიდერსა და  პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას შორის?  ხომ არ წარმოიქმნება  საშიშროება, რომ   პროვაიდერმა ცალმხრივად შეწყვიტოს ტელეკომპანიის მაუწყობლოების ტრანზიტი, რაც ფაქტობრივად მოსპობს თავისუფალი ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას? უნდა მივიღოთ ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც  რეგიონული ტელეკომპანიების დამოუკიდებლობას  მაქსიმალურად დაიცავს.  ასევე, გაურკვეველია,  რამდენად ძვირი ან იაფი ეღირება საკუთარი ქსელის მოწყობა, ვინ ჩადებს ამაში რესურსს,  ან მოხდება თუ არა რაიმე ფორმით მისი  სუბსიდირება.  ეს  ის საკითხებია, რაზეც  მსჯელობა უახლოეს მომავალში აუცილებლად უნდა დაიწყოს", განაცხადა ლევან ალექსიშვილმა, ტელეკომპანია "გურჯაანის" წარმომაფგენელმა.

ქუთაისის ტელეკომპნია "რიონის" გენერალური დირექტორის თამარ ღვინიანიძის თქმით, ერთი პროვაიდერის ხელში რამდენიმე არხის მოხვედრა ვერ იმოქმედებს ტელეკომპანიის თავისუფლების ხარისხზე.

"პროვაიდერის ფუნქციებში მხოლოდ პროგრამების ტრანსმისია შევა და არა ჩვენი პროგრამირება. მას უფლება ექნება მოსთხოვოს მაუწყებელს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ხარისხიანი გადაცემის გაკეთებას დიდი თანხა სჭირდება,  ფინანსების მხრივ კი რეგიონებში კატასტროფული მდგომარეობაა", - განაცხადა თამარ ღვინიანიძემ.

"აშშ-მ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას  10 წელი მოანდომა, ჩვენ კი ვადად მხოლოდ ხუთი წელი გვაქვს,  და ეს,  იმ დროს, როცა  ეკონომიკის სამინისტროს ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული სტრატეგია. ჩვენ ისიც არ ვიცით,  აპირებს  თუ არა სახელმწიფო მოსახლეობისა და მაუწყებლების სუბსიდირებას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასავლელად. თუმცა  მეეჭვება,  სახელმწიფომ ეს გააკეთოს", - დასძინა თამარ ღვინიანიძემ.

ირაკლი ქაშიბაძის თქმით, სახელმწიფო ტექნიკურ მხარდაჭერას სოციალურად დაუცველ ფენას აღმოუჩენს.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საოციალურად დაუცველ ფენას ტელევიზორის ყურების საშუალება ჰქონდეს.  2011 წლის განმავლობაში განვაგრძობთ კონსულტაციებს ექსპერტებთან და ჩამოვაყალიბებთ კონცეფციას, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა," - განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.

სწორედ მომავალ წელს გახდება ცნობილი მაუწყებლობის რა მოდელს აირჩევს საქართველო. ამაზე იქნება  დამოკიდებული ახალი კანონმდებლობის მიღება, ტელევიზიების ლიცენზირების საკითხი და ის, თუ რა თანხა  დაუჯდება ქვეყანას, ტელევიზიებს და ტელეაუდიტორიას  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test