შემოგვიერთდი

19.07.2010 18:15

„იმერვიზია"

David Mchedlidze
ახლო ხედით

ტელეკომპანია "იმერვიზიის "  მაუწყებლობა ჭიათურისა და საჩხერის  რაიონებში ვრცელდება. ეს ორი პატარა ქალაქი კი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას დასავლეთიდან ესაზღვრება. რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, "იმერვიზიის" სიგნალი აღწევს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ჯავის რაიონის სოფლებამდე. სწორედ ამიტომ, უკვე რამდენიმე თვეა, ტელეარხის ეთერში,  დღეში ერთხელ,   გადის  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული ოსურენოვანი  ახალი ამბები.

"იმერვიზია" 1991 წელს რამდენიმე ენთუზიასტმა დაარსა. მის ეთერში, წლების წინ,  მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება და მხატვრული ფილმები გადიოდა. ახლა კი ის  ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ტელეარხია ადგილობრივ მაუწყებლებს შორის.      საინფორმაციო გამოშვება ეთერში გადის ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. ჟურნალისტები ხშირად გადიან ჭიათურის სხვადასხვა სოფლებში. ახალ ამბებზე სულ სამი შტატიანი და ორი  სტაჟიორი ჟურნალისტი მუშაობს.

"იმერვიზიაზე"   თვეში ორჯერ გადის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუ "მთავარი თემა".  ასევე,  თვეში ორჯერ მზადდება გადაცემა "დეპუტატის საათი". მისი ფორმატი ასეთია:  სტუდიაში მოწვეული ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი პასუხობს  რაიონის მოსახლეობის მწვავე შეკითხვებს,  რომელსაც ტელევიზიის რეპორტიორები სხვადასხვა სოფელში ვიდეოზე იწერენ  და დაგადაცემის   ეთერში სიუჟეტის  სახით   უშვებენ.

"დეპუტატის საათი" კრიტიკული  გადაცემაა", აცხადებს  რამაზ გამეზარდაშვილი.   "იმერვიზია" აქტიურად თანამშრომლობს სხვა ადგილობრივ  მაუწყებლებთან და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ტელეარხი კვირაში ერთხელ გადასცემს  ტელეჟურნალს "მრავალკუთხედი". გადაცემა მზადდება ჰოლანდიური ორგანიზაცია "Press Now"-ს ფინანსური მხარდაჭერით  საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ და ის გადაიცემა საქართველოს    ადგილობრივი ტელევიზიების   ეთერით.

"იმერვიზია" ქუთაისის   ტელეკომპანია "რიონთან" ერთად ამზადებს ყოველკვირეულ საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემას "შვიდი დღე", რომელიც რეგიონის  ამბებს აშუქებს.

"იმერვიზიის" ეთერში გადის იქაურ  ახალგაზრდებში ძალზე  პოპულარული

გადაცემა "შესანიშნავი შვიდეული".  ჭიათურის ქუჩებში სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს რომ ჰკითხოთ, აუცილებლად მოგიყვებათ ამ გადაცემის შესახებ.  ეს არის ინტელექტუალური შოუ, რომელშიც მონაწილეობენ სკოლის უფროსი ასაკის მოსწავლეებისგან შემდგარი  ჯგუფები. სატელევიზიო სეზონის განმავლობაში პროექტის მონაწილე ხდება  საჩხერისა და ჭიათურის რაიონში მცხოვრები 700-800 მოსწავლე. გამეზარდაშვილი არ მალავს, რომ მისი ტელეარხის ცნობადობა სწორედ ამ გადაცემის შემდეგ გაიზარდა. აღნიშნულ პროექტში აგრეთვე მონაწილეობენ  ხაშურელი და ზესტაფონელი მოსწავლეები. გადაცემა მწირი რესურსებით მზადდება და ხარისხიც შესაბამისია. ჩაწერა ძირითადად სხვადასხვა სკოლის საკლასო ოთახებსა და დარბაზებში ერთი DVD კამერით ხდება. ეს გადაცემა კარგი მაგალითია იმათთვის, ვისაც ჰგონია,  რომ წარმატებული ტელეპროექტის მოსამზადებლად მილიონებია საჭირო. მწირი რესურსების ფონზე ამ  გადაცემას უჩვეულოდ დიდი შედეგი მოაქვს: მასში მონაწილეობა ჭიათურა-საჩხერის სკოლების მოსწავლეებისთვის უკვე პრესტიჟის საქმე გახდა.

შეიძლება გაკვირვებული დარჩეთ, როგორ ახერხებს რესურსების არმქონე ტელეარხი ამდენი გადაცემის გაკეთებას. ისინი ჯერ კიდევ DVD  ფორმატით მაუწყებლობენ და, ჯერჯერობით,  ხელი არ მიუწვდებად HDV კამერებზე (რომ აღარაფერი ვთქვათ ციფრულზე). მიუხედავად ამისა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას მზად აქვს დროში გაწერილი  განვითარების მრავალწლიანი გეგმა, რომელიც 2013 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასაც ითვალისწინებს.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელის და დამფუძნებლის რამაზ გამეზარდაშვილის თქმით,

მათთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ტექნიკური განვითარებისთვის ფეხის აწყობა და თანამედროვე მაუწყებლობის სტანდარტების დაკმაყოფილებაა. თუმცა, "იმერვიზიას"კიდევ ერთი თავსატეხი   საქართველოს პარლამენტმა   2009 წლის 30 ოქტომბრის #3 დადგენილებით გაუჩინა. აღნიშნული დადგენილების თანახმად, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) ლიცენზიების მფლობელები ვალდებულნი არიან სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსონ ორიგინალურ  ენაზე, საქართველოს სახლემწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით.   გამეზარდაშვილის აზრით,   ეს დადგენილება  ადგილობრივ ტელეარხებს,  სამომავლოდ,  სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

"ჩვენ,  ფილმების ამ რეჟიმით ჩვენების ფინანსური შესაძლებლობა ჯერ არა გვაქვს", აცხადებს გამეზარდაშვილი.  სწორედ ამიტომ,  საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ შეიმუშავა სპეციალური განცხადება და  კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას  მოუწოდა, გააუქმოს აღნიშნული დადგენილება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test