შემოგვიერთდი

14.07.2010 15:35

რადიო „ჯიპა"

David Mchedlidze
ახლო ხედით

რადიო  საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ბაზაზე დაარსდა, სწორედ ამიტომ სახელზე ბევრი არ უფიქრიათ და "ჯიპა" დაარქვეს. სულ თავიდან, სტუდენტური რადიოს გაკეთება სურდათ. მერე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ლიცენზიის თხოვნით მიმართეს და უფრო სერიოზული რადიოს გაკეთება გადაწყვიტეს.

რადიო  "ჯიპამ"   2005 წელს FM 94. 3 სიხშირეზე მაუწყებლობის უფლება მიიღო და მისი ეთერი  თბილისის ტერიტორიაზე ვრცელდება. რადიო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა,  საქართველოში აშშ-სა და პოლონეთის საელჩოებმა დააფუძნეს.

"რადიოს ჩამოყალიბების პროცესში ვიყავით, როცა თანამშრომლობა შემოგვთავაზეს  ამერიკულმა  National Public Radio-მ  და BBC-იმ.  დავიწყეთ მათი  პროგრამების რეტრანსლირება, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან საქართველოშიც შეგვიძლია მოვისმინოთ მსოფლიოში წამყვანი მედია საშუალებების პროდუქცია", - ამბობს რადიო "ჯიპას" დირექტორი გუგა სულხანიშვილი.

BBC -ის ერთსაათიანი გადაცემა ინგლისურ ენაზე ყოველ დღე ოთხჯერ  გადის ეთერში და სხვადასხვა თემას  მოიცავს,  ახალი ამბების გარდა, მსმენელს საშუალება აქვს მოისმინოს მსოფლიო ეკონომიკისა და სპორტის სიახლეები, ინტერვიუები სხვადასხვა საკითხზე. ღამის პირველ საათზე კი "ჯიპას" ეთერში BBC-ის ერთსაათიანი რუსულენოვანი გადაცემა გადის.

National Public Radio-ს გადაცემების მოსმენა  ყოველ დღე სამჯერაა შესაძლებელი. თითოეული გამოშვების ქრონომეტრაჟი ერთი საათია.

"ჯიპას" ეთერში ქართველი ჟურნალისტების საავტორო გადაცემებსაც მოისმენთ. ყოველ

ხუთშაბათს ნინია კაკაბაძის  გადაცემა "თავისუფალი აზრი"   18:00 სააათზე იწყება. ოთხშაბათობით კი ეთერშია ტოქშოუ "საუბრები მრავალფეროვნებაზე". გადაცემა უმცირესობებს ეძღვნება და თავად რადიოს დირექტორს, გუგა სულხანიშვილს მიჰყავს.

2010 წლის მარტიდან ყოველ დღე,  საღამოს შვიდ საათზე, რადიო "ჯიპა" ახალ ამბებს აშუქებს. პირველ ბლოკში ძირითადად სოციალური და პოლიტიკური სიახლეები იყრის თავს, შემდეგ კი კულტურა, სპორტი, უცხოთის ამბები.

საინფორმაციო გამოშვებას საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრანტები ამზადებენ.

"ეს გადაცემა იმით არის მნიშვნელოვანი,  რომ სტუდენტები,  სწავლის პარალელურად,  პრაქტიკას გადიან და თანდათან  პროფესიონალებად ყალიბდებიან, ეს მათთვის ჩვეულებრივი სამსახური გახდა," - ამბობს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი ბიძინა მაყაშვილი.

საინფორმაციო პროგრამისთვის სტუდენტები კონკურსის წესით შეარჩიეს, გადაცემას 4-5 ჟურნალისტი ამზადებს, მათგან  სამს ახალი ამბების გამოშვება მიჰყავს.  როგორც ერთ-ერთი წამყვანი ირინა ალიაშვილი ამბობს, ის,  რომ  სტუდენტს თავად ინსტიტუტი აძლევს პრაქტიკის გავლის საშუალებას, სწავლისთვის დამატებითი მოტივაციაა, თუმცა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ანაზღაურების საკითხიც.

"მე,  პირადად, სწავლის  გადასახადის ნახევარი დასაფარი მქონდა, მართალია დიდი ხელფასი არ  მაქვს, მაგრამ დავამატე და გადავიხადე,  ეს ფინანსურად, პრაქტიკის თვალსაზრისით კი მართლაც მნიშვნელოვანია. პროფესიულად გაზრდაში ხელს გიწყობს", - ამბობს საინფორმაციო გამოშვების ერთ ერთი წამყვანი ანი ბერუკაშვილი.

რადიო "ჯიპა"  აქცენტს რეკლამის გაყიდვაზე არ აკეთებს, რადგან მის გადაცემებს  დონორი ორგანიზაციები (USAID, გაეროს ასოციაცია, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო") აფინანსებენ.

ტექნიკური აღჭურვილობა საკმაოდ კარგი აქვთ, მონტაჟისთვის 6 კომპიუტერია გამოყოფილი, საეთეროც კარგი ხარისხის ტექნიკითაა დაკომპლექტებული.   რადიოში სულ  12 ადამიანი მუშაობს, ამათგან ექვსი  ჟურნალისტია.

რადიოს ეთერით, რა თქმა უნდა, მუსიკასაც მოისმენთ. მუსიკალური ეთერის  დიდი ნაწილი  როკს ეთმობა, თუმცა ისმის  ბლუზიც და ჯაზიც.  გარდა ამისა, რადიო,  ყოველ დღე,  30 წუთს თანამედროვე ქართულ მუსიკას უთმობს.

რადიოს მენეჯმენტი სექტემბრიდან რამდენიმე ცვლილებას გეგმავს. სამაუწყებლო ბადეს დილის გადაცემა დაემატება, რომლის ერთერთი წამყვანი გუგა სულხანიშვილი იქნება, რადიო "ჯიპა"  სპორტის შესახებ  მუდმივი   გადაცემის  მომზადებასაც აპირებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test