შემოგვიერთდი

21.06.2010 13:52

Netgazeti.ge - ახალი, მაგრამ უკვე პოპულარული

David Mchedlidze
ახლო ხედით

თავიდან, ინტერნეტ-გაზეთის გაკეთებას სულ  არ აპირებდნენ, გაზეთ "ბათუმელების" ინტერნეტ-ვერსიის ამუშავება სურდათ, თუმცა, ბოლოს, ინიციატივას "ნეტგაზეთის"-ის,  დამოუკიდებელი ინტერნეტ- გამოცემის, შექმნა მოჰყვა. ვებ-გვერდი, ახალ ამბებთან ერთად,  ბევრ ანალიტიკურ მასალასაც გვთავაზობს. მასზე ქვეყნდება   ინტერვიუები, როგორც ტექსტური, ისე  აუდიო და ვიდეოსახით.

Netgazeti.ge-ს  შექმნის იდეა 2007 წელს გაჩნდა. გაზეთ "ბათუმელებს", რომელიც აჭარის რეგიონში ვრცელდება, ადრე  ვებ-გვერდიც ჰქონდა - Batumelebi.ge, თუმცა, მისი განახლება   არაპერიოდულად ხდებოდა.  გაზეთის რედაქციამ ბევრად მოქნილი და გამართული ვებ-გვერდის გაკეთება გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ  16-გვერდიანი "ბათუმელების" მკითხველთა აუდიტორია გაიზრდებოდა. ახალი პროექტისთვის დაფინანსების მოპოვების მიზნით, რედაქციამ მოლაპარაკებები  დაიწყო  პარტნიორ ორგანიზაციასთან,  "მედია სესხების განვითარების ფონდთან" (MDLF).  მაგრამ 2008 წლის აგვისტოს  რუსეთ- საქართველოს ომმა, რეგიონული გამოცემის  გეგმებში კორექტივები შეიტანა - მომავალი ვებ-გვერდის კონცეფცია და ფუნქცია მთლიანად შეცვალა.

"ომის დროს იმდენად სწრაფად იცვლებოდა ინფორმაციები, რომ ყოველკვირეულმა გამოცემამ აქტუალობა დაკარგა. ჩვენი წყაროების მეშვეობით ბევრ ინფორმაციას ვიღებდით და გვინდოდა, რომ გაგვევრცელებინა. ამიტომ სასწრაფოდ გავაკეთეთ ბლოგი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. როდესაც სტატისტიკას ვათვალიერებდით, აღმოჩნდა, რომ ბევრი ვიზიტორი გვყავადა თბილისიდან და უცხოეთიდან. ისინი  უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ "ბათუმელები" თბილისში არ იყიდებოდა. ბეჭდური ვერსიის გაკეთების რესურსი არ გვქონდა, ამიტომ MDLF-თან კონსულტაციის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნაციონალურ ბაზარზე  ვებ- პროექტით Netgazeti.ge-თი შემოვსულიყავით", - ამბობს ნესტან ცეცხალაძე, "ნეტგაზეთის" მთავარი რედაქტორი და პროექტის მენეჯერი, რომელიც მანამდე   "ბათუმელების"  მარკეტინგის მენეჯერი იყო.

ვებ-გვერდი "კემპსაიტის" ბაზაზე MDLF-მა შექმნა, ჰოსტინგი გერმანიაში აიღეს. როგორც რედაქტორი ამბობს, საიტის შენახვა იქ უფრო უსაფრთხო და იაფია, ვიდრე საქართველოში.  თუმცა, ამის მიუხედევად,  "ბათუმელებმა" საკუთარი სახსრებით ვებ-გვერდის  ამუშავება ვერ შეძლო, რადგან  2008 წლის შემდეგ სარეკლამო ბაზარი გაუარესდა. მოგვიანებით, პროექტი ფონდმა "ღია საზოგადოება საქაერთველომ" დააფინანსა და "ნეტგაზეთიც", როგორც დამოუკიდებელი გამოცემა, 2010 წლის იანვარში ჩაუშვეს. თუმცა ის   რჩება შპს "გაზეთი ბათუმელების" მენეჯმენტის ქვეშ, რომელიც  ამ ვებ-გვერდთან ერთად,  გაზეთ "ბათუმელებსა" და ტურისტულ კომერციულ საიტს Pliaj.ge -ს ფლობს.

"ნეტგაზეთი" შინაარსობრივად მრავალფეროვანი პორტალია. "ახალ ამბებში", ნიუსებთან ერთად, მიმდინარე მოვლენების ანალიზსაც გაეცნობით. პოლიტიკა ცალკე არ არის გამოყოფილი და ისიც"ახალ ამბებშია" გაერთიანებული. სხვა რუბრიკებია: "ეკონომიკა", "ტექნოლოგიები", "სამართალი", "კომენტარი", "კულტურა" და "საზოგადოება". თითოეულ რუბრიკაში, ტექსტურის  გარდა,  ვიდეო და აუდიო მასალებიც ქვეყნდება, "ინტერვიუ" კი ცალკე აქვთ გამოყოფილი.

"გვინდოდა, რომ  ჩვენს ვებ-გვერდზე მრავალი  მოსაზრება წარმოგვეჩინა, ამიტომ კომენტარის ცალკე  განყოფილება გავაკეთეთ, სადაც, გარდა იმისა, რომ ამა თუ იმ საკითხზე

ინტერვიუები და ვიდეო კომენტარები თავსდება, აქტიურად  ვიყენებთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარებს. თუ რომელიმე მოგვეწონა, ვურეკავთ ავტორს და თანხმობის შემთხვევაში,  ვდებთ ჩვენს ვებ-გვერდზე", - ამბობს ნესტან ცეცხლაძე.

"ნეტგაზეთი" და "ბათუმელები" მასალებს ხშირად ცვლიან. აჭარაში, მაღალმთიან რაიონებში, სადაც გაზეთი ვრცელდება, ინტერნეტი არ არის.  "ბათუმელებს" საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯგუფი ჰყავს, მათ მიერ გამოკვლეული მასალები "ნეტგაზეთის" რუბრიკაში "გადამოწმება დემოკრატიისთვის" ქვეყნდება.

საიტს სპორტის განყოფილება  არ აქვს, ამ თემაზე მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის დროს წერენ, თუმცა წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში  მიმდინარეობს,  გვერდი ვერ აუარეს. ამ თემაზე  ცნობილი ჟურნალისტების და ყველა იმ ადამიანის საბლოგო ჩანაწერები ქვეყნდება, ვინც "ნეტგაზეთთან" თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და ვისი ნაწერიც რედაქციამ  მოიწონა. აქ ტექსტთან ერთად ვიდეოფაილებსაც  ათავსებენ.

მცირე რესურსის გამო, რეპორტიორები ვიდეომასალებს თვითონ იღებენ და თავადვე ამონტაჟებენ. ვიდეო ფაილებს ჯერ YouTube-ზე ტვირთავენ და შემდეგ საიტზე გამოაქვთ, აუდიო მასალების ატვირთვა  კი  Soundcloud-ზე ხდება. ეს ქსელი უფასოა და მომხმარებელს, ნაკლები დანახრჯით და  მცირე დროში, საკუთარ  საიტზე თუ ბლოგზე  აუდიო ფაილების განათავსების საშუალებას აძლევს.

ინტერნეტ-გამოცემა ტექნიკური აღჭურვით ვერ დაიკვეხნის. რედაქციას, რომელიც   ორ პატარა ოთახში მუშაობს, მხოლოდ რამდენიმე კომპიუტერი,  ორი პატარა ვიდეო კამერა და ორიც საშუალო ხარისხის ფოტოაპარატი აქვს.

"ნეტგაზეთისთვის"  12 ადამიანი მუშაობს - 7 ჟურნალისტი, 2 სტუდენტი, რომელიც მასალებს პერიოდულად წერს, რედაქტორი, ტექნიკური დირექტორი და ვებ-დეველოპერი. ყველა ახალ იდეას ერთად ამუშავებენ და ცდილობენ, მცირე ფინანსების მიუხედავად, მკითხველს სიახლეები შესთავაზონ.

როგორც ნესტან ცეცხლაძე ამბობს, მათი მასალები კონკრეტული სეგმენტისთვის  არ არის გათვლილი.

"ჩვენს აუდიტორიად შეიძლება ჩაითვალოს ყველა ის ადამიანი, რომელსაც  გადამოწმებული  და სანდო ინფორმაცია აინტერესებს. მგონია, რომ "ნეტგაზეთი" რეიტინგული სწორედ ამიტომ გახდა. თავიდანვე არსებობდა ნდობა გაზეთ "ბათუმელების" მიმართ. დასაწყისში რესპონდენტებისთვის რომ აგვეხსნა, ვინ ვიყავით, "ბათუმელების" სახელს ვიყენებდით. ეს ახლა სულ უფრო ნაკლებად გვჭირდება. საკმაოდ მოკლე პერიოდში ცნობილები გავხდით",  - ამბობს ინტერნეტ-გამოცემის რედაქტორი.

საიტს დღეში  საშუალოდ 600-700 ვიზიტორი ჰყავს. რედაქტორის თქმით, ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად იზრდება იმ დროს, როდესაც ქყვეყანაში მნიშვნელოვანი ამბები  ხდება. ასეთ დროს უნიკალურ  ვიზიტორთა რაოდენობა 1600-იც კი ყოფილა.

"ნეტგაზეთი",  ჯერჯერობით,   მხოლოდ დონორთა ფინანსებით არსებობს. თუმცა რედაქცია შემოსავლების მიღებას  რეკლამიდანაც აპირებს. აქამდე რედაქცია  ინტერნეტ - პროდუქტის შექმნასა და ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test