შემოგვიერთდი

03.06.2010 14:01

„რადიოქალაქი" არა მხოლოდ ქალაქისთვის

David Mchedlidze
ახლო ხედით

"რადიოქალაქი" საქართველოს მთელს ტერიტორიაზე  მაუწყებლობს, მის ეთერში  ქვეყნის ამბებს ჰყვებიან და მსოფლიო მუსიკა ისმის. ახალი ეტაპი "რადიოქალაქის" ისტორიაში 2009 წლის აგვისტოდან იწყება, მაშინ კომპანია "მედია მენეჯმენტ გრუპმა"  რადიოსიხშირე (FM 101.9)  კომპანია "რადიო არტისგან" მართვის უფლებით აიღო. მანამდე "მედია მენეჯმენტ გრუპი"  უკვე ფლობდა ინგლისურენოვან გაზეთს "Georgia Today", ჟურნალებს "ფოკუსი" და "Auto Bild", გარდა ამისა, მასვე ეკუთვნის სასტუმროების, "რედისონის", "თბილისი მერიოტისა"  და ბანკი "რესპუბლიკას" კორპორატიული გამოცემები.

ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ  "რადიოქალქის" დაფარვის არეალი გაიზარდა და მთელი საქართველო მოიცვა. აუდიტორია, როგორც რადიოს გენერალური მენეჯერი გიორგი შარაშიძე ამბობს,  20-დან 45 წლამდე ასაკი მსმენელებისგან შედგება,

"ჩვენი მსმენელია არა მხოლოდ ბიზნესმენი, არამედ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, რომელიც თანამედროვე ცხოვრებით ცხოვრობს და რომლისთვისაც საინტერესოა თუ რა ხდება ქვეყანაში", ამბობს გიორგი შარაშიძე, რომელიც "მედია მენეჯმენტ გრუპის" ხელმძღვანელიცაა.

შეიცვალა საინფორმაციო სამსახურის მუშაობაც. 2009 წლის ნოემბრიდან საინფორმაციო გამოშვება დილის 9-დან საღამოს 8 საათამდე  ყოველ სრულ საათზე გადის.

"ჩვენი საინფორმაციო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება დაბალანსებული ინფორმაცია გავიდეს ეთერში. იმ დონეზე გვაინტერესებს ბალანსი, რომ თუ მაქვს მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია და ვერ მოვიპოვე მისი ოპონენტის კომენტარი, ამ ინფორმაციას ვბლოკავ და საერთოდ არ ვუშვებ ეთერში. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტური სარედაქციო დამოუკიდებლობა გვაქვს. ჩვენი მთავარი სლოგანია "შენ გაქვს უფლება, გაიგო სიმართლე" და ზუსტად ამას ვემსახურებით", - ამბობს რადიო "ქალაქის" საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი მარიკა ბოჭორიძე.

რედაქციამ ეკონომიკური ხასიათის ახალი ამბები  მკვეთრად გამიჯნა  სხვა ტიპის ინფორმაციისგან, ამიტომ ყოველი ნახევარ საათში საინფორმაციო გამოშვება "ბიზნესი დღეს" გადის, როემლიც  მსმენელს ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებს ამცნობს. "ესა თუ ის ინფორმაცია, შესაძლოა, კნკრეტული    კომპანიისთვის რეკლამა აღმოჩნდეს, მაგრამ ჩვენ ამით არ ვიზღუდებით. მთავარია ინფორმაცია სასარგებლო იყოს მსმენელისთვის," - ამბობს გადაცემის წამყვანი ინგა შუბითიძე.

ბიზნეს-სიახლეების   შემაჯამებელი გამოშვება 18:30 საათზე  გადის ეთერში. გადაცემა მოიცავს  რუბიკას "რადიო ბრეიქი", რომელიც  "რადიოქალაქისა" და სასტუმრო "თბილისი მარიოტის" ერთობლივი პროექტია. რუბრიკაში ცნობილ ბიზნესმენებს იწვევენ, ინტერვიუ კი სტუდიის გარეთ "მარიოტის" კაფე "პარნასში" იწერება. საუბრის აუდიო ვერსია რადიოს ეთერში გადის, ბეჭდური ვერსია - გაზეთ "Gerogia Today" - ში ქვეყნდება,  ხოლო ვიდეო ვერსია Facebook-ში რადიოს გვერდზე იტვირთება.

საინფორაციო გამოშვებებს  ექვსი  ადგილობრივი და რვა  რეგიონული კორსპონდენტი ამზადებს. რაც შეეხება მატერიალურ ტექნკურ ბაზას, რადიო და ხმის ჩამწერი სტუდია თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, რასაც ვერ ვიტყვით ნიუსრუმზე. ჟურნალისტები ჩვეულებრივი დიქტოფონით მუშაობენ, მანქანაც მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისთვის ჰყავთ და, ძირითადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან.

მთელი დღის საეთერო დრო ოთხ ნაწილად არის გაყოფილი. დილის გადაცემა, რომელიც ნინი ბუკიასა და ბექა ონიანს მიჰყავთ, 8 საათზე იწყება და 11 საათმადე გრძელდება. შემდეგ, 3 საათამდე,  თათა სანდრაძე მუშაობს. წამყვანი დღის განმავლობაში სხვადახვა სტუმრებს რთავს ეთერში და ცდილობს, თავად კომპანიის წარმომადგენლებისგან მიაწოდოს მსმენელს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დაუჯდებათ შიდა ტურები, სად დაიწყო ფასდაკლება, რამდენი დაგეხარჯებათ ამა თუ იმ რესტორანში სადილობა. როგორც  თათა სანდრაძე ამბობს, გადაცემა მომხმარებელზეა გათვლილი, ამიტომ მომსახურების ფასს ყოველთვის ასახელებენ.

საღამოს 5 საათზე ნათია ორველაშვილის  ტოქშოუ "დღის თემა" იწყება. მოწვეულ სტუმართან ერთად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ. საღამოს ეთერი დათო მაღლაფერიძეს მიჰყავს, დღის განმავლობაში გადაღლილი მსმენელის გახალისებას სხვადასხვა ინფორმაციითა და მოწვეული სტუმრებით ცდილობს. რაც შეეხება ღამის ეთერს, ყოველ სამშაბათს ნინო არაზაშვილის საავტორო გადაცემა "ერთი ერთზე" გადის, წამყვანი სტუდიაში ცნობილ ადამიანებს იწვევს და ერთგვარ რადიო პორტრეტებს აკეთებს. ყოველ პარასკევს კი რუსო სტრელკოვას მიჰყავს ინგლისურენოვანი გადაცემა FILTER FREE, რომელიც   ზოგად თემებს მიმოიხილავს.

რადიოს ეთერში, რაღა თქმა უნდა,   მუსიკაც ისმის -  ე.წ. "სოფთ ეისი". რაც ყველა მიმდინარეობის მსუბუქ ვარიანტს მოიცავს, "სოფთი" იმიტომ ჰქვია, რომ ეს არის ყველაზე დაბალანსებული მუსიკა. მაგალითად, როკი, ოღონდ არა ძალიან მძიმე. "ჩვენს ეთერში ვერ მოისმენთ იმ სიმღერებს, რაც ქართულ რეალობაში ძალიან "გოიმურია" ან ძალიან მოდაშია, ანუ ეს ორი უკიდურესობა არ ახასიათებს "რადიოქალაქს", - ამბობს რადიოსადგურის მუსიკალური და ტექნიკური დირექტორი არჩილ ბუბუტეიშვილი.

რადიოს ძირითადი შემოსავალია რეკლამა, როგორც  რადიოს ხელმძღვანელი გიორგი შარაშიძე ამბობს, 2009 წლის შემოდგომის შემდეგ სარეკლამო შემოსავალი დაახლოებით 10-ჯერ არის გაზრდილი და ამ ეტაპზე რადიო თავის თავს "ინახავს."

"მინდა შევქმნა მედია ბიზნესი, რომელიც არ იქნება არავისი ინტერესების გამტარებელი და საკუთარი შემოსავლებით შეძლებს არსებობას, ამის მიღწევა  რთულია, მაგრამ  შესაძლებელია, " - ამბობს გიორგი შარაშიძე, რომელსაც ტელეგადაცემების წარმოებაც სურს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test