შემოგვიერთდი

24.05.2010 11:10

ITV - მათთვის, ვინც ვერ იცლის ტელევიზორისთვის

David Mchedlidze
ახლო ხედით

თბილისის ცენტრში ჩვეულებრივი 14 სართულიანი შენობის ბოლო სართულიდან ტელევიზია მაუწყებლობს, ჟურნალისტები ინტერვიუებზე გარბიან, მემონტაჟეები სიუჟეტებს აკეთებენ, სტუდიაში კი ეთერში გასასვლელად  გადაცემის წამყვანი ემზადება. ყველაფერი ისეა, როგორც სხვა ტელევიზიებში, ერთი განსხვავებით, ITV-ს ყურება ტელევიზორის ნაცვლად კომპიუტერში შეგიძლიათ.

ITV ინტერნეტ ტელევიზიაა, ამჟამად ერთადერთი ქართულ მედია ბაზარზე. მანამდე ინტერნეტით "გევიჟენი" მაუწყებლობდა. თუმცა ფინანსური პრობლემების გამო 2009 წლის დეკემბერში მუშაობა შეწყვიტა. ITV-ს შექმნის იდეა ერთი წლის წინ "კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს" გაუჩნდა, მის შემადგენლობაშია საინფორმაციო პორტალი pressa.ge . თავად ეს კომპანია კი "კავკაზუს ონლაინს" ეკუთვნის. ITV სწორედ კავკაზუსის საიტებიდან იღებს დაფინანსებას, როგორც საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძე ამბობს,  დამოუკიდებელ დაფინანსებაზე ტელევიზია მალე გადავა და აქტიურად დაიწყებენ რეკლამების გაშვებას.

ინტერნეტ-ტელევიზია ძირითად აქცენტს საინფორმაციო გადაცემებზე აკეთებს. დღის განმავლობაში სიუჟეტები პერიოდულად ქვეყნდება. სამკაციანი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს იმისათვის, რომ გადაცემები პირდაპირ ვებგვერდზე  განთავსდეს. მთავარი საინფორმაციო გამოშვება კი საღამოს 9 საათზე იწყება. მერე რა თუ ტექნიკა საშუალო ხარისხის აქვთ, მხოლოდ 10 ჟურნალისტი, 2 მემონტაჟე და 6 ოპერატორი ჰყავთ. აქ ერთი ადამინი რამდენიმე ფუნქციას ასრულებს და საქმეს ერთად აკეთებენ. ირაკლი ჩიხლაძე სანფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელობასთან ერთად ორი გადაცემის წამყვანიცაა.

"შტატების დამატების საშუალება არ გვაქვს. ამიტომ ყველა ცდილობს საერთო საქმისთვის მაქსიმალური გააკეთოს. საინფორმაციო გამოშვებას ვგეგმავ, საღამოს მიმყავს კიდეც, კვირაში ორჯერ პოლიტიკურ ტოქშოუს ვაკეთებ, სულ 2 მემონტაჟე გვყვავს, ამიტომ 3-4 სიუჟეტის დამონტაჟებაც მიწევს", - ამბობს ირაკლი ჩიხლაძე. "ITV ამბები" მას და ხათუნა შუბითიძეს მონაცვლეობით მიჰყავთ.

გასაშუქებლად თემებს გუნდური პრინციპით არჩევენ. ITV-ს მიკროფონს არამხოლოდ პოლიტიკური მოვლენების დროს ნახავთ. რეიტინგისთვის სკანდალებს არ ეძებენ და აშუქებენ იმას, რაც, მათი აზრით, მაყურებელს აინტერესებს. ITV -ს ძირითადი მომხმარებლები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები არიან.

"ჩვენ გვაქვს საშუალება დავაკვირდეთ, საიდან შემოდიან ჩვენს საიტზე. ძალიან ბევრი ვიზიტორი ფიქსირდება რუსეთიდან, ამერიკითან საბერძნეთიდან, იმ ქვეყნებიდან, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს, გარდა ამისა, ჩვენს აუდიტორიაში შედიან საქმიანი ადამინები, რომლებიც დროს კომპიუტერთან ატარებენ და ტელევიზორის ყურების საშუალება არ აქვთ", - აღნიშნავს ITV -ს გენერალური პროდიუსერი ნინო თარგამაძე.

საინფორმაციო გამოშვების გარდა,  ცალკე რუბრიკადაა ინტერვიუ და ახალი ტექნოლოგიები. ITV -ს საიტზე თქვენ ასევე შეგიძლიათ უყურთ ორ ტოქშოუს - "ქართული ბიზნესი", სადაც ბიზნესში მიმდინარე სიახლეები და პრობლემები განიხილება და "ყველა კითხვა," სადაც მოწვეულ სტუმართან ერთად პოლიტიკაზე საუბრობენ.  ტოქშოუები დაუმონტაჟებლად იდება საიტზე. გადაცემის წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე ამბობს, რომ ფართის არქონის გამო 2  სტუმარზე მეტი ვერ მოჰყავთ. ტექნიკური პრობლემებია სააპარატოშიც.

ITV-ს საიტს დღეში საშუალოდ 5 ათასამდე ვიზიტორი ჰყავს. ამ ტელევიზიის რეკლამა არსად გვხვდება, ვერც ბილბორდებზე ნახავთ მათ პლაკატებს, მხოლოდ კავკაზუსის საიტებზე თუ შენიშნავთ ბანერებს.

"ამ ერთი წლის განმავლობაში შევძელით ის, რომ, ასე თუ ისე,  ცნობილები გავხდით და რესპონდენტებისთვის არ გვიწევს ახსნა, ვინ ვართ, არ გვაქვს ცუდი რეიტინგი, რაც გვარწმუნებს იმაში, რომ აღებული კურსი სწორია. ჩვენ მომავლის ტელევიზია ვართ, თანდათან ვვითარდებით, ჩვენი გადაცემებიც მალე დაიხვეწება", - ამბობს ნინო თარგამაძე.

გენერალური პროდიუსერის თქმით, სექტემრიდან  ITV განახლებული გადაცემებით გავა ეთერში. იგეგმება სპორტული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი გადაცემების დამატება. თითქმის დასრულებულია სტუდიის განახლება, დაამატეს დეკორაციები, რაც საშუალებას აძლევთ, რამდენიმე გადაცემა იქვე ჩავწერონ. გარდა ამისა, მალე გაიხსნება სამი ბიურო აჭარაში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში, რის შემდეგაც რეგიონული ამბებს აქტიურად გააშუქებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test