შემოგვიერთდი

19.05.2010 12:23

,,მაესტრო" ახალი გეგმებით

David Mchedlidze
ახლო ხედით

ტელეკომპანია "მაესტრო" რეორგანიზაციის პროცესს ასრულებს და მაისის შუა რიცხვებიდან მაყურებელს განახლებულ ეთერს შესთავაზებს. არხის დირექტორი კახა ბექაური ამბობს, რომ "მაესტრო"CNN -სა და FOX NEWS -ს დაემსგავსება.

ოფისიც შეიცვალეს და ნუცუბიძის ქუჩაზე გადავიდნენ. სამსართულიანი შენობის მეორე სართული მთლიანად სტუდიასა და სამონტაჟოებს აქვს დათმობილი, დეკორაციების მონტაჟი ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად აღქმა იმისა, თუ როგორი იქნება ახალი "მაესტრო" რთულია. ოფისში შესვლისას ყველაფერი ერთ რამეზე მიუთითებს - აქ ყველა ცვლილებებისთვის ემზადება.

"მაესტრო" 1995 წელს დაარსდა, თავდაპირველად სტუდია იყო, რომელიც იუმორისტულ-სატირულ და შემეცნებით-გასართობი ხასიათის პროგრამებს ამზადებდა და ყოფილ სახელმწიფო არხზე უშვებდა.

2001 წელს ,"მაესტრომ", მაშინ ჯერ კიდევ სტუდიამ, ტელეკომპანია  "პირველი სტერეოზე" საეთერო დრო აიღო და  მუსიკალური გადაცემების გაშვება დაიწყო, სამი წლის შემდეგ სტდუდია, იგივე გადაცემებით, ტელეკომპანია "ევრიკას" ეთერში გამოჩნდა, თუმცა მისი პროგრამები მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენში ვრცელდებოდა, "ევრიკას" შეზღუდული სიგნალის გამო.

როგორც სტუდიის  ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ამბობს, ქართულ სატელევიზიო სივრცეში პირველი რეალური შოუ "მატანი" სწორედ "მაესტრომ" გაუშვა  ეთერში, პირველი მუსიკალურ-გასართობი არხიც მათ გააკეთეს.

"მაესტრო" საკაბელო ტელევიზიად 2006 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა, შედეგად, ტელევიზიამ საკუთარი პროგრამების გავრცელება, ადგილობრივი პროვაიდერების საშუალებით,  სხვა ქალაქებშიც დაიწყო,.

2007 წლის ნოემბერში ""მაესტრო"" ხელმძღვანელობამ ტელევიზიის ფორმატის შეცვლა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური არხად გარდაქმნა  გადაწყვიტა. რის გამოც ლიცენზიის მოდიფიცირების ან ახალი ლიცენზიის მინიჭების თხოვნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ  კომისიას მიმართა.

კომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდა. ამ პერიოდში "მაესტრო" ეთერში ახალი გადაცემები "პროფესია ჟურნალისტი", "უკომენტაროდ" და "გამოკითხვა" გავიდა. გაჩნდა პოლიტიკური პროგრამებიც.  "მაესტროს" მესვეურებმა კომუნიკაციების კომისიის ყოყმანს პოლიტიკური სარჩული დაუდეს. ტელევიზიის თანამშრომლებმა სიტყვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით  აქციებიც გამართეს. მათ მხარი დაუჭირა მედიამ და ოპოზიციამ.

2008 წელს საქართველოს პარლამენტმა   "პოლიტიკური ნება"  გამოავლინა და კომუნიკაციების კომისიას რეკომენდაცია მისცა  ""მაესტროსთვის"  საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაკეთების უფლება, შესაბამისი ლიცენზიის  საფუძველზე მიენიჭებინა. ამის შემდეგ,  ტელეკომპანიამ  ახალი ამბების გაშუქება დაიწყო, მოგვიანებით, მის ეთერში    ტოქ შოუებიც გამოჩნდა.

2009 წლის ნოემბერში, "მაესტრო" სამწლიანი მართვის უფლებით გადაეცა "რუსთავის მედია მართვის კომპანიას" , რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის ყოფილმა  დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა შექმნა.  მმართველმა კომპანიამ ტელევიზიაში შექმნილი  ფინანსური კრიზისის დაძლევა, მისი მენეჯმენტის გაუმჯობესება და  და საეთერო ბადის განახლება გადაწყვიტა. იმავე პერიოდში არხის დასახმარებლად სპეციალური ანგარიშიც კი გაიხსნა, სადაც მსურველებს თანხის გადარიცხვა შეეძლოთ. თუმცა, კომპანიის მფლობელები არ შეცვლილან. მამუკა ღლონტის თქმით, "მაესტროს"  მთლიანი წილის 10-10 პროცენტს 10 ადამიანი ფლობს.

ახალმა მენეჯმენტმა ტელევიზიის რეორგანიზაცია უკვე დაიწყო.

ტელეკომპანიის დირექტორი კახა ბექაური ამბობს, რომ რეორგანიზაციის პროცესი თითქმის დასრულებულია,  განახლებული  საეთერო ბადე ითვალისწინებს  ახალი ამბების 24-საათიიან მაუწყებლობას, ასევე პოლიტიკური  ტოქშოუების გადაცემას.

კახა ბექაური იმედოვნებს, რომ ახალი საეთერო ბადე მათ რეკლამის მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს. მისი თქმით, საქართველოს სარეკლამო ბაზარი დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარია და მისი 5 პროცენტის მოზიდვა ტელევიზიას თვითკმარს გახდის.

ახალ ბადეში საეთერო დროის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 8 საათი,  უცხოური საინფორმაციო გამოშვებებს  დაეთმობა. ეთერში გავა ტოქშოუები,   საწყის ეტაპზე,  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ეთერში გავა  ორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქ-შოუ. გარდა ამისა,  საღამოს ათერში, ორჯერ გადაიცემა  ერთსაათიანი საინფორმაციო პროგრამა.

შაბათ-კვირას ეთერში გავა  ანალიტიკური  გადაცემები. სექტემბრიდან კი "მაესტრო" უფრო მეტი პროდუქტით დაუბრუნდება ეთერს.

მაისის პირველი ნახევრიდან 24 საათიან რეჟიმში თანამგზავრით მაუწყებლობა იგეგმება, რაც ბექაურის თქმით, წელიწადში 150 ათას დოლარამდე დაუჯდება.

რაც შეეხება რებრენდიგის ხარჯებს, ბექაური ამბობს, რომ არ აპირებენ დიდი მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარებას, ასევე არხის შეფუთვისას არ ისარგებლებენ ძვირადღირებული კომპანიების მომსახურებით. ხარჯებს კი ამ ეტაპზე "რუსთავის მედიის მართვის  კომპანია" ფარავს, რომელსაც სარეკლამო დრო ექსკლუზიურად აქვს ნაყიდი. "მაესტრო' მთავარ იმედს სწორედ რეკლამაზე ამყარებს.

"ის რომ ბიზნესმენებს ატერორებენ ლეგენდაა, იმ სარეკლამო მოცულობიდან, რომელიც გვაქვს, ხელისუფლება 30 პროცენტს აკონტროლებს, დანარჩენი არის საერთაშორისო ბრენდები, რომელზეც ხელისუფლებას გავლენა არ აქვს",  - ამბობს ბექაური და იქვე დასძენს, რომ მთავარი რეკლამის მომწოდებელი სწორედ უცხოური კომპანიები იქნებიან, რომელთა სარეკლამო ბიუჯეტი ცენტრალური ფილიალებიდან კონტროლდება.

"მაესტროს"" საინფორმაციოს ხელმძღვანელის თამარ რუხაძის თქმით, ამ ეტაპზე ახალ ამბების კეთებისას პრობლემები არ იქმნება, ნორმალურ ურთიერთობა აქვთ ყველა სახელისუფლებო შტოსთან და შეძლებისდაგვარად შუქდება ყველა მოვლენა. რუხაძე ამბობს, რომ განახლებულ ეთერში დასვამენ ყველა მწვავე კითხვას და კვლავ კრიტიკულები იქებიან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test