შემოგვიერთდი

07.05.2018 18:11

რას გულისხმობს კომუნიკაციების კომისიის ახალი პროგრამა?

Media Ge
სტატიები ინტერვიუ

Media.ge გთავაზობთ  კომუნიკაციების ერივნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის ინტერვიუს ტელეკომპანია „იმედის“ წამყვან თეა სიჭინავასთან  ,  პროექტ „მედიაწიგნიერების“  შესახებ, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო.

-მაყურებლისთვის  რომ გასაგები იყოს, რა არის მედია წიგნიერება?

-მედია წიგნიერება არის პროექტი, რომელიც შემდეგ შინაარსს გულისხმობს. პირველი, რომ ორივე მხარის, მედია პროდუქტების შემქმნელების მხარესაც და მედია პროდუქტების მომხმარებლის მხარესაც გარკვეული კვალიფიკაციის, გარკვეული დონის ამაღლებას გულისხმობს და შესაბამისად ჩვენი მედია წიგნიერების პროექტიც ამ ორ ძირითად მიმართულებას ემყარება. ანუ, უფრო მეტი კონკრეტიკა რომ იყოს, ჟურნალისტებისთვის და მედია მენეჯერებისთვის, როგორც დამწყებებისთვის, ასევე მოქმედი ჟურნალისტებისა და მოქმედი მედია მენეჯერებისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედია წიგნიერების პროექტის ფარგლებში გააკეთებს აკადემიას, სადაც შესაძლებლობა ექნება მოქმედ და დამწყებ ჟურნალისტებს კვალიფიკაცია აიმაღლონ. ძირითადი აქცენტები გაკეთდება იმაზე, რომ მოგეხსენებათ ტექნოლოგიების განვითარების პირობებში იცვლება მედია პროდუქტის წარმოების საშუალებები. კერძოდ, კლასიკური მედიიდან მედია პროდუქტების მოხმარება მომხმარებლის მხარეს გადადის სხვადახვა პლატფორმებზე, ძირითადად ინტერნეტ პლატფორმებზე. ეს არის კომპიუტერი და სმარტფონები, სადაც მომხმარებლის ქცევიდან გამომდინარე სხვა ტიპის მედია პროდუქტებია საჭირო, რომ პროდუქტის მწარმოებლებმა აწარმოონ. ამ მხრივ, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში კარგი მდგომარეობა არ არის. ისეთი დიდი მედია კომპანიებიც კი, ჩემი გადასახედიდან, ვერ ახერხებენ დღეს, არ აქვთ მულტიმედიური პროგრამები განვითარებული და ჯერჯერობით ჩამორჩებიან მომხმარებლის ქცევის ცვლილებას. ანუ, მომხმარებელს უკვე უნდა ინტერნეტის პლატფორმებზე განსხვავებული მედია პროდუქტები და დიდი მედია კომპანიებიც იმ ხარისხის მულტიმედიურ პროდუქტს მომხმარებელს ვერ აწვდიან.

-ტექნოლოგიური განვითარების  კუთხით  იქნება  მთავარი აქცენტი გაკეთებული, როდესაც მედია წიგნიერებაზე  ვსაუბრობთ  თუ  შინაარსზეც?

-ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური განვითარებაა, რასაც მოაქვს და რამაც მოიტანა შინაარსობრივი განვითარება. როგორც უკვე ვთქვი, განსხვავებული მედია პროდუქტები განსხვავებული შინაარსით არის საჭირო, რომ განსხვავებულ პლატფორმებზე მიაწოდოს. უკვე მოთხოვნა ჩნდება არა დიდი, გრძელი ფორმატის მედია პროდუქტების, არამედ უფრო პატარა ქრონომეტრაჟით და განსხვავებული მულტიმედიური პროდუქტების და ამას შინაარსობრივადაც სხვანაირი მიდგომა სჭირდება, რომ შინაარსობრივად სხვა ტიპის პროდუქტები გაკეთდეს. ეს ერთი მხარეა, მაგრამ მეორე, მომხმარებლის მხარეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მედია წიგნიერების ფორმატში ჩვენ მეორე მიმართულების განვითარებასაც ვგეგმავთ.

-აქ როგორ   უნდა მოხდეს? ერთია, როდესაც ის, ვინც ქმნის მედიის პროდუქტს, ის იყოს უშუალოდ ჩართული ტრენინგებში, მასტერ კლასებში მიიღოს  მონაწილეობა და ეს -ტექნოლოგიური ინოვაციები  აითვისოს, მაგრამ მეორეს მხრივ, ის, ვინც მოიხმარს ამ  პროდუქტს, მისი გათვითცნობიერება და განათლება როგორ მოხდება?  

-ზუსტად. შესაბამისად უკვე დგება საკითხი, რომ ახალი მულტიმედიური პროდუქტების განვითარებამ მოიტანა ის, რომ პროდუქტი შინაარსობრივადაც იცვლება, ამან მოიტანა ეგრეთ წოდებული ყალბი ახალი ამბების, ეგრეთ წოდებული პროპაგანდის, ფეიკ-ნიუსების და ასევე უხარისხო მედია პროდუქტების განვითარება. შესაბამისად, ამ მიმართულებით მომხმარებლის  მხარეს, სხვადასხვა სეგმენტზე აუცილებელია მათ აუმაღლდეთ კვალიფიკაცია, განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება იმისთვის, რომ ხარისხიანი ჟურნალისტიკის მედია პროდუქტები ადვილად მონახონ ამ მრავალფეროვან გარემოში. ჩვენ სხვადასხვა სამომხმარებლო სეგმენტზე განვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც, სხვათა შორის, უკვე აპრობირებულია დასავლეთში, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, ამერიკაშიც და წარმატებული პროექტებია, რომელიც სხვადასხვა სამომხმარებლო ჯგუფზე მათ გზამკვლევს აკეთებს ამ მრავალფეროვან მედია გარემოში, რომ ხარისხიანი  მედია პროდუქტი იპოვონ და მოიხმარონ. მათთვის სასურველი რომელიც იქნება. ეს არის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ამ ყველაფერმა, გარდა იმისა, რომ ხარისხიანი ჟურნალისტიკისა და ფეიკ-ნიუსის თუ პროპაგანდის საკითხი მძაფრად დააყენა, მეორე მხარეა, რომ თავად ბიზნეს მოდელი იცვლება, ამიტომ ეს მედია მენეჯერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კლასიკურ მედიაში, სადაც დალაგებული იყო პროდუქტის წარმოება და პროდუქტი არის, რომ საკუთარ მაყურებელზე ან საკუთარ მკითხველზე წვდომას ყიდის ნებისმიერი მედია საშუალება რეკლამის მიმცემზე, აქ უკვე ეს იცვლება. რადგან პლატფორმა იცვლება და ინტერნეტში გადაინაცვლებს, ჯერ ერთი, რომ მედია პროდუქტები უფრო მრავალფეროვანი გახდა და ასევე უკვე დგება შემოსავლების მიღების პრობლემა. აღარ არის ის არხები და ის წყაროები, საიდანაც სარეკლამო შემოსავლებს იღებენ, იქ უკვე სხვანაირი, სხვა ტიპის სარეკლამო პროდუქტებია საჭირო იმისთვის, რომ შენ საინტერესო იყო რეკლამის მიმცემისთვის.

-ახლა ჩვენ ვისაუბრეთ მედიის განვითარებაზე. მედიის წარმომადგენლები არიან ამაში ჩართულები, მათ შორის ჩვენ, ჟურნალისტებიც და თქვენ ჟურნალისტებთან შეხება გქონდათ უკვე, არა როგორც მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის სტატუსით, არამედ როგორც უშუალოდ მედიაში ჩართულს, თქვენ ძალიან კარად იცნობთ ჩვენს სპეციფიკას, აქიდან გამომდინარე არ ფიქრობთ, რომ ეს გარკვეულად შეიძლება უხერხული იყოს მედიის წარმომადგენლებისთვის, როდესაც  კომუნიკაციების ეროვნული კომისია სთავაზობს გარკვეულ ბაზას იმისთვის, რომ მათ კვალიფიკაცია აიმაღლონ?

-რა კუთხით უხერხულობას გულისხმობთ?

-მოდით ასე ვთქვათ, როდესაც მარეგულირებელი კომისია ქმნის რაღაც გარკვეული ტიპის აკადემიას.

-თქვენ გულისხმობთ, რადგანაც მარეგულირებელი კომისია მაინც სახელმწიფო სტრუქტურაა?

-რა თქმა უნდა.

-გასაგებია კითხვა. კარგი კითხვაა და ამას რამდენიმე ასპექტით ვუპასუხებ. პირველი ის, რომ ჯერ ერთი მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებელი ორგანოა ყველა სახელისუფლებო შტოსგან, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოსგანაც და როდესაც ევროპაში ეს საკითხი დგებოდა, მედია წიგნიერების საკითხი ორივე სეგმენტზე, სამომხმარებლო და ჟურნალისტების სეგმენტზე იგივე აქვთ გაკეთებული წარმატებულ ევროპულ ქვეყნებს, მანდაც მიდიოდა იგივე ტიპის მსჯელობა, თუმცა ამ შემთხვევაში მედიის რეგულატორი საუკეთესო საშუალებაა ასეთი რამ აკეთოს. ამის პრაქტიკა წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში უკვე არსებობს და ჩვენც ამის ანალოგს ვაკეთებთ. ჩვენ შევისწავლეთ ევროპული გამოცდილება და ყველაზე კარგი გამოცდილება ჩვენი გადასახედიდან აქვს ირლანდიას და გერმანიას და ჩვენ ზუსტად გერმანიის მოდელის, გერმანიის მარეგულირებლის მოდელის მიხედვით ვაკეთებთ ამ პროექტების განვითარებას. მინდა გითხრათ, რომ იქ უკვე ძალიან დიდი ისტორია აქვს მედია წიგნიერების განვითარებას. მედია აკადემია, რასაც ჩვენ ვაპირებთ, გახსნილი აქვს თავად მარეგულირებელს. მეტსაც გეტყვით, თავად პრაქტიკულ სწავლებაზე აქვს ეს დაფუძნებული და იგივე რადიო სიხშირეც კი აქვს იმ მედია აკადემიას, რომელიც რადიო კონტენტის და სატელევიზიო მედია პროდუქტის პრაქტიკულად კეთების პროცესში აკეთებს სწავლებას. შესაბამისად, ერთადერთი რელევანტური ორგანოა დამოკიდებელი მედიის მარეგულირებელი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის პროდუქტები აკეთოს. ეს ერთი. მეორე, თქვენს კითხვაზე პასუხი არის ის, რომ რაც მთავარია, ჩვენ აქ არანაირი რეგულაცია არ შემოგვაქვს. ეს არ არის აკრძალვა, ეს არ არის ვალდებულება არავისი. ანუ ჩვენ არავის არ ვავალდებულებთ სწავლას და კვალიფიკაციის ამაღლებას. ცხადია, მედია წიგნიერების ფორმატში არავინ არ არის შეზღუდული, თვითონ მედია კომპანიებს, სხვა კერძო კომპანიებს, თუნდაც სხვა სასწავლებლებს და ასევე არასამთავრობო სექტორს, მართალია დღეს დაინტერესება მწირია, მაგრამ მომავალში, ალბათ, მათგანაც იქნება მედია წიგნიერების თვალსაზრისით მრარდამჭერი პროექტები და მათაც ექნებათ გრანტებით ამ ტიპის პროექტები. ეს არავის არ ეკრძალება, შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც არავის მიმართ ვალდებულება არ არის, არც მომხმარებლის მიმართ, არც მედიის მიმართ. ეს სურვილზეა დამოკიდებული.

-დღეს მედიის  მთავარი პრობლემა  მდგომარეობს  მხოლოდ  კვალიფიკაციაში, თუ არის  კიდევ პრობლემები? თუნდაც  მაგალითად, საერთაშორისო  საკმაოდ  ავტორიტეტული ორგანიზაციების  დასკვნას  თუ მოვიშველიებთ, „ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო დასკვნაც საკმაოდ კრიტიკული იყო, ფაქტობრივი  უზუსტობებით,  მაგრამ  საკმაოდ კრიტიკული იყო მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებით. იზიარებთ, რომ კვალიფიკაციის გარდა სხვა პრობლემებიც არის, თუნდაც რაზეც „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნაში იყო მითითებული?

-პირველი, რაც უკვე აღვნიშნე, რომ კლასიკური მედიიდან მულტიმედიური პროდუქტების წარმოება გახდა საჭირო, იმიტომ რომ, მომხმარებლის ქცევა შეიცვალა და მოთხოვნა გაჩნდა ამაზე. ეს არის მედიის ერთი პრობლემა. მეორე, უდაოდ ვთვლი, რომ არის ხარისხიანი ჟურნალისტიკის პრობლემა საქართველოში. შესაბამისად, ამიტომაც არის მედია წიგნიერების პროექტი ამ  მიმართულებითაც ორიენტირებული და რაც მთავარია, ამ ორმა რაც მოიტანა, მომხარებლის მხარესაც, არსებული ფეიკ-ნიუსებისა და პროპაგანდის პირობებში ესეც არის პრობლემა. ანუ, სამომხმარებლო სეგმენტის გათვიცნობიერებაც არის  პრობლემა.

-ხარისხიანი ჟურნალისტიკაც  კონკურენციის  პირობებში იბადება, ხომ ასეა? სწორედ ამაზე იყო საუბარი მაგალითად, „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნაში.

კი ბატონო. რაც შეეხება კონკრეტულად იმ დასკვნას, იმ მხრივ, რომ საქართველოში მედია პლურალიზმი არის ძალიან მაღალ დონეზე, ევროპულ დონეზე, ეს უდავოა, ჩემი აზრით და ამაზე ფაქტები მეტყველებს. პირველი ის, რომ 2012 წლამდე საერთო ეროვნული მაუწყებელი იყო სულ 4, 2012 წლიდან დღემდე მათი რაოდენობა გაიზარდა 5-ჯერ და დღეს არის -21. საერთო სატელევიზიო მაუწყებლის რაოდენობა  გაიზარდა 2-ჯერ და დღეს არის 98 მაუწყებელი საქართველოში. ამიტომ, მედია პლურალიზმის თვალსაზრისით საქართველოში იდეალური მდგომარეობაა, მაგრამ დგას ეს ორი პრობლემა. ანუ, მედია პროდუქტების მოდერნიზების და მრავალფეროვნების უზრუნველყოფა, მულტიმედიური პროდუქტების უზრუნველყოფა და მეორე - ხარისხის უზრუნველყოფა. ერთის მხრივ, მომხმარებლიდან, რომ იცოდეს ხარისხიანი პროდუქტი არ არის და გაარჩიოს და მეორეს მხრივ, მედია მენეჯერების და ჟურნალისტების მხარეს, მათ იცოდნენ, რა მოთხოვნაა და ამას უპასუხონ. დღეს, ასევე აქიდან გამომდინარე სარეკლამო ბაზრის პრობლემაა, რომელიც არის ძალიან მცირე და შესაბამისად, ზრდა, რომელიც უზრუნველყოფილია სატელევიზიო-სარეკლამო ბაზარზე საკმარისი არ არის. არის ზრდა, მაგრამ არის ნელი და მომავალში იქნება კიდევ უფრო ნელი ზრდა. ეს ევროპულ ტრენდში ჯდება.  ეს ხდება იმიტომ რომ, მედია პროდუქტები ინაცვლებს ინტერნეტ პლატფორმებზე და შესაბამისად ის ზრდა, რომელიც საერთო სარეკლამო ბაზარს ეხება, არა მარტო სატელევიზიო სარეკლამო ბაზარს, ამ ზრდას განიცდის ინტერნეტი. ანუ, ინტერნეტში ჩნდება რეკლამა. ამიტომ აუცილებელია მედია კომპანიებმა აკეთონ მონეტიზაცია ინტერნეტ პლატფორმებზე,ც რომ იმ შემოსავლის მიღება უზრუნველყონ, რომელიც მათ დაეხმარებათ კიდევ უფრო ხარისხიანი პროდუქტის  წარმოებაში.

-მაშინ ბოლო კითხვა სწორედ ინტერნეტზე მექნება. თქვენ ახალი წამოწყება გაქვთ იგივე ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებით და ამაზე მონიტორინგს ახორციელებთ. ეს პროგრამა რამდენად ეფექტური იქნება, თუნდაც ხარისხიანი ინტერნეტის მიღებისა და ფასის დარეგულირების მიმართულებით?

სწორად აღნიშნეთ. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მედია პროდუქტები ინტერნეტში ინაცვლებს. ერთ შენიშვნას გავაკეთებ და შემდეგ კონკრეტულად თქვენს კითხვას ვუპასუხებ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მესამე და მეოთხე კომპონენტიც გვაქვს და მესამე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ მულტიმედიური პროდუქტების წარმოების შესაძლებლობა არსებულმა კომპანიებმა კარგად ისწავლონ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ციფრულ ჟურნალისტიკაში და ციფრულ მედიაში სტარტაპებს. ანუ, ახალ იდეებს, რომელიც ახალი მულტიმედიური პროექტების სტარტაპები იქნებიან. ჩვენ მედია წიგნიერებაში ეს მიმართულებაც გვაქვს, რომ მხარი დავუჭიროთ ასეთი ტიპის სტარტაპებს, რომ გარკვეული საინკუბაციო პერიოდი გავატაროთ და დავაფინანსოთ, რომ შემდეგ მედია კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდეთ უფრო კარგად დაინახონ განვითარებული მედია პროდუქტი, რომ გამოიყენონ ეს თავიანთი პროდუქტის წარმოებისთვის.

ახლა რაც შეეხება ინტერნეტის ხარისხს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი არის მომხმარებელი. ამ მედია წიგნიერებასაც რატომ ვაკეთებთ და რატომ გვინდა ხარისხის ორივეგან აწევა, საბოლოო მიზანი ამ მედია წიგნიერების არის ის, რომ ინფორმირებული მოქალაქე გვყავდეს. მათ რეალობა აღქმული ჰქონდეთ სწორად და მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყვნენ. მოგეხსენებათ, ინფორმირებული მოქალაქე ყოველთვის აკეთებს სწორ და ინფორმირებულ არჩევანს როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე საარჩევნოდ. რაც შეეხება ინტერნეტის ხარისხს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც უკვე 8 თვეა დაწყებული აქვს კომისიას, დღე-დღეზე გადაწყვეტილებას მიიღებს და დაინერგება, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ ინტერნეტ მომხმარებელს დღეს არ აქვს შესაძლებლობა და არც ერთ მათ კონტრაქტში ინტერნეტის ხარისხის პარამეტრები აღნიშნული არ არის. ამის ვალდებულებას არც ერთი პროვაიდერი არ იღებს. პირველი, რაც ამ პროექტით იქნება გათვალისწინებული, ინტერნეტის მიმწოდებლებს ვალდებულება ექნებათ ხარისხის პარამეტრები, მათ შორის სიჩქარე შეიტანონ ხელშეკრულებებში და მეორე მთავარი ვალდებულება, რომ დაიცვან ეს ხარისხია პარამეტრები. ამ  ხარისხის პარამეტრების დაცვას არა კომუნიკაციების კომისია შეამოწმებს, რომელიც ამ სისტემას აშენებს და ამაში ფულს დავხარჯავთ, არამედ თავისთავად მომხარებელს ექნება შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდიდიან გარკვეული აპლიკაციის ჩამოტვირთვით დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში შეეძლება შემოწმება რა ხარისხის ინტერნეტი მიეწოდება მას.

-ამ პროცესში მეც, როგორც მოქალაქეს შემიძლია მონაწილეობა მივიღო?

-რა თქმა უნდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test