11.03.2015 13:25
ლიბერალი: „ასავალ-დასავალს“ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ გამოქვეყნებული მასალების უარყოფა დაეკისრა
Media Ge
სტატიები მედია მედიის შესახებ„სასამართლომ „ასავალ-დასავალს“ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ მათ მიერ გამოქვეყნებული მასალების უარყოფა დაავალა", - როგორც „თიბისი ბანკის" ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ „ლიბერალს" უთხრა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გაზეთ „ასავალ დასავალის“ ფურცლებზე უნდა გამოქვეყნდეს განცხადება, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება შემდეგი ცნობა: „მამუკა ხაზარაძემ და „თიბისი ბანკმა“ უკანონოდ მიისაკუთრეს „ელიტ ელექტრონიქსი“, თავისუფლების მოედანზე მდებარე ცეკავშირის შენობა, ბორჯომის აქტივები და ცდილობენ „გუდვილის“ გაკოტრებას“.
გამოცემამ ასევე აღიაროს ინფორმაციის მცდარობა, რომ მამუკა ხაზარაძე არბევდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგებს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ ლიდერს, მერაბ კოსტავას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მამუკა ხაზარაძეს არანაირი კავშირი არ აქვს 2014 წლის 21 მარტს სოფელ გორაში მომხდარ ტრაგედიასთან. „ასავალ დასავალს“ ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც დაეკისრა.
მისივე თქმით, თანხის ნაწილში სასამართლომ ბანკის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რასაც „თიბისი", სავარაუდოდ, გაასაჩივრებს.
საქართველოს საბანკო ბაზრის მსხვილმა მოთამაშემ „ასავალ-დასავალისა“ და მისი ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ „პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის“ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 თებერვალს შეიტანა. სარჩელის საფუძველია გაზეთის 10 და 17 თებერვლის ნომრებში ბანკისა და მისი ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის შესახებ „ცრუ“ ინფორმაციის შემცველი სტატიების გამოქვეყნება.
ბანკი „ასავალ-დასავალისგან“ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 160 000 ლარსა და გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვდა. „თიბისი ბანკის“ განცხადებით, გაზეთისგან მიღებულ თანხას ისინი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებას მოახმარდნენ.