შემოგვიერთდი

05.03.2015 15:31

აფხაზეთიდან დევნილების „ქალაქი“ ფოთში

თამარ სვანიძე
სტატიები ჟურნალისტის ჩანაწერები

ფოთიდან რამდენიმე კილომეტრში აფხაზეთიდან დევნილებით დასახლებული “პატარა ქალაქი” მდებარეობს. “მალთაყვის უბანში” ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულ ოცდაათზე მეტ კორპუსში 1 200 აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს.  თუმცა ბევრი სახლი გაყიდულია ან გაქირავებულია.

დევნილები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან ფოთში დაახლოებით  ოთხი წლის წინ გადმოასახლეს. სახელმწიფომ მათ ეს სახლები  საკუთრებაში გადასცა, მაგრამ ყოფილი ჭაობის ტერიტორიაზე, ქალაქისგან მოშორებით ახალიმობინადრეების ნაწილმა შეგუება ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მოგვიანებით, აქ ეტაპობრივად ისევ გადმოასახლეს დევნილები, ბოლოს კი გასულ წელს 280 ოჯახს გადასცეს სახლის გასაღები.

თანამედროე სტილის კორპურების, მოწყობილი საბავშვო სკვერების და მოედნების, რეკრეაციული ადგილების მიუხედავად, აქ ჩადგმული ჯიხურები და ქუჩის საერთო თავშეყრის ადგილებში ადამიანების სიმრავლე დაახლოებით ასახავს აქ მცხოვრები დევნილების რეალურ პრობლემას - უმუშევრობას.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივების მცირე ნაწილი მიმდინარე მშენებლობებზე არიან დასაქმებულები, უმეტესობა ბაზრობაზე ვაჭრობით ირჩენს თავს, ზოგი კი მხოლოდ სოციალური დახმარების და დევნილობის შემწეობის იმედად არის.

ამ თაობის ადამიანებს მაშინ მოუხდათ სახლების დატოვება და გადარჩენისთვის ბრძოლა, როცა  კონკურენტულები იყვნენ შრომით ბაზარზე. მათი დასაქმება, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, ახალი პროფესიოული უნარების შეძენის გარეშე მუდამ პრობლემა იქნება.

ამ ადამიანების ღირსეული ცხოვრების პირობების შესაქმნელად არა მხოლოდ სახელმწიფო, საზოგადოების ყველა ნაწილი უნდა ჩაერთოს, მათ შორის მედია, რომელიც ხშირად უნდა აკეთებდეს ისტორიებს ამ ადამიანებზე.

ჟურნალისტები რომ დაინტერესებულიყვნენ, აუცილებლად იპოვიდნენ აქ მარტოხელა ქალბატონს, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე დას უვლის, ვერ მუშაობს და არც მეურვეობისთვის იღებს კუთვნილ დახმარებას. შეხვდებოდნენ ადამიანებს, რომლებსაც საარსებო მინიმუმი არა აქვთ, ან ჩასაცმელი ბაშვები სკოლაში რომ გაუშვან.

თუმცა,  ისინი არ ენდობიან ჟურნალისტებს. მედიამ ბევრჯერ გამოიყენა დევნილები საკუთარი რეიტინგისთვის. დევნილები მედიაში უკვე შაბლონური თემა გახდა. მათ შესახებ ისტორიებს აუცილებლად ცრემლებამდე უნდა მიყავდე. თითზე ჩამოსათვლელია ის გადაცემები და მედიასაშუალებები, რომლებიც დევნილების რეალურ პრობლემას ეძიებიან, ანალიზს უკეთებენ, მსჯელობენ მათი მოგვარების გზებზე.

სტატია მომზადებულია "ინტერნიუსის" პროექტის „კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“  ფარგლებში და დაფინანსებულია ბრიტანეთის საელჩოს მიერ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test