შემოგვიერთდი

30.11.2014 16:12

აფხაზეთიდნ დევნილები: ჩვენ იშვიათად ვახსენდებით

თამარ სვანიძე
სტატიები ჟურნალისტის ჩანაწერები

მედიამენეჯერები ხშირად ამბობენ, რომ „კონფლიქტები, კრიმინალი და სექსი“ არის ის თემები, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს და გაყიდვადია, შესაბამისად მედიის რეიტინგს ზრდის.

საქართველოს ორი ტერიტორიული კონფლიქტიც ხშირად ხვდება ნაციონალური და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. ქართული მედია თითქმის ინტენსიურად აშუქებს კონფლიქტებს, ოკუპირებულ ტერიტორიებს, მავთულხლართების გაბმას, გატაცებებს ან დაპატიმრებებს პირობით საზღვრებთან.  

რაც შეეხება დევნილებს და მათ პრობლემებს, ქართული მედია მყისიერი და ოპერატიულია იმ შემთხვევაში, თუ მათ დროებით საცხოვრებლებიდან აძევებენ, ან პოლიტიკოსები სტუმრობენ დევნილებით ჩასახლებულ ტერიტორიებს.

ცოტა მედიასაშუალებაა საქართველოში, რომელიც დევნილების ყოფითი პირობებით ინტერესდება. აშუქებს, როგორ ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის 6 პროცენტი - დევნილობაში, რა ყოფითი პრობლემების წინაშე დგანან, როგორ წარმოუდგენიათ, რა ელით მომავალში. ასევე ცოტაა ისეთი მედიასაშუალება, რომელიც  აზრს ეკითხება დევნილებს, როდესაც თემა უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქედან გამოხიზნულ ადამიანებს ეხება. 

ბოლო დროს  ისტერიულად შუქდება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების” გაფორმება რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის. ეს, შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების დასაწყისია და რა თქმა უნდა,  მედიამ სათანადოდ უნდა გააშუქოს.  მისასალმებელია ათასობით ადამიანის საპროტესტო აქციები რუსთაველზე ლოზუნგით - “არა ანექსიას” , რომელმაც გამოწვევის ფორმით სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. თუმცა ამ აქტიურობის ფონზე, გაცილებით  ნაკლებია იმ ადამიანების ბედით დაინტერესების შემთხვევა, რომლებსაც ეს ანექსია უშუალოდ შეეხოთ და, შედეგად, უკვე, 20 წელია დევნილობაში არიან და სოციალურად დაუცველთა ფენას განეკუთვნებიან.

თითქმის ყველა პოლიტიკურმა ტოქშოუმ, რომელიც ქართულ ტელევიზიებში ამჟამად გადის,  გადაცემა მიუძღვნა აფხაზეთის თემას, კამპანიას  „არა ანექსიის“. სტუმრად მოწვეული ჰყავდათ ექსპერტები, პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, თუმცა ჩვეულებრივი დევნილების ხმა არსად ისმოდა. არავინ დაინტერესებულა, უშუალოდ, ეს ადამიანები რას ფიქრობენ აღნიშნულ პროცესზე, მათზე რა გავლენას ახდენს ეს ცვლილებები.

დევნილები თბილისის ზღვაზე

მახსოვს, რამდენიმე კვირის წინ თბილისის ზღვაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან ვიყავი.მათთან შეხვედრის შემდეგ შეგრძნება დამრჩა, რომ ამ ადამიანების არსებობა ყველამ დაივიწყა და თავადაც შეეგუენ არსებულ მდგომარეობას.

საოცრად კონტრასტული ადგილია თბილისის ზღვა დედაქალაქის დანარჩენ ნაწილთან.

აქაურობას ვერც სტოუნჰენჯის [Stonehenge] იმიტაცია აქცევს ინგლისის ნაწილად და ვერც ზღვა შეუქმნის დევნილებს სოხუმის ილუზიას.

თბილისი ვითარდება და ევროპულ ქალაქს ემსგავსება. თუმცა თბილისის ზღვის უბანში ჯერ კიდევ 90-იან წლებია. ბნელი მოუწესრიგებელი სადარბაზოები, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა, უგაზობა და შეშაზე გათბობა, ხის ფიცრებით აჭედილი კორპუსის ფასადები ნესტიან და ბუნდოვან ახლო წარსულში გაბრუნებს.

თბილისის ზღვაზე აფხაზეთიდან დევნილებით დასახლებული  ექვსი კორპუსი დგას, სადაც დაახლოებით 150 ოჯახი ცხოვრობს. შენობები ჯერ-ჯერობით სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. მათი უმეტესობა არ არის გათვლილი ხანგრძლივად ცხოვრებისთვის და საცხოვრებელი პირობების მინიმალურ სტანდარტებსაც არ აკმაყოფილებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მედიის და ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება სამაჩაბლოდან დევნილების ახალ ტალღაზე გადავიდა. რამდენიმე თვის წინ პრობლემა ჰქონდათ, დაუკავშირდნენ ტელევიზიებს და სთხოვეს მათი ყოფა გაეშუქებინათ, თუმცა არავინ მისულა.

 “პირველი შემთხვევაა ახლა ჩემთან ვინც მოვიდა, მანამდე არავინ მინახავს. ერთხელ გამოვიძახეთ, ვეჭვობდით, რომ კანალიზაციის ბინძური წყალი სუფთას უერთდებოდა. რამდენიმე ტელევიზიაში გადავრეკეთ, გვითხრეს,  გადავცემთ ზემდგომ ორგანოებსო,  არც ზემოდგომი მოვიდა, არც ტელევიზია” ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ჟანა თორია.

ერთ-ერთმა იქ მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა დალი ჭოლოკავამ თქვა, რომ დევნილების დამოკიდებულება პრობლემების მოგვარების საკითხზე არავის აინტერესებს და ხელისუფლებას და მედიას ისინი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ.

იმისთვის, რომ ამ ადამიანებს რეალურად შეექმნათ ქვეყანაში ცხოვრების ღირსეული პირობები და ეს მხოლოდ პოლიტიკურ-პოპულისტურ დაპირებად არ დარჩეს, ალბათ, მნიშვნელოვანია ხელისუფლების ნებასთან ერთად, სამოქალაქო ჩართულობა და მედიის აქტიური მუშაობა, რომ ამ ადამიანებს შეეძლოთ ილაპარაკონ თავიანთ პრობლემებზე, მიღწევებზე, გამოხატონ თავიანთი აზრი პრობლემის მოგვარების გზებზე.

რამდენიმე მედიასაშუალება მახსენდება, რომელიც დევნილების თემებით ინტერესდება და არა მხოლოდ კონფლიქტებით. მათ შორის, ძირითადად არიან რეგოონალური მედიასაშუალებები და რამდენიმე ინტერნეტ -პორტალი.

ქართული  პოპულარული მედიის არქივს თუ გადავხედავთ, შთაბეჭდილება რჩება, რომ მიტოვებული შენობებიდან დევნილების გამოსახლება არის მათი მთავარი პრობლემა წლების განმავლობაში. სამაუწყებლო მედია უფრო მეტად ამ საკითხებს აშუქებს, ან ნოსტალგიურ თოქშოუებს აწყობს აფხაზეთის დაცემის წლისთავებთან დაკავშირებით.

სტატია მომზადებულია "ინტერნიუსის" პროექტის „კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“  ფარგლებში და დაფინანსებულია ბრიტანეთის საეჩოს მიერ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test