შემოგვიერთდი

21.11.2014 16:49

კომუნიკაციების კომისიამ „ჯეოსელის“ რეკლამაში კანონდარღვევის საკითხის შესწავლა დაიწყო

Media Ge
სტატიები მედია მედიის შესახებ

liberali.ge

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოკვლევა დაიწყო            „ჯეოსელის“ კომერციული რეკლამის საკითხზე, რომელშიც „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეა სიჭინავა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი ეკა მიშველაძე და „მაესტროს" საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ნინო თოლორდავა მონაწილეობენ.

როგორც „ლიბერალს“ კომუნიკაციის კომისიის წევრმა კახა ბექაურმა უთხრა, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს ნებისმიერ კომერციულ რეკლამაში მონაწილეობა ეკრძალებათ, რისი დარღვევაც შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, განსაკუთრებით კი მათგან, ვინც კანონდამრღვევი რეკლამის გამავრცელებელია.

„საუბარია რეკლამის გამავრცელებელ იმ მაუწყებლებზე, რომლებიც ჩვენი რეგულარიის სფეროში შემოდიან და, რომელთაც ამ ტიპის რეკლამის გავრცელება ეკრძალებათ. მოკვლევა აჩვენებს, დაირღვა თუ არა კანონის სხვა ნორმებიც და შესაბამისად, იმასაც, დაეკისრებათ თუ არა პასუხისმგებლობა სხვა პირებს; ვნახავთ, თუნდაც რეკლამის დამამზადებელს დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა“, - უთხრა ბექაურმა „ლიბერალს“.

მისი თქმით, მოკვლევის შედეგად გამოჩნდება, რა დარღვევები აქვთ მაუწყებლებს ერთი წლის განმავლობაში და სანქციებიც შესაბამისი იქნება.

„პირველი დარღვევისთვის არის გაფრთხილება, გამეორების შემთხვევაში - ფინანსური სანქცია; შესაძლოა, ლიცენზიის საკითხის განხილვაც, რაც მოკვლევის შედეგებზეა დამოკიდებული. დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც საჯარო იქნება და საკითხი კომისიის უახლოეს სხდომაზე განიხილება“, - თქვა კახა ბექაურმა. 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test