შემოგვიერთდი

14.11.2014 14:01

IDFI მოუწოდებს „რ-რადიოს“ „რია ნოვოსტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულება გაასაჯაროვოს

Media Ge
მედია მედიის შესახებ

netgazeti.ge

IDFI მოუწოდებს "რ-რადიოს" საკითხის მიმართ მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის გამო მასსა და "რია ნოვოსტის" შორის გაფორმებული ხელშეკრულება გაასაჯაროვოს. 

ორგანიზაცია IDFI-მ განცხადება "Россия сегодня"-ს საქართველოში განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით დღეს, 13 ნოემბერს გააკეთა. 

12 ნოემბერს რუსულმა გამოცემა „რია-ნოვოსტიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოში მაუწყებლობა დაიწყო "როსია სეგოდნიას" ["Россия сегодня"] საინფორმაციო-ანალიტიკურმა რადიოსადგურმა Sputnik-მა. გამოცემის ინფორმაციით, გადაცემები ქართულენოვანი იქნება, საწყის ეტაპზე ოთხი საათს გავა ეთერში, თუმცა მომავალში 24-საათიანი მაუწყებლობის განხირციელება იგეგმება.

Sputnik-ი თბილისის სამაუწყებლო ზონაში FM 101.4 სიხშირეზე გადაიცემა. ამ სიხშირის მფლობელი შპს „რ-რადიოა“, რომელიც ეთერში „რადიო მონტე კარლოს“ სახელით ვრცელდებოდა. 

"თავად „ მონტე კარლოს“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „რ–რადიო“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიანტია. ის ფლობს სამაუწყებლო ლიცენზიას, ნომრით B104 (ძველი ნომერი: 562). ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა. ლიცენზიის სახეობა: საერთო მაუწყებლობა, რომელიც საინფორმაციო გადაცემების გავრცელების ვალდებულებას მოიცავს. შპს „რ-რადიოს“ დირექტორი ქეთევან კერესელიძეა. აღსანიშნავია, რომ კერესელიძე 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველებში ფიგურირებს, ის პარტიას 30 ათასი ლარით დაეხმარა. „რ-რადიოს“ 61.5%-ს შპს „საზოგადოება მედია ინვესტ“ ფლობს. 38.5% კი შპს „ხიტ ეფ ემ“-ის საკუთრებაშია. თავის მხრივ „ხიტ ეფ ემ“-ის მფლობელი ნოდარ დარსაველიძეა, „საზოგადოება მედია ინვესტი“ კი ვახტანგ მგელაძის საკუთრებაშია. მასვე ეკუთვნის კომპანიები, შპს „ჯენერალ პრომოუშენი“, შპს „მედია პროდაქშენს“, შპს „გლობალ მედია“ და შპს „პრესის სახლი“.

შპს „რ-რადიოს“ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აქვს პროგრამული ბადე, რომლის მიხედვითად, საინფორმაციო გამოშვება ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გადის. რია ნოვოსტისთან საუბარში რადიოსადგურის რედაქტორი ანტონ ლასხიშვილი ირწმუნება, რომ კონტენტი ქართულ ენაზე გადაიცემა და ის პროპაგანტისტული არ იქნება. 2014 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით (რადიომონიტორინგის პერიოდი 14-17 საათები) FM 101.4 სიხშირეზე „მონტე კარლოს“ სახელით რუსულენოვანი პროგრამა გადაიცემა,"- წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 18 მაისის N369/6 გადაწყვეტილებით რადიოკომპანიას ლიცენზიის ვადა 2022 წლამდე გაუგრძელა.

სალიცენზიო პირობების განსაზღვრისას გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ შპს „რ-რადიო“ ვალდებულია: „მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები; უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება; დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.“

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად (მუხლი 52. ჯეროვანი სიზუსტე, შესწორება და უარყოფა), მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. ამავე კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად (პროგრამული შეზღუდვები), იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა. ასევე იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

"საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული სალიცენზიო პირობების შესაბამისად, შპს „რ-რადიოს“ ვალდებულებები პროგრამების შინაარსთან დაკავშირებით განსაზღვრულია. მიუხედავად აღნიშნული რეგულირებისა, რუსულენოვანი "სპუტნიკის" კონტენტის ტრანზიტული მაუწყებლობის შემთხვევაში დასადგენია, თუ როგორ მოხდება პროგრამული პრიორიტეტების დაცვა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც „რ-რადიოს“ სიხშირეზე სხვა კომპანიის კონტენტი გადაიცემა."

IDFI მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია აგრეთვე განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება სარედაქციო პრიორიტეტების დაცვის საკითხების კონტროლი, ასევე, არასწორი ინფორმაციის კორექტირება და მისი უარყოფის გავრცელება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test