შემოგვიერთდი

23.09.2014 15:04

ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის თქმით, მას ზვიად ჯანყარაშვილი ემუქრება

media.ge
მედია მედიის შესახებ

ნეტგაზეთი, ავტორი: გიორგი დიასამიძე

ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი და სტუდია "ანატომია" საგანგებო განცხადებას ავრცელებს და რეაგირებისთვის მიმართავს ხელისუფლების პირველ პირებს, დიპლომატიურ კორპუსსა და უფლებადამაცველებს. ჟურნალისტი ირწმუნება, რომ მის მიმართ მუქარას პრემიერ ღარიბაშვილის სიმამრის დისშვილი - ზვიად ჯანყარაშვილი ახორციელებს.

მიქიაშვილი ამბობს, რომ სტუდია "ანატომია", რომელიც 2010 წლიდან ამზადებს გადაცემებს, ახალი სეზონიდან აპირებს საგამოძიებო მიმართულების გაგრძელებას, კერძოდ, ამჯერად, ჟურნალისტის თქმით, გადაცემა მზადდება ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნესის გადანაწილებაზე, "სადაც ბატონი ჯანყარაშვილი ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია."

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნათია მიქიაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის მამიდაშვილი ზვიად ჯანყარაშვილი, რომელსაც ეჭირა შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსის პოსტი, მის მიმართ ახორციელებს სიტყვიერ მუქარას:

"ჯანყარაშვილმა ჯერ ითხოვა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში შეჩერებულიყო გადაცემა, სადაც ის იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი გმირი, უარის მიღების შემდეგ კი განაცხადა, რომ "ანატომიის" მის პიროვნებაზე მომზადების შემთხვევაში, ის ნათია მიქიაშვილს ადექვატურად, "ძალიან ცუდად მოექცეოდა და ბევრ ცუდ რამეს გაუკეთებდა", რაც ჟურნალისტის მიერ აღქმული იქნა პირდაპირ მუქარად, რადგან რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ, რაც ნათია მიქიაშვილმა გააკეთა განცხადება მისი გადაცემის რუსთავი 2-ის ეთერში გასვლასთან დაკავშირებით, შსს-ს გენერალური ინსპექციის მხრიდან ნათია მიქიაშვილის პოლიციელ მეუღლეზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად ის იძულებული გახდა დაეტოვებინა შსს-ს რიგები," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სტუდია "ანატომია" ავრცელებს.

"მე, ნათია მიქიაშვილი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც კი არასდროს ჩემს მიმართ არ განხორციელებულა პირდაპირი მუქარა - პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავის ზვიად ჯანყარაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები არის მცდელობა შეაჩეროს გადაცემა "ანატომია", - აცხადებს ნათია მიქიაშვილი.

ჯანყარაშვილმა რამდენიმე თვის წინ დატოვა შსს-ს გენინსპექციის უფროსის თანამდებობა, ხოლო გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად დაინიშნოს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test