შემოგვიერთდი

24.07.2014 19:09

IDFI-ის კვლევა: ადგილობრივი საეთერო მაუწყებლების მიგრაცია ციფრულ საეთერო პლატფორმაზე - მდგომარეობის ანალიზი და გამოწვევები

media.ge
სტატიები ციფრული მაუწყებლობა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), რომელმაც 2013 წელში  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესთავაზა რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია, აანალიზებს  დღეს არსებულ მდგომარეობას და გამოწვევებს ციფრულ  პლატფორმაზე გადასვლის გზაზე. ორგანიზაცია დამატებით რეკომენდაციებსაც იძლევა.

24 ივლისს გამოქვეყნებულ კვლევაში, კერძოდ, ნათქვამია: „ სახელმწიფო სტრატეგიაში მოხდა IDFI-ს მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების ორი მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინება: სამაუწყებლო სიხშირის უსასყიდლოდ გადაცემა რეგიონული და ადგილობრივი ციფრული მაუწყებლობისათვის, ასევე DVB-T2 და MPG 4 კომპრესიის სტანდარტებზე უფრო დაბალი სტანდარტის განსაზღვრა.

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაევალა სიხშირული ლიცენზიების უსასყიდლოდ გადაცემა იმ მაუწყებლებისათვის, რომლებიც გამოთქვამდნენ სურვილს, არსებული ანალოგური ლიცენზიის ნაცვლად მიეღოთ ციფრული საეთერო ქსელის აგების უფლება.

 მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, IDFI-ს კვლევის შედეგად გამოვლინდა დამატებითი პრობლემური საკითხები, რომლებიც უნდა დარეგულირდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მაქსიმალურად დროულად.“

ჩამონათვალში წარმოდგენილია IDFI-ს ხედვები აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით:

-რეგიონულ მაუწყებლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, დროულად შეიმუშაონ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ტექნიკური პროექტი;
-არსებული საკანონმდებლო ბაზა არ შეესაბამება სახელმწიფოს მიერ მიღებულ სტრატეგიას და კითხვებს ბადებს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ ე.წ.Set Top Box -ების შესყიდვის პროცედურა და პირობები;
-ცნობილი არ არის რეგიონული მულტიპლექს პლატფორმების სიმძლავრეები;
-თავისუფალი სიხშირული რესურსის შესახებ ინფორმაცია არ არის სრულად ხელმისაწვდომი
-მოქმედი კანონმდებლობა არ შეესაბამება სახელმწიფო სტრატეგიას: მათ შორის, რეგიონული მაუწყებლების ხელშეწყობისთვის განსაზღვრულ ამოცანებს;
-სამთავრობო სტრატეგიიდან და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებიდან არ ჩანს სახელმწიფო პოლიტიკა ე.წ. „ჩრდილოვან სამაუწყებლო ზონებთან“ (მაღალმთიანი რეგიონები, ოკუპირებული ზონები) დაკავშირებით;
-კითხვებს ბადებს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ ე.წ. Set Top Box -ების შესყიდვის პირობებშო მოსახლების მზაობისა და მულტიპლექს პლატფორმების ურთიერთ თავსებადობა;
შპს "საქართველოს ტელეცენტრის" მიერ წარმოებული სამუშაოები არ არის გამჭვირვალე, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ციფრული მაუწყებლობის პლატფორმის ფორმირებაზე.

აღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით, ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ მოამზადა შესაბამისი რეკომენდაციები.

IDFI-ს  სასურველად მიაჩნია:
-კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნოს რეგიონული მულტიპლექს პლატფორმებისთვის ალტერნატიული UHF სიხშირეებიც;
-გამოქვეყნდეს გეგმა რეგიონული მულტიპლექს პლატფორმებისთვის მისანიჭებელი სიმძლავრეების შესახებ;
-გამოქვეყნდეს ოფიციალური ინფორმაცია რეგიონული მაუწყებლებისთვის ადგილობრივი მულტიპლექს პლატფორმების გამართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადების შესახებ;
-მაუწყებლობის შესახებ კანონში დაკონკრეტდეს ტერმინ ,,რეგიონული მაუწყებლის“ განმარტება;
-კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დასაშვები გახადოს რეგიონული მულტიპლექს პლატფორმების გამართვის შესაძლებლობა, იქაც, სადაც დღემდე არ არსებობს ადგილობრივი მაუწყებელი;
-დაშვებულ იქნას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის უფასოდ მინიჭების შესაძლებლობა;
-რეგიონული მულტიპლექს ოპერატორებისთვისაც დაშვებულ იქნას ფასიანი მომსახურების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
-შეიქმნას ეკონომიკის სამინისტროს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და დაინტერესებული მხარეებისგან შემდგარი ერთობლივი კომისია;
-კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მულტიპლექს A ოპერატორი დაავალდებულოს გამოაქვეყნოს ადგილობრივი სამაუწყებლო ქვეზონებისთვის სატელევიზიო კონტენტის გავრცელების ტარიფი;
-Set top box -ების არჩევისას ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ იხელმძღვანელოს ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით;
-მოხდეს მაუწყებლების გაერთიანება ამხანაგობაში და ერთობლივი კონკურსის გამოცხადება;
-საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა განსაზღვროს საანძო ინფრასტრუქტურის გამართვისთვის საჭირო მიწის პრივატიზების პოლიტიკა.

დეტალური კვლევა, რომლის ავტორები არიან უჩა სეთური და ნათია კუპრაშვილი, იხილეთ IDFI-ს  ვებ-გვერდზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test