შემოგვიერთდი

04.07.2014 19:12

ტელეკომპანიების წარმომადგენლები სოციალური რეკლამის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებენ

გელა ბოჩიკაშვილი
საუბრები მედიაზე

ტელევიზია

საქართველოს კანონებში „სოციალურ რეკლამასთან“ დაკავშირებით ცვლილებების შეტანის პროექტი ტელემაუწყებელების ნაწილს მიუღებლად მიაჩნია. ტელეკომპანიების წარმომადგენელთა აზრით, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში მაუწყებელების ინტერესები გათვალსიწინებული არ არის და ტერმინი „სოციალური რეკლამა“ სრულად კვლავ არაა განმარტებული.

კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტს 2014 წლის 17 ივნისს წარედგინა, მაუწყებლებს ადმინისტრაციული ორგანოებისთვის სოციალური რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის მიყიდვა მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, რაც კანონით სოციალური რეკლამისთვის გამოყოფილ უფასო დროს (ყოველ სამ საათში არანაკლებ 90 წამი) შეავსებენ. პარლამენტი ცვლილებების პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით Media.Ge ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია „მაესტროს“ იურისტს, ნინო ელოშვილსა და „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს, ნათია კუპრაშვილს ესაუბრა.

„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კუპრაშვილი მიიჩენევს, რომ სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებები ამ სახით არ უნდა შევიდეს. ის ამბობს, რომ ცვლილებების პროექტის მიხედვით ისევ არ ზუსტდება - რა არის „სოციალური რეკლამა“ და არ პასუხობს მედიის თანამედროვე გამოწვევებს - ციფრულ მაუწყებლობასა და ონლაინ პლატფორმებზე გადასვლას.

„ის, რაც ახლა იცვლება, უკვე მოძველებულია, კანონის ფრაგმენტული ცვლილებები რეალურად არაფერს ცვლის. ახლა უნდა ვიფიქროთ, რა ტიპის ინტერესია ამ ცვლილებების მიღმა“, - უთხრა Media.Ge-ს კუპრაშილმა.

მისთვის მიუღებელია სოციალური რეკლამის სტატუსის დადგენაში კომუნიკაციების კომისიის ჩართვა. პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ შეთანხმდებიან, კონკრეტული რეკლამა „სოციალური რეკლამის“ სტატუსით სარგებლობს თუ არა, მხარეების სურვილის შემთხვევაში დავას კომუნიკაციების კომისია განიხილავს. კუპრაშვილის აზრით, მაუწყებლის ეთერში გასულ მასალების შინაარსზე თვითრეგულირების ორგანოები უნდა მსჯელობდნენ. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტი მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების საჭიროებებზეა მორგებული და არ ცდილობს მაუწყებლებისა და საზოგადოების ინტერესები გაითვალისწინოს.

ნათია კუპრაშვილი

„საზოგადოებაზე რომ იყოს ნაფიქრი ეს მუხლი მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოებისთვის არ იქნებოდა განსაზღვრული“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ უფასო რეკლამის გაშვებისთვის მაუწყებელბი არ უნდა იბეგრებოდნენ. (საგადასახდო კოდექსით, მაუწყებლები უფასო მომსახურების გაწევის შემთხვევაშიც ვალდებულები არიან გადაიხადონ პროდუქტის თვითღირებულების დამატებითი ღირებულის გადასახადი).

სოციალური რეკლამის ეთერში გაშვება, რომ მაუწყებლისთვის ფინანსური ზარალის მომტანია ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ იურისტი, ნინო ელოშვილიც საუბრობს. მისი თქმით, მაუწყებლებში სოციალური რეკლამის განთავსება ფასნიანი უნდა იყოს, რადგან ტელეკომპანიები შემოსავლებზე არიან ორიენტირებულები და სოციალური რეკლამისთვის ყოველ სამ საათში 90 წამის გამოყოფით შემოსავალს კარგავენ.

„მაესტროს“ იურისტი მიიჩნევს, რომ კანონში სოციალური რეკლამის გაშვების ვალდებულების საკითხი ზუსტად უნდა იყოს გაწერილი. კანონმდებლობაში არ არის ჩადებული, რა პერიოდის განმავლობაში უნდა გაუშვან მაუწყებლებმა სოციალური რეკლამის სტატუსით მიტანილი რეკლამა უფასოდ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კი მიიჩნევს, რომ  მაუწყებელებს სოციალური რეკლამის გაშვების ვალდებულება არ უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა, მისი აზრით, კანონმა სოციალური რეკლამის განმთავსებლებს შორის სახელმწიფო უწყებები უნდა გამორიცხონ.

„მთავრობას თუ ჰგონია მის მიერ მოწოდებულ სოციალურ რეკლამას უფასოდ გავუშვებ ძალიან ცდება... საინფორმაციო კამპანია თუ აქვს სამინისტროს, უნდა ჩავთვალო, რომ სოციალური რეკლამაა და უფასოდ გავუშვა? რატომ უნდა გავუშვა?“, - განმარტა გვარამიამ Media.Ge-სთან საუბრისას და დასძინა, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ გავრცელებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია მათი ფუნქციების განხორციელებაა და ამ ინფორმაციის გავრცელება უფასო არ უნდა იყოს.

ნიკა გვარამია

გვარამიას აზრითაც, სოციალური რეკლამის განმარტება ბუნდოვანია და მისი გაშვების ვალდებულების გაფართოვებით მაუწყებელებს სარეკლამო შემოსავლების მხრივ პრობლემა შეექმნებათ. მისი აზრით, რეკლამის განთავსების მსურველი შეიძლება არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყოს, კანონი კი მაუწყებლებს მათ მიერ მიწოდებული სარეკლამო რგოლების არადისკრიმინაციიულად განთავსებას ავალდებულებს.

„მე კერძო ტელევიზიას უნდა მქონდეს დისკრეცია - მინდა გავუშვებ რეკლამას, მინდა არ გავუშვებ. შეიძლება კონკრეტული სოციალური რეკლამა არსებობდეს, რომელიც ჩემს სარედაქციო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. მაგალითად, საპატრიარქოს ტელევიზიას უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ ისეთ სოციალურ კეთილდღეობაზე, როგორიც არის რელიგიური მრავალფეროვნება, რეკლამა გაუშვას?“, - აღნიშნავს „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორი.

Media.Ge-მ კანონპროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კანონპროექტის ავტორს, იუსტიციის სამინისტროს მიმართა, თუმცა პრესსამსახურში განაცხადეს, რომ კანონპროექტზე მომუშავე პირები მივლინებით საზღვარგარეთ არიან და კომენტარს ჩამოსვლისთანავე გააკეთებენ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test