შემოგვიერთდი

15.05.2014 16:31

"ჰერეთის" ამერიკელი პარტნიორი GMPP-ის ფარგლებში Journal Broadcast Group-ი იქნება

მედია მედიის შესახებ

რადიო ჰერეთი

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) ფარგლებში რადიო "ჰერეთის"  ამერიკელი პარტნიორი Journal Broadcast Group-ი იქნება - ამის შესახებ ინფორმაცია სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“ გაავრცელა.

„ჰერეთის“ ცნობით აღნიშნული კომპანია ამერიკის სხვადასხვა შტატში 100-ზე მეტ ადგილობრივ მედიასაშუალებას ფლობს, მათ შორის, ტელეკომპანიებს, რადიოსადგურებს, ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებს.

როგორც რადიო „ჰერეთს“ საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია მათეშვილმა განუცხადა, მედია პარტნიორობის ფარგლებში Journal Broadcast Group – წარმომადგენლები სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთს“ მიმდინარე წლის ივლისში ეწვევიან, საპასუხი ვიზიტი კი სექტემბერ–ოქტომბერში მოხდება.

"ამ კომპანიასთან ჩვენ პირველი კონტაქტი უკვე გვქონდა და ისინი მოუთმენლად ელოდებიან თქვენთან შეხვედრას, ახლა დეტალების დაზუსტება ხდება. პროექტის შედეგი იქნება ის, რომ მოხდება მარკეტინგის, გაყიდვების, მენეჯმენტის და ადამიანური რესურსების უკეთ მართვა. გარდა ამისა, შემოსავლების გაზრდის შემდეგ მოხდება იმაზე ზრუნვა, როგორ გაუმჯობესდეს არსებული გადაცემების ხარისხი და საეთერო ბადე“, – განუცხადა „ჰერეთს“ მაია მათეშვილმა.

რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე ამბობს, რომ მაშინ როდესაც „ჰერეთი“ თბილისში მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს, მნიშნელოვანია კომპანიის თანამშრომლებმა ამერიკული გამოცდილება მიიღონ და ღირსეული კონკურენცია გაუწიონ სხვა ქართულ რადიოსაგურებს.

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი მედიის პროფესიულ განვითარებას ქართულ და ამერიკულ მედია საშუალებებს შორის გრძელვადიანი პარტნიორული კავშირების დამყარებით, პროფესიული გაცვლითი ვიზიტებით, ინდივიდუალური კონსულტაციებითა და გამოცდილების გაზიარებით.

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მიერ და მას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ახორციელებს. ოთხწლიანი პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარებას, ქართული რეგიონული მედიის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების გზით. 2014 წლის კონკურსის გამარჯვებულ მედიასაშუალებებად დასახელდნენ: ქვემო ქართლის ტელევიზია (ქალაქი რუსთავი) აჭარის ტელევიზია (ქალაქი ბათუმი) და რადიო ჰერეთი, (ქალაქი ლაგოდეხი).

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test