შემოგვიერთდი

ირაკლი ტაბლიაშვილი

„მაესტროს ერესი“ - უკაცრავად, ეროსი!

15.05.2014 14:38
 (photo: )

ეროსის მოწვევას ვაპირებ ეთერში, რუსთავის მერობა მოსდომებია, თურმე...
- რუსთავის მერობა?
- ჰო, მაგ „ნაგლს“ მაგას...
- მერობა კი არა, ჩვენი ფული მოიტანოს... ჯობია!
- რამდენია?
- მილიონ ვასემსოტ ტიში...
- აზრზე ხარ?
- ჰოდა, კი ბატონო, მოიწვიეთ და „მიტისკეთ“, მაგაზე უნდა ელაპარაკო - ვის რა ჯანდაბად უნდა ახლა მისი საუბარი რუსთავის შესახებ. სწორედ ეს თემა უნდა გავშალოთ... გაშალო ანუ.
- კი, კი... რა თქმა უნდა!

შეიძლება ვცდები ან ვაჭარბებ, მაგრამ, ჩემი წარმოდგენით, დაახლოებით ამ შინაარსის დიალოგი გაიმართა „ეროსის ეთერამდე“  გადაცემის წამყვანსა და ერთ-ერთ დამფუძნებელს შორის და როდესაც პოპულარულმა ჟურნალისტმა, ნინო ჟიჟილაშვილმა დამფუძნებლლისაგან ერთგვარი თანხმობა მიიღო კიწმარიშვილის მოწვევაზე, მერეღა დაიწყო მუშაობა „კითხვარზე“, თემებზე, რომლებიც სკანდალურ რესპონდენტთან უნდა განეშალა.

... ეროსი სტუდიაში არ მისულა - ვერც მივიდოდა - პირი, რომელმაც „მაესტროში“ „ინტერვენცია“ მოახდინა წლების წინ, შემდეგ არხის „ოკუპაცია-ანექსიასაც“ არ მორიდებია, დაპატიჟებისთანავე მიხვდა, რომ განახლებულ და მის პერიოდთან შედარებით უდავოდ წინ-წასული მაუწყებლის ოფისში მისვლა, სახარბიელო სულაც არ იყოს - თავად ახლაც მიაჩნია, რომ დამფუძნებლებმა მის მიმართ უ-ბინძურეს ხერხებს მიმართეს და თანამშრომლები სამკვდროდ გადაჰკიდეს... თუმცა, თანამშრომლებსაც აქვთ „სამართლიანი“ პრეტენზიები ყოფილი მენეჯერის მიმართ.

- არც მცალია და მაგიტომ არ მოვალ,  ჩაგერთვებით,  - ასე უპასუხა ეროსიმ ნინოს...
- კი, ბატონო - დაგეგმილ ეთერში გამარჯვებულის „სმაილიკი“ დაეთამაშა წამყვანს.

წინასწარი შეთანხმების თანახმად, „სიგნალი ეროსისთან“ (თუ ეროსისგან) დაახლოებით ათის ნახევარზე მიეწოდა „მაესტროს“ ორ-წამყვანიან სტუდიას - ვახო სანაია, რომელიც გადაცემის ამ, ათწუთიანი მონაკვეთის ბოლომდე იყო სტატისტის როლში, რეჟისორთა თვალთახედვის არეალში ერთხელაც არ მოხვედრილა - სათვალიანმა და, ამდენად, სერიოზულის იმიჯ-მორგებულმა ჟიჟილაშვილმა ირონია-ნარევი ტონით მისალმებით დაიწყო და განაგრძო:

- მოწვევა თქვენი, პირადად ჩემთვის, ერთგვარ ინტრიგას შეიცავდა, იმიტომ, რომ, მაინტერესებდა, მოგერიდებოდათ თუ არა „მაესტროს“ ეთერში შემოსვლა და მაყურებლის წინაშე წარდგომა... (და არა წარდგენა. ი.ტ.), მაინც რას ეტყოდით...

კიწმარიშვილი ეცადა „ჩაეჭრა“ წამყვანის თამამი გამოხდომა, თუმცა, ჟიჟილაშვილი შეუვალი იყო:

- არ გრცხვენიათ?

ამ, დაახლოებით ათწუთიანი და სპარინგ გადაძახილის სრული სტენოგრამის გამოქვეყნება, რა თქმა უნდა, უადგილოა - ნინო ჟიჟილაშვილს ჰქონდა მთავარი ინტერესი - დაესვა უფრო დამფუძნებელთათვის  და არა საზოგადოებისათვის საინტერესო შეკითხვები - ერთ და ათგვარად „გაეშავებინა“ კიწმარიშვილი, გული - ამასთან, არა მხოლოდ საკუთარი - მოეოხებინა და ასე დამშვიდობებოდა (იქნებ, სამუდამოდაც) მენეჯერს წარსულიდან.

სტუმრის ჯეროვანი გაშავების მწველმა სურვილმა განაპირობა ფურცელზე დატანილი ბევრი კითხვიდან ერთის ზედმიწევნით ზუსტად წაკითხვა - კითხვა „მილიონ ვასემსოტ ტიშის“ ეხებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ „მჯერა“ - თავად კიწმარიშვილი უბრალო როდია, „მაესტროს“ ფინანსურ და მორალურ ტრაგედიებში“, თავად კითხვა ისე იყო ჩაკითხული, რომ მიხვდებოდი - ნინოს სახით მამუკა ლაპარაკობდა... - დამფუძნებელი!

სტუმრის გაშავების მწველმა სურვილმა ჟიჟილაშვილს უბიძგა პერფორმანისკენაც -  მიტრიალდა, თხელი ხელი „ნიუსრუმისკენ“ გაიშვირა და თქვა: „ჩემ ზურგს-უკან არის „ნიუსრუმი“, სადაც ნახევარზე მეტი ქალაქ რუსთავიდან მუშაობს და...“

ეროსი კიწმარიშვილი ამ კითხვასაც „დაუსხლტა“ - თქვა, რომ მერობის კანდიდატია და საუბარი მხოლოდ ქალაქის პრობლემებზე სურს... ასეცაა - მას, ბევრი ასარჩევის მსგავსად, მართლაც არ ანაღვლებს საკუთარი წარსული, ყოველ შემთხვევაში, ხინჯს ამ წარსულში ვერ პოულობს და სულ წინ-წინ იხედება - „კარგი“ მენეჯერივით!

თუმცა, ერთია „გაშავების ღირსი“ კიწმარიშვილი და მეორე,  რამდენად მართებული იყო „ასე ქმედება“ ამგვარ სტუმართან,  სუბიექტური ჟურნალისტიკის არსებობის  და კორპორატიული ინტერესის აღიარების მიუხედავად.

ამომრჩეველს, თუნდაც მიიჩნევდეს, რომ კანდიდატის წარსული „შავ-ბნელია“, ბოლო ბოლო, მაინც აქვს უფლება აირჩიოს ეს თუ ის კანდიდატი , ხოლო ჟურნალისტებისაგან იმის ირიბად მითითება, რომ არჩევანი არ შეჩერდეს მასზე, რასაკვირველია, დაუშვებელია.

კორპორატიული ინტერესის და თუნდაც სამართლიანი პრეტენზიების განზოგადება და ამომრჩევლისათვის მინიშნება, რომ - „ტელევიზიის ხაზინის ქურდის“ არჩევა დაუშვებელია, წამყვანს გარდაქმნის მორალისტად, რაც თანამედროვე „მრავალღმერთიანობის“ ეპოქაში არა მხოლოდ არა-მოდური, არამედ დაუშვებელია.

ამგვარი ამპლუის მორგება არ შეიძლება გაბრაზებისა და აღშფოთების მიუხედავად, მით უფრო მაშინ, როდესაც მაყურებელთა ნაწილი მაინც იკითხავს - ხომ არ არის  „გაბრაზება-აღშფოთება“, ნაკარნახევი ან თავსმოხვეული?

გადაცემის ბოლოს ეროსი კიწმარიშვილმა ნინო ჟიჟილაშვილს ამ ათწუთიანი სპარინგ-დიალოგის მისეული (ეროსისეული) „ჭეშმარიტება“ უთხრა – „მე ვფიქრობ, რომ თქვენ ერთ-ერთი „უღირსი“ საქციელი ჩაიდინეთ თქვენი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში“... ცხადია, კიწმარიშვილი ცდება და ჩემი  აზრითაც - ვის ვის და, მას კი არაფერი აქვს სათქმელი ბევრისათვის, მათ შორის, ნინო ჟიჟილაშვილისათვის ან, ზოგადად „მაესტროსათვის“.

... თუმცა, ჩემი  მხრივ, უნდა ვთქვა - გადაცემა (რომელიც უდავოდ იყო რეიტინგული), მაინც „ჩავარდა“, ხოლო ნინო ჟიჟილაშვილს მართებს ჩახედოს - YOUTUB - ს და იკითხოს - გადაცემის ამ მონაკვეთის დამ-like-ებელთა რაოდენობა რატომ არის „UN like” -ლებზე ცოტა?.. იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ზემოხსენებული ჰიპოტეტური დიალოგი საერთოდ „შედგა“.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test