შემოგვიერთდი

30.04.2014 13:26

GPB-ის მრჩეველთა ჯგუფს მაუწყებლის სტრატეგიული გეგმა არ შეუმუშავებია

გელა ბოჩიკაშვილი
საუბრები მედიაზე

GPB

საზოგადოებრივი მაუწყებლის 6-წევრიან მრჩეველთა ჯგუფს ოთხთვიანი მუშაობის განმავლობაში მაუწყებლის განვითარების სტრატეგიული გეგმა არ შეუმუშავებია. ჯგუფმა ამ დროის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციის შემუშავება შეძლო. ამის შესახებ ინფორმაცია Media.Ge-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელმა პირმა, ნათია მრელაშვილმა მიაწოდა.

საბჭოს ოთხთვიანი მუშაობის დროს რამდენჯერმე შეიცვალა მაუწყებლის გენერალური დირექტორი. მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 6 სექტემბერს გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადააყენა, მის ნაცვლად კი მუშაობა თამაზ ტყემალაძემ დაიწყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ გიორგი ბარათაშვილი პროცედურების დაცვით გადააყენეს და მას უფლებამოსილება აღუდგინა. ბარათაშვილმა მუშაობა 25 დეკემბერს განაახლა.

მრჩეველთა ჯგუფის შექმნის მიზეზი

მრჩეველთა ჯგუფი საზოგადოებრივ მაუწყებელში 2013 წლის 2 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე მუშაობდა. საბჭოს 6 წევრიანი შემადგენლობა ჯამში ყოველთვიურად 9 ათას ლარის ანაზღაურებას იღებდა. მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა მრჩეველთა ჯგუფის წევრებად არხის საინიციატივო ჯგუფის მიერ შერჩეული წევრები დაამტკიცა და მათთან ხელშეკრულება გააფორმა. საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევდა, რომ მრჩეველთა საბჭოს, რომლის წევრებიც პოეტი - დავით მაღრაძე, ფილოსოფოსი - ზაზა შათირიშვილი, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის დირექტორი - მარინე მუსხელიშვილი, იურისტი და მართვის სპეციალისტი -გრიგოლ გოგელია, ლიტერატორი - ირაკლი ლომოური და სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი - ნათელა სახოკია მაუწყებელი კრიზისული მდგომარეობიდან უნდა გამოეყვანა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისული მდგომარეობა ამ დრომდე არ განმუხტულა.

მრჩეველთა საბჭოს წევრები სამეურვეო საბჭოსა და შესარჩევ კომისიაში

მრჩეველთა საბჭოს 4 წევრი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ კონკურსში იყვნენ ჩართულები. ზაზა შათირიშვილი შესარჩევო კომისიის წევრი იყო, მეურვეების ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად მარინე მუსხელიშვილის კანდიდატურა სახალხო დამცველმა შესთავაზა პარლამენტს, ნათელა სახოკია და გრიგოლ გოგელია კი - საპარლამენტო უმრავლესობამ. პარლამენტმა სამივე მათგანი დაამტკიცა მაუწყებლის მეურვეებად.

შათირიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში მუშაობის პარალელურად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩენების დროს, კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ამჟამად პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარებოდა.

პოეტი დავით მაღრაძე ისევ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია. მას 2014 წლის 18 იანვირდან გადაცემა „შეხვედრები მწერალთა სახლში“ მიჰყავს. მანამდე ამ გადაცემას „შეხვედრები მცხეთაში“ ერქვა და მას მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ ტყემალაძე უძღვებოდა.

მრჩეველთა ჯგუფის მეექვსე წევრი ლიტერატორი ირაკლი ლომოური იყო.

მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციები მაუწყებელს

რეკომენდაციები მრჩეველთა საბჭოს ოთხმა წევრმა - გრიგოლ გოგელიამ, მარინე მუსხელიშვილმა, ნათელა სახოკიამ და ირაკლი ლომოურმა შეიმუშავეს. მათი თქმით, დანარჩენ ორ წევრს, დავით მაღრაძესა და ზაზა შათირიშვილს, ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.

Media.Ge-მ სცადა ზაზა შათირიშვილთანა გადაემოწმებინ იყო თუ არა ის რეკომენდაციების შემუშავებაში ჩართული. თავდაპირველად მან კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა „ჩემ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ? ვერ გავიგე რაში გაინტერესებთ,“ - აღნიშნავდა ის. შემდეგ კი შემუშავებული დოკუმენტის შესახებ დაწიყო საუბარი. მისი თქმით, მუშაობის პროცესში „ვრცელი, საკმაოდ შთაბმეჭდავი დოკუმენტი შემუშავდა“.

კითხვაზე - იღებდა თუ არა ის ამ დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობას ზაზა შათირიშვილმა ასე უპასუხა - „თქვენ მიშისტური ორგანიზაცია ხართ? მე არ ვარ მნიშვნელოვანი ფიგურა. რა უნდა დაწეროთ, ზაზა შათირიშვილი არ იღებდა მონაწილეობას და ტყუილად იღებდა ხელფასს? ეს გინდათ, ხომ? გამაგებინეთ, ზაზა შათირიშვილი რატომ არის მნიშვნელოვანი ფიგურა? არანაირი თანამდებობა არ მინდა, ჩემგან რა გინდათ?“

Media.Ge-ს უნდოდა დავით მაღრაძისგანაც მოესმინა - იღებდა თუ არა ის მაუწყებლის განვითარებისთვის რაიმე დოკუმეტის შექმნაში მონაწილეობას. გამოცემამ მასთან დაკავშირება ვერ შეძლო.

მუსხელიშვილი და გოგელია ამბობენ, რომ შემუშავებული რეკომენდაციები მათ სამეურვეო საბჭოს შესარჩევ კომისიას საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციად შესთავაზეს.

„მე მივიჩნევ, რომ ჩვენ იმაზე მეტი გავაკეთეთ ამ პერიოდში ვიდრე შეიძლებოდა, რომ გაგვეკეთებინა. ჩვენ მაუწყებელს გავუწიეთ ის მომსახურება, რომელშიც უზარმაზარ თანხებს იხდიან ორგანიზაციები“, - აღნიშნა გოგელიამ Media.Ge-სთან საუბრისას. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test