შემოგვიერთდი

16.04.2014 18:30

„სტერეო +“ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

დავით ზილფიმიანი

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად სატელევიზიო ქსელის (მულტიპლექსის) აგების კონკურსში მონაწილეობას „სტერეო +“-ი მიიღებს. ამის შესახებ კომპანიის ყოფილმა დირექტორმა დავით ზილფიმიანმა 16 აპრილს განაცხადა. მისი თქმით, კომპანია B მულტიპლექსის ფარგლებში გამოცხადებულ ლოტზე შეიტანს განაცხადს.

ამ მულტიპლექსის მფლობელი ვალდებულია სატელევიზიო კონტენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაავრცელოს ღია საეთერო მაუწყებლებისთვის. თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში კი მას უფლება აქვს გაავრცელოს ფასიანი სატელევიზიო მომსახურებაც.

როგორც კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თიკო ტყეშელაშვილი განმარტავს, მარეგულირებელში შევიდა ეკონომიკის სამინისტროს წერილი კონკურსის ვადის გაზრდასთან დაკავშირებით. დღეს არსებული მდგომარეობით განაცხადების მიღება მულტიპლესის ასაშენებლად 2 მაისამდეა შესაძლებელი, თუმცა არ არის გამორიცხული ეს ვადა ერთი თვით გადაიწიოს.

დავით ზილფიმიანი მიიჩნევს, რომ კონკურსის ვადა არ უნდა გადაიწიოს.

„სტერეო +" იღებს ამ კონკურსში მონაწილეობას, შესაბამისად, არ არსებობს მისი ჩაშლის საფრთხე. ვადის გადაწევა კატასტროფა იქნება, რადგან ნოემბრიდან  მარტის ბოლომდე ტექნიკური სიმძლავრეების შექმნაზე საქართველოში სამუშაოები ვერ ტარდება. გამოდის, ეს მულტიპლექსები უნდა შეიქმნას უახლოეს 5 თვეში თუ გვინდა, რომ 2015 წლის აპრილში სიმულქასთინგის პერიოდი (როდესაც ანალოგური და ციფრული სიგნალი ერთდროულად არსებობს) დავიწყოთ“, - აღნიშნა დავით ზილფიმიანმა კოალიციის „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიერ გამართულ შეხვედრაზე.

ზილფიმიანი მიიჩნევს, რომ კომისიას საკონკურსოდ არ უნდა გამოეტანა A+B+3 ლოტი, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული კომპანია დაგეგმილი ხუთივე მულტიპლექსის მფლობელი ხდება.

„ამ ლოტის ჩასმით საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს ერთადერთი ქვეყანა, სადაც ყველა მულტიპლექსი შეიძლება ერთადერთ ადამიანს ჩაუვარდეს ხელში. მე ვაპირებ ამ ლოტის გასაჩივრებას“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

კომისიას საკონკურსოდ სულ 5 მულტიპლექსის ფარგლებში 10 ლოტი აქვს გამოტანილი. საკონკურსო განცხადებები 2014 წლის 2 მაისის 19:00 საათამდე მიიღება.

შეკითხვები წერლობითი ფორმით მიიღება და მათზე წერილობითი პასუხები გამოქვეყნდება - 2014 წლის 25 აპრილის 19:00 საათამდე, მოსამზადებელი სხდომა  2014 წლის 7 მაისის 13:00 საათზე ჩატარდება, სადაც კომისიის აპარატი გახსნის დალუქულ საკონკურსო დოკუმენტაციას,  შეამოწმებს შეესაბამება თუ არა წარდგენილი საბუთები საკონკურსო პირობებს. ხარვეზის შემთხვევაში კომისია კომპანიას გასასწორებლად ხუთ დღეს მისცემს. საკონკურსო დოკუმენტაცია იმავე დღეს კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნდება.

ზეპირი მოსმენის სხდომა 9 ივნისის 13:00 საათზე გაიმართება, გამარჯვებული კი 2014 წლის 10 ივნისი 13:00 საათზე გამოვლინდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test