შემოგვიერთდი

31.03.2014 17:38

GNCC-მ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად კონკურსი გამოაცხადა

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

ციფრული მაუწყებლობა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად კონკურსი 31 მარტს გამოაცხადა. მანამდე საკონკურსო პირობების პროექტი დაინტერესებულ პირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად გააცნო.

კონკურსი ხუთი ლიცენზიის მოსაპოვებლად ცხადდება. თითოეული ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 1000 ლარია.  კონკურსის ფარგლებში განსაზღვრული იქნება 10 ლოტი.

თითოეული ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილი იქნება  წარმოადგინოს საკონკურსო განაცხადი ათივე ლოტზე. კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თიკო ტყეშელაშვილის განცხადებით, ლიცენზის მაძიებლის მიერ შემოტანილი ყოველი საკონკურსო განაცხადი ფასდება ინდივიდუალურად.

ლიცენზიის მისაღებად კონკურსანტი კომისიას მიმართავს საკონკურსო განცხადებით, რომელსაც თან ერთვის საკონკურსო წინადადება. მასში განსაზღვრული უნდა იყოს ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო  ქსელში  სატელევიზიო კონტენტის ეროვნულ დონეზე ღია ეთერით (ასევე მომხმარებლებისათვის  უფასოდ კრიპტო-კოდირებული ფორმით)  გავრცელების ყოველთვიური ზედა (მაქსიმალური) ზღვრული საფასური და მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულება.

კონკურსანტმა ასევე უნდა წარადგინოს ქსელის უზრუნველყოფის ტექნიკური წინადადება, სადაც განსაზღვრული უნდა იყოს:

- ქსელის აგების დეტალურ გეგმა, განსახორციელებელ სამუშაოთა ყოველთვიურ  დეტალურ განრიგი 2014 წლის 1  აგვისტოდან  2015 წლის 17 ივნისამდე პერიოდში.

- ინფორმაცია ქსელის აგების  მოდელისა და ძირითადი გადამცემი სადგურების  განთავსების სავარაუდო ადგილის (გეოგრაფიული კოორდინატების)  შესახებ.

- ინფორმაცია სადისტრიბუციო ქსელის  მოდელის შესახებ ინფორმაციას გადამცემი და სადისტრიბუციო ქსელის აგების სავარაუდო კაპიტალური და საოპერაციო ხარჯების  შესახებ.

- განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა, ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და  დაფინანსების წყაროების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტაცია.

- საბანკო გარანტია 500,000.00 (ხუთასი ათას) ლარზე, ან მისი ექვივალენტის ოდენობით უცხოურ ვალუტაში, რაც მოქმედი იქნება 2015 წლის 17 ივნისამდე;

- საკონკურსო წინადადების ტიპიურ  ფორმაში მონიშნული ლოტით გათვალისწინებული ლიცენზიების შესაბამისი რაოდენობის  სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელ საბუთები

თითიეული კონკურსანტის მიერ წარდგენილი საბუთები კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შეფასდება, რომელიც წინასწარ განსაზღვრული ფორმულით გამოითვლება. თიკო ტყეშელაშვილის თქმით, ამგვარი გათვლები კონკურსანტების მიმართ სუბიექტურ მიდგომებს გამორიცხავს.

კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძველი შეიძლება გახდეს კონკურსანტის მიერ წარდგენილი ყალბი ინფორმაცია, პირი აგრეთვე  ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას თუ წარდგენილი დოკუმენტაციიდან თუნდაც ერთ-ერთი არ შეესაბამება კონკურსით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან წარდგენილია ალტერნატიული გეოგრაფიული კოორდინატების  შესაბამისად ქსელის დაგეგმარების  პროექტი, რომელიც არ იქნა დამტკიცებული კომისიის მიერ.

საკონკურსო განცხადებები 2014 წლის 2 მაისის 19:00 საათამდე მიიღება.

შეკითხვები წერლობითი ფორმით მიიღება და მათზე წერილობითი პასუხები გამოქვეყნდება - 2014 წლის 25 აპრილის 19:00 საათამდე, მოსამზადებელი სხდომა  2014 წლის 7 მაისის 13:00 საათზე ჩატარდება, სადაც კომისიის აპარატი გახსნის დალუქულ საკონკურსო დოკუმენტაციას,  შეამოწმებს შეესაბამება თუ არა წარდგენილი საბუთები საკონკურსო პირობებს. ხარვეზის შემთხვევაში კომისია კომპანიას გასასწორებლად ხუთ დღეს მისცემს. საკონკურსო დოკუმენტაცია იმავე დღეს კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნდება.

ზეპირი მოსმენის სხდომა 9 ივნისის 13:00 საათზე გაიმართება, გამარჯვებული კი 2014 წლის 10 ივნისი 13:00 საათზე გამოვლინდება.

თიკო ტყეშელაშვილის თქმით, ვინაიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე ცოტა დროა დარჩენილი ქვეყანას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ინვესტორი დაკისრებულ ვალდებულებებს ნამდვილად შეასრულებს, ამიტომ კომისია გაუწევს მონიტორინგს, თუ როგორ წარმართავს გამარჯვებული კომპანია თავის საქმიანობას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის თანახმად, კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს და სხვა საჯარო მოხელეს; პოლიტიკურ პარტიას და იურიდიულ პირს, რომლის წილს, ან აქციებს პირდაპირ, ან ირიბად ფლობს სახელმწიფო. თიკო ტყეშელაშვილის განცხადებით კომისია კონკურსანტის ბენეფიციარ მესაკუთრეებსაც შეამოწმებს.

კომისიის მონაცემებით, საქართველოში ამჟამად სამი ეროვნული და  29 ადგილობრივი  საეთერო მაუწყებელია, გარდა ამისა მაუწყებლობაზე ავტორიზებულია და თანამგზავრული სისტემების საშუალებით მაუწყებლობას ავრცელებს 35 პირი.

ყველა მათგანს 2015 წლის 17 ივნისამდე მოუწევს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა და მულტიპლექსის საშუალებით სიგნალის გავრცელება.

საქართველო ამჟამად ანალოგურად მაუწყებლობს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წევრი ქვეყნები 2006 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე შეთანხმდნენ, სიხშირეები შეზღუდული რესურსია, სიგნალის ციფრულად გავრცელება კი გაცილებით მეტი არხის გაშვების შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე ანალოგური. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა იმ მაუწყებლებს ეხებათ, ვინც სიგნალს სიხშირის საშუალებით ავრცელებენ. შესაბამისად, ეს პროცესი გავლენას იქონიებს მხოლოდ იმ აბონენტებზე, ვინც სატელევიზიო სიგნალს ანტენის საშუალებით იღებს. მას ან შესაბამისი ფორმატის ტელევიზორის, ან ე.წ „სეტ ტოპ ბოქსის“ შეძენა მოუწევს, რაც ტელევიზორთან მიერთების შემდეგ სიგნალს გარდაქმნის და გამოსახულების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

სახელმწიფოების დიდი ნაწილი ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია. საქართველომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა 10 თებერვალს დაამტკიცა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სააგენტოც დააფუძნა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test