შემოგვიერთდი

27.03.2014 18:00

GNCC-მ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის ჩასატარებელი კონკურსის პირობები წარადგინა

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში მულტიპლექს პლატფორმის შექმნის მიზნით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი 31 მარტს გამოცხადდება. მანამდე 27 მარტს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებას საკონკურსო განაცხადების შეფასების კრიტერიუმები, შესაბამისი ქულები და კალკულაციის ფორმულები გააცნო.

პროექტის თანახმად, კონკურსზე A და B მულტიპლექს პლატფორმების შესაბამისი სიხშირული რესურსი გაიცემა. კომისია ჯამში 10 ლოტს გამოიტანს. თითოეული ლიცენზიის მაძიებელი პირი უფლებამოსილი იქნება საკონკურსო განაცხადი ათივე ლოტზე წარადგინოს, თუმცა თითოეულზე ცალკ ცალკე უნდა შეიტანოს განაცხადი.

საკონკურსო განაცხადები რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდება, მათ შორის:

კონკურსანტის მიერ სიხშირული რესურსით სარგებლობისთვის შემოთავაზებული მაქსიმალური  საფასური, მულტიპლექს პლატფორმებზე ეროვნული მაუწყებლების ჩართვისთვის დაწესებული საფასური, სატელევიზიო კონტენტის ღია ეთერით გავრცელებისთვის დადგენილი ყოველთვიური მაქსიმალური საფასური, ღია ეთერით გავრცელების მსურველ მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები.

„ჩვენი პრიორიტეტია, რომ დაბალი იყოს მაუწყებლებისთვის განთავსების ხარჯი და აგრთევე ისიც, რომ ბაზარზე შევქმნათ კონკურენცია და მულტიპლექსები სხვადსხვა პირის ხელში აღმოჩნდეს,“ - აღნიშნა კომისიის სტრატეგული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თიკო ტყეშელაშვილმა პრეზენტაციისას.

უკვე შემუშავებულია ფორმა, რომელიც კონკურსანტებმა უნდა შეავსონ განაცხადების წარდგენისას, მათ უნდა მიუთითონ ინფომაცია დაფინანსების წყაროების, გადამცემი და სადისტრიბუციო ქსელის შესახებ, თან უნდა დაურთონ  საბანკო გარანტია, აგრეთვე უნდა აღწერონ საკუთარი გათვლებით რა იქნება კაპიტალური და საოპერაციო ხარჯები. უნდა წარადგინონ ტექნიკური წინადადება, სადაც დეტალურად აღწერენ როგორ იქნება ტექნიკურად აწყობილი მათი ქსელი და რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული მისი აგება. „ეს ინფორმაცია საჭიროა კომისიის დასარწმუნებლად, რომ ინვესტრი აცნობიერებს რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ქსელის ფორმირება“, - განმარტა თიკო ტყეშელაშვილმა.

კონკურსანტმა აგრეთვე უნდა წარადგინოს მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5 პროცენტს, ან მეტს. თუმცა აღსანიშნავია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი მაუწყებლებისგან განსხვავებით, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს მულტიპლექსის ფლობას არ უკრძალავს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები პრობლემად მიიჩნევენ.

კანონის თანახმად, კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს და სხვა საჯარო მოხელეს; პოლიტიკურ პარტიას და იურიდიულ პირს, რომლის წილს, ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს სახელმწიფო.

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 17 ივნისამდე უნდა გადავიდეს. ეს ვალდებულება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წევრმა ქვეყნებმა 2006 წელს აიღეს. მაუწყებლები ახლა სიგნალს ანალოგურად ავრცელებენ, სიხშირეები შეზღუდული რესურსია, სიგნალის ციფრულად გავრცელება კი გაცილებით მეტი არხის გაშვების შესაძლებლობას იძლევა. ITU-მ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. სახელმწიფოების დიდი ნაწილი ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია. საქართველომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა 10 თებერვალს დაამტკიცა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სააგენტოც დააფუძნა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test