შემოგვიერთდი

13.03.2014 16:45

„ალანიას“ სიხშირის ისტორია

ნატა ძველიშვილი
საუბრები მედიაზე

ტელეკომპანია ალანია

რუსულენოვანი ტელეკომპანია „ალანიას“ ისტორია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში „უნიკალურად“ არის შეფასებული და „განსაკუთრებული კვლევის ობიექტის“  სტატუსიც მინიჭებული აქვს. ის წლების განმავლობაში უკანონოდ მაუწყებლობდა, რასაც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თავად კომპანიისა და GNCC-ის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. დასკვნა საგამოძებო კომისიამ 2014 წლის 7 მარტს გამოაქვეყნა.

დაარსება

ამბავი  2005 წელს იწყება. მაშინ, როდესაც მთავრობამ ქართული პროპაგანდის სამხრეთ ოსეთში გასავრცელებლად რუსულენოვანი არხის გავრცელება გადაწყვიდა. ამ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იმდროინდელი თავმჯდომარე, დიმიტრი ქიტოშვილი ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ არაფერი იცოდა თბილისში მაუწყებლობის შესახებ და ეს სიახლე შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ წარმომადგენელის ბორის ადამიასაგან შეიტყო.  ქიტოშვილს რაიმე მითითება, ან აკრძალვა შპს „ალანიას“ თაობაზე ადამიასათვის არ მიუცია.

არხმა მაუწყებლობა ისე დაიწყო, სამაუწყებლო ლიცენზია არ ჰქონდა და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამ რეჟიმში გადიოდა ეთერში. არც იურიდიულად დარეგისტრირებულა. გადაცემების მომზადებას თავიდანვე მამუკა თათოშვილი ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში შპს „ერთობას“ დირექტორი იყო და „ალანიასთვის“ კონტენტის შექმნას ოფიციალურად სწორედ ამ კომპანიას უკვეთავდნენ.

სამი წლის განმავლობაში ტელევიზიის უკანონო მაუწყებლობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყურადღების მიღმა რჩებოდა. დიმიტრი ქიტოშვილი ირწმუნება, რომ ამ საკითხის დარეგულირება მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

„ვინაიდან კომისიის კომპეტენციას, შემოწმებას, სანქცირებას განეკუთვნება მხოლოდ ის პირები, რომლებიც არიან ელექტრონული კომუნიკაციის, ან მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები. ხოლო, თუკი ვინმე რაიმე საქმიანობას, მათ შორის, მაუწყებლობას ახორციელებს ლიცენზიის გარეშე, ეს სცილდება კომისიის უფლებამოსილების სფეროს“, -აღნიშნა დიმიტრი ქიტოშვილმა საგამოძიებო კომისიისთვის ახსნა განმარტების მიცემისას.

მისი თქმით, ამ საკითხზე არაერთხელ ესაუბრა იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს და გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს და სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა სთხოვა.

„მათგან ლოგიკურად ვერ მოვითხოვდი, რომ გამოეძიებინათ ეს საქმე და აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ამას მათი სტრუქტურები ახორციელბდნენ“, - ამბობს ქიტოშვილი და იქვე ვარაუდობს, რომ „ალანიას“ სიზარმაცისა და ზედმეტი პროცედურების თავიდან აცილების გამო არ გადაეცა სიხშირე კანონიერად.

კანონის ჩარჩოში მოქცევა

საქართველოს ტელერადიოცენტრის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ 2007 წლის ივლისში, დიმიტრი ქიტოშვილის ზეპირი განკარგულების საფუძველზე, შპს „ალანიას“ სატელევიზიო გადამცემი სისტემები და რადიო-სარელეო სისტემები თბილისის გარდა,  სხვადასხვა რეგიონებში განთავსდა. თბილისში კი მაუწყებლობა  35-ე სიხშირულ არხზე მიმდინარეობდა.

„ალანიის“ კანონის ჩარჩოებში მოქცევა ქიტოშვილის შემდეგ თავმჯდომარედ არჩეულმა გიორგი არველაძემ გადაწყვიტა. „ალანია“ როგორც შპს, იმ პერიოდში, 2007 წელს დარეგისტრირდა.

მოგვიანებით GNCC-მ კონკურსი 28-ე სიხშირეზე გამოაცხადა, გაიმარჯვა „ალანიამ“, თუმცა რეალურად 35-ე სიხშირეზე დაიწყო მაუწყებლობა. ეს არხი ადრე „ობიექტივს“ ეკუთვნოდა. არველაძე ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიამ სიხშირე სიხშირეების ხელშეშლის გამო შეცვალა. თავის მხრივ, ტელერადიოცენტრის წარმომადგენელი ბორის ადამია აცხადებს, რომ ანძის ტექნიკური სიხშირე, რომელიც ემსახურებდა „ობიექტივს“, შემდეგ „ალანიას“გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში კონკურსის გამოცხადებას ითხოვდა ტელეკომპანია „თრიალეთი“, თუმცა მას უარი უთხრეს, ამ ფაქტს საგამოძიებო კომისია GNCC-ის მიერ დისკრიმინაციული მიდგომის დასადასტურებლად იშვეილებს.

საბოლოო  ჯამში,  „ალანიას“  ლიცენზია  2008 წლის 16 მაისს მიენიჭა. საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ მიუხედავად საქმიანობის “გაოფიციალურებისა”, ტელეკომპანია “ალანია” შემდეგაც აგრძელებდა კანონის დარღვევას და კომისიისათვის ეს კვლავაც „შეუმჩნეველი“ რჩებოდა. მაგალითად, როდესაც ლიცენზიის მიღებიდან 2 წლის მანძილზე ტელეანძასთან ურთიერთობას არაოფიციალურად ინარჩუნებდა, რითაც თავს არიდებდა შესაბამისი გადასახადების გადახდას.

„ნათელია, რომ ტელეკომპანია 2005 წლიდან 2008 წლის 16 მაისამდე მაუწყებლობდა და სიხშირულ რესურსს იყენებდა კანონდარღვევით, თუმცა ულიცენზიო მაუწყებლობისათვის პასუხისმგებლობის საკითხი არასოდეს არ დამდგარა დღის წესრიგში. დაინტერესებულმა პირმა, რომელიც წლების განმავლობაში არღვევდა კანონს, მიმართვისთანავე უპრობლემოდ მიიღო ლიცენზია. საყურადღებოა ისიც, რომ შპს „ალანიაზე“ ლიცენზიის გაცემიდან 4 დღეში მარეგულირებელმა კომისიამ სამაუწყებლო პრიორიტეტების არარსებობის გამო სამი წლით შეაჩერა სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემა“, - აღნიშნულია საგამოძებო კომისიის დასკვნაში და იქვე ნათქვამია, რომ „ალანია“ ყოველთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

2008 წელს „ალანიამ“ იურიდიული მისამართი შეიცვალა და მაზნიაშილის ქუჩიდან ზუბალაშვილების ქუჩაზე გადავიდა. სტუდია „მონიტორის“ ფილმის თანახმად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს ფართი ტელეკომპანიას ერთ ევროდ აჩუქა.

„რეგიონ ტვ“, „ტელეკომპანია პიკი“

2010 წელს „ალანიას“ რებრენდინგი მოხდა , სახელი შეეცვალა და „რეგიონ ტვ“-ს სახელწოდებით დაიწყო მაუწყებლობა. თუმცა მალევე თანამშრომლები გაუშვა სამსახურიდან და გადაცემების წარმოება შეწყვიტა.

პარალელურად საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე დაიწყო რუსულენოვანი არხის შექმნა და 2011 წლის იანვარში PIK-ის სახელწოდებით გავიდა ეთერში. მისი მმართველი შპს „ქეი 1“ იყო. იმავე წლის სექტემბერში დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ფარულავა ხდება, 2012 წლის 10 იანვარს ის „ალანიას“ დირექტორის პოსტზეც ინიშნება.

ორი დღის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე რუსულენოვანი არხის PIK -ის მმართველის გამოსავლენად გამართულ ტენდერში „ქეი 1“ აღარ მონაწილეობს  და სწორედ „ალანია“ იმარჯვებს. შესამისად, PIK -ის მართვის უფლებას ერთი წლით იღებს და არხის საწარმოებლად ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოეყოფა.

თუ PIK-ი მანამდე მხოლოდ სატელიტის და ინტერნეტის საშუალებით ვრცელდებოდა, ახლა „ალანიას“ სიხშირეზეც დაიწყო გასვლა და მისი მიღება სახლის ანტენებითაც გახდა შესაძლებელი.

მოგვიანებით, ალექსანდრე ფარულავას ინიციატივით, კომპანიას სახელი შეუცვალეს და „ალანიას“ ნაცვლად იურიდიულად შპს „ტელეკომპანია პიკი“ გახდა.

„ალანია“ არჩევნების შემდეგ

2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი ძალა შეიცვალა. ამ პერიოდს უკავშირდება უკვე „ტელეკომპანია პიკის“ (იგივე „ალანია“) და საზოგადეობრივი მაუწყებლის მენეჯმენტს შორის ურთიერთობის დაძაბვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ 12 ოქტომბერს მაუწყებელმა სატელიტურ კომპანია „გლობსატთან“ ურთიერთობა შეწყვიტა და თანამშრომლობა სხვა კომპანიასთან, „თურქსატთან“ გააგრძელა.  თუმცა, როგორც განცხადებაშია მითითებული PIK -ის სიგნალი არასანქცირებულად მაინც გადაიცემოდა „გლობსატიდან“. ამ „თვითნებობის“ გამო მაუწყებელმა „ტელეკომპანია პიკთან“ ურთიერთობა შეაჩერა, შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტა. 

ამ პერიოდში, 30 ოქტომბერს  შპს „ტელეკომპანია პიკის“ 60 პროცენტი ლიტვის მოქალაქე დარიუს იურგელავიჩუსის მიერ 4 დღით ადრე დაფუძნებულმა კომპანია „შვიესამ“ იყიდა. მან ვალდებულება აიღო, რომ 5 წლის განმავლობაში შპს ტელეკომპანია პიკის“ კაპიტალში მილიონ 500 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელბდა. თუმცა მას ეს ვალდებულება არ შეუსრულებია.

საგამოძიებო კომისიის დასკვნის თანახმად, არჩევნების დასრულების შემდეგ, მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა იურგელავიჩუსს, როგორც კანცელარიის შტატგარეშე მოსამსახურეს, პრემიის სახით 8 ათას 600 ლარი გადაურიცხა.

12 ნოემბერს ცნობილი გახდა რომ 2013 წლიდან PIK-ი აღარ იმაუწყებლებდა. სამსახურიდან 400-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

მას შემდეგ „ალანიას“ სიხშირეზე ძველი გადაცემების ჩანაწერები და ვიდეოკოლაჟები გადიოდა. 2013 წის ოქტომბრიდან კი ტელეკომპანია TV 3-ის სამაუწყებლო ბადის გავრცელება დაიწყო.

საგამოძებო კომისიის დასკვნა

2013 წელს შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ „ალანიას“ საქმესთან დაკავშირებით ჯამში GNCC-ის რამდენიმე მიმართულებით დასდო ბრალი - „ტელეკომპანია „ალანიას“ მიმართ კომისიის თითოეული წევრი წლების განმავლობაში მშვიდად უყურებდა მაუწყებლობას, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობისათვის, თუმცა სამართლებრივ გარემოში არ არსებობდა“, - აღნიშნულია საგამოძიებო კომისიის მიერ 2014 წლის 7 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნაში. იქვე ნათქვამია, რომ GNCC-მ ვერ მიაწოდა კომისიას ვერცერთი ოქმი, სხდომის ჩანაწერი, მიმოწერა, ან რაიმე სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ინტერესს კომისიის წევრების მხრიდან იმის გასარკვევად, თუ რა წარმონაქმნი იყო ტელევიზია, რომელსაც ხალხი უყურებდა, რომელი სიხშირით სარგებლობდა? და როგორ მოხდა, რომ მარეგულირებელი კომისიისათვის გვერდის ავლით შესაძლებელი გახდა მსგავსი საქმიანობა?

საგამოძიებო კომისია უთითებს, რომ ვინაიდან „ალანიას“ მხრიდან კანონდარღვევები მას შემედგაც გაგრძელდა, რაც სამართლებრივ გარემოში მოექცა და კომისია კვლავ დუმდა, ადასტურებდა იმას, რომ კომისია თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში შერჩევითი სამართალით ახდენდა რეგულირებას.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test