შემოგვიერთდი

25.01.2014 15:21

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ქართულ მედიაში

ალექსანდრე ქეშელაშვილი სალომე ფხალაძე
საუბრები მედიაზე

უკრაინა

უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციები, რომელიც მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, საკმაოდ რეზონანსული იყო ქართულ მედიაში. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, საზღვარგარეთის ამბები საინფორმაციო გამოშვებების პირველ სიუჟეტებად ნაკლებად გვხვდება, უკრაინაში განვითარებული ბოლო დროინდელი მოვლენები, თავისი სიმძაფრის გამო, ქართული მედიის ძირითად თემად იქცა.

კიევში საკუთარი გადამღები ჯგუფები გაგზავნეს ქართული ტელევიზიების ნაწილმა, მათ შორის „რუსთავი 2“-მა, „მაესტრომ“ ტელეკომპანია „იმედმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. 16 იანვრის შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა უფლებები შეზღუდა, ტელეკომპანიებმა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გადმოცემა განახლებად რეჟიმში დაიწყეს. 22 იანვარს კი, როცა უკვე კიევში დაძაბულობამ პიკს მიაღწია,  უკრაინის თემა დილის ეთერშივე, საკმაოდ ვრცელი სიჟეტებით იყო წარმოდგენილი. Media.Ge  შეეცადა საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2“-ის, „მაესტროსა“ და „იმედის“ მიერ უკრაინაში მიმდინარე პროცესების ასახვის მცირე ანალიზი გაეკეთებინა. ჩვენ ქართული ტელევიზიების ეთერს 22 და 23 იანვარს დავაკვირდით.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, 22 იანვარს თავიდანვე აქტიურად დაიწყო უკრაინაში მიმდინარე პროსეცების გადმოცემა. პირველმა არხმა, დილის ეთერშივე უკრაინიდან სპეციალური კორესპონდენტის ჩართვაც გადმოსცა, მაგრამ მთავარ თემად, მაუწყებლის ეთერში, დილით მაინც საქართველოში ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნა იყო. უკრაინის თემაზე მომზადებული სიუჟეტები კი დაახლოებით 1-3 წუთის ფარგლებში მერყეობდა.

მომდევნო გამოშვებებში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უფრო მეტი დროის დათმობა დაიწყო უკრაინაში მიმდინარე პროცესებისთვის. ტელეკომპანია ცდილობდა მაყურებლისთვის მუდმივად მიეოწდებინა უკანასკნელი ცნობები მომიტინგეებისა და „ბერკუტის“ შეტაკებების ადგილიდან, სადაც მათი გადამღები ჯგუფიც მუშაობდა. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ცალკე სიუჟეტი ეთმობოდა ოფიციალური პირების განცხადებებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

საღამოს ეთერში, პროცესების აღწერასთან ერთად კი უკვე მოვლენების ანალიზსაც დაეთმო დრო. საზოგადოებრივ მაუწყებელში საღამოს ათ საათზე გადაცემა „პირველი სტუდიას“ ერთ-ერთი მთავარი თემა, სწორედ კიევში მომხდარი შეტაკებები იყო. გადაცემის სტუმრები საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წევრები იყვნენ. აქცენტები კი უკრაინისა და საქართველოს მიმართებაზე, მოსალოდნელ შედეგბსა და გამოწვევებზე დაისვა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მაუწყებლის მთავარ თემად დარჩა 23 იანვარსაც, თუმცა კიევში დაძაბულობის განმუხტვის შემდეგ, თემისადმი დათმობილი სიუჟეტების დროც შემცირდა. თუკი 22 იანვარს საღამოს ეთერში 20-30 წუთი ეთმობოდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, 23 იანვარს ქრონომეტრაჟი 10-15 წუთამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰქონია სპეციალური გამოშვებები და მნიშვნელოვნად არ შეუცვლია საეთერო ბადეც.  საერთო ჯამში კი, ტელევიზიამ უკრაინის პროცესებს დაახლოებით 3 საათი დაუთმო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება 22 იანვარს დილის 8 საათიანი გამშვებით დაიწყო, მას შემდეგ „კურიერის“ ყევლა გამოშვებაში ეთერის უდიდესი ნაწილი უკრაინის დედაქალაქში, კიევში მიმდინარე შეტაკებებს ეთმობოდა. უკრაინაში განვითარებული პროცესების გამო გაიზარდა ყველა საინფორმაციო გამოშვების მოცულობა და შეიცვალა საეთერო ბადე. საინფორმაციო გამოშვებებში აქცენტი კიევის ცენტრში მიმდინარე მოვლენებზე კეთდებოდა. გარდა ამისა, „კურიერში“ შუქდებოდა ისიც, თუ რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისში უკრაინაში მიმდინარე აქციებს.

დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა „კურიერის“ 15 საათიანი გაომოშვება. „კურიერის“ ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე კიევიდან პირდაპირ ეთერში არაერთხელ ჩაერთო.

ოთხშაბათს, საღამოს, 22 საათზე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის ნაცვლად „არჩევანის“ სპეციალური გამოშვება გავიდა, რომელიც უკრაინის თემას დაეთმო.

„კურიერის“ დასრულებისთანავე, გადაცემა „არჩევანში“ მიწვეული სტუმრები - „ნაციონალური მოძრაობის“, „ქრისტიან დემოკრატების“, „ახალი მემარჯვენეების“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საქართველოსთან შესაძლო კავშირზე საუბრობდნენ. იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები გადაცემაში არ იყვნენ, მათ პოზიციას მაყურებელს გადაცემის წამყვანი აცნობდა. გადაცემის დაწყებისას „არჩევანის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ უკრაინა თანდათან უახლოვდებოდა სამოქალაქო ომის დაწყების ზღვარს. ამ დროს სტუდიაში დამაგრებულ მონიტორზე კიევში მიმდინარე შეტაკებების ამსახველი კადრები გადიოდა.

23 იანვარს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო აპოლიტიკური გადაცემა „სხვა შუადღის“ პირველი ბლოკი. საერთო ჯამში კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას „რუსთავი 2“-მა დაახლოებით 9 საათი დაუთმო.

ტელეკომპანია „იმედი“

ტელეკომპანია „იმედმა“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება დილის გამოშვებებიდან დაიწყო, თუმცა უკრაინის თემატიკა მთავარი თემა არ ყოფილა დილის საინფორმაციო პროგრამებში. გარდა ამისა, სხვა მაუწყებლებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითდ დროს შეტაკებების აღწერას და მომიტინგეთა კომენტარების გადმოცემას უთმობდნენ, ტელეკომპანია „იმედი“ უფრო აქტიურად გადმოსცემდა უკრაინის ხელისუფლების პოზიციასაც. „ქრონიკის“ სიუჟეტში, სხვა ტელეკომპანიებისგან განსხვავებით ასახული იყო უკრაინის ხელისუფლების მხარდამჭერი პოზიციებიც, მაგალითად, ბელორუსიის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს განცხადება. წამყვანი კი მაყურებელს ამცნობდა, რომ „ბერკუტის“ მიერ აქციის დაშლა მომიტინგეთა მხრიდან 16 იანვარს შემოღებული კანონების უგულებელყოფამ გამოიწვია.

უკრაინა

კიევში სიტუაციის გამწვავების შემდეგ „იმედის“ რეპორტაჟების აქცენტი მოვლენების აღწერაზე გადავიდა. უკვე 14 საათიანი „ქრონიკის“ გამოშვებიდან კი, ტელეკომპანიამ საეთერო ბადეც შეცვალა და საკუთარი გადაცემების ნაცვლად უკრაინული მაუწყებლის espresso.tv-ის პირდაპირი გადმოცემა ჩართო.

ტელეკომოანია „იმედმა“ საღამოს ეთერში, ტრადიციულ 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებასთან ერთად, „ქრონიკის“ სპეციალური გამოშვებაც მიუძღვნა ამ მოვლენებს. მაუწყებელმა  უკრაინის ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერთა ოფიციალურ პოზიციებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების პოზიციებიც გადმოსცა. სხვა ტელევიზიების მსგავსად, „იმედმაც“ ვითარების განმუხტვის შემდეგ, 23 იანვარს შეამცირა უკრაინის თემისადმი მიძღვნილი სიუჟეტების დრო, რაც ალბათ ლოგიკურია ახალი ამბების წარმოებისთვის. საერთო ჯამში კი, „იმედმა“ უკრაინაში განვითარებულ პროცესებს, დაახლოებით, 9 საათი დაუთმო.

ტელეკომპანია „მაესტრო“

22 იანვარს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება ტელეკომპანია „მაესტრომ“ დილის 7 და 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში გასული პატარა სიუჟეტებით დაიწყო. კიევში მიმდინარე მოვლენების გამო შეიცვალა „მაესტროს“ საეთერო ბადე. საეთერო პროგრამა რამდენჯერმე შეცვალა საინფორმაციო პროგრამის სპეციალურმა გამოშვებამ.

მაესტროს  ყველა საინფორმაციო გამოშვება კიევის სიახლეების გაცნობით იწყებოდა. სიუჟეტები ქართველ პოლიტიკოსთა განცხადებებს, საერთაშორისო შეფასებებს და კიევის აქციის მონაწილეების კომენტარებს შეიცავდა. ყველა გამოშვებაში ერთვებოდა „მაესტროს“ ჟურნალისტი, რომელიც კიევის ცენტრში მუშაობს. იმის მიუხედავად, რომ არხზე არ გასულა პოლიტიკური ტოქშოუ, გადაცემა „სუბიექტური აზრი“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო. გარდა ამისა ღამის 12 საათზე ეთერში გავიდა სპეციალური საინფორმაციო გამოშვება.

კიევში მიმდინარე ამბებით იწყებოდა 23 იანვრის  თითოეული საინფორმაციო გამოშვება  „მაესტროს“ ეთერში.  გადაცემა „სუბიექტური აზრის“ თემებიც (უკრაინული პროცესის ანატომია, საქართველოს მთავრობის რეაქცია)კვლავ უკრაინას ეხებოდა.

 

„მაესტროს“ ახალ ამბებში თითქმის თანაბრად იყო გაშუქებული უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე პროცესები, „რუსთავი“ 2-ისაგან განსხვავებით, რომელიც ამ დღეს ყველაზე მეტად უკრაინაზე იყო ფოკუსირებული და ყველაზე მნიშვნელოვან  ქართულ ამბებსაც მოკლედ აცნობდა მაყურებელს. „მაესტროს“ მსგავსად, თავდაპირველად საკამოდ დიდ დროს უთმობდა ქართულ ახალ ამბებს ტელეკომპანია „იმედიც“, თუმცა შუა დღის ეთერიდან, ამ ტელევიზიამ აქცენტი უკრაინაზე გადაიტანა. ტელევიზიები საქართველოში მომხდარი ახალი ამბების გაშუქებისას, მხოლოდ ისეთი ძირითადი თემებით შემოიფარგლნენ, როგორიც იყო ახალი მთვარი პროკურორის დანიშვნა, ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთში და დავოსის ფორუმი, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრი შეხვედრებს მართავდა. 

შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზების მეშვეობით უკრაინაში მიმდინარე მოვლენები თითქმის უწყვეტ რეჟიმში გადმოიცემოდა, ტელეკომპანიებმა მაყურებელს საკამოდ შთამბეჭდავი კადრებიც მიაწოდეს. თუმცა, თუ ამ მოვლენების საქართველოსთან მიმართების ჭრილში განხილვას არ ჩავთვლით, მაყურებელი სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობას მაინც იგრძნობდა. მაგალითისთვის, მაყურებელს შეიძლება მოვლენების უკეთესი ვიზუალიზაციისთვის წარმოდგენილი რუქისა ან პოლიტიკური პარტიების ძალთა გადანაწილების სქემის უკმარისობა ეგრძნო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test