შემოგვიერთდი

19.12.2013 13:38

სარაევოდან წამოყოლილი ტკივილი და იმედი

გოგა აფციაური. გორი
ჟურნალისტის ჩანაწერები

ბოსნია - გოგა აფციაური

ბოსნია-ჰერცეგოვინადან რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი, მაგრამ ფიქრებით ისევ ამ ქვეყანას და იქ გატარებულ დღეებს დავტრიალებ. ევროსაბჭოს მიწვევით ქართველებმა და ოსებმა ეს ქვეყანა დავათვალიერეთ, ბევრი გავიგეთ და საფიქრალიც მოგვეცა.

მე-20 საუკუნის ბოლოს ბოსნია და ჰერცეგოვინაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტი გაჩაღდა. ბოსნიაკები, სერბები და ხორვატები ერთმანეთს არ ინდობდნენ. ათასობით ბავში სარაევოს ბრძოლების დროს დაიღუპა.  მარგარიტა ახვლედიანი გვიყვება - წაკითხული მაქვს ტყვეებს თვალებს სთხრიდნენ და ერთმანეთს ამოთხრილი თვალებით სავსე ვედროებს უგზავნიდნენო.  ამ ქვეყანაშია ქალაქი სრებრენიცა, სადაც ომის დროს სერბული სამხედრო შენაერთების წარმომადგენლებმა ქალები და კაცები გააცალკევეს და ყველა კაცი დაახლოებით 800 ბოსნიელი მუსლიმი მხოლოდ წარმომავლობის და რელიგიური მრწამსის გამო დახვრიტეს. სრებრენიცას ტრაგედია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე სისხლიან მკვლელობად არის  აღიარებული.  

წინა ჩანაწერში 11 დეკემბერს ამ ქვეყნის ისტორიაზე და დღევანდელობაზე ბევრი ვისაუბრე, ამიტომ აქ მხოლოდ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.

ადგილობრივ მოხელეებს, არასამთავრობო სექტორის და მედიის  წარმომადგენლებს თითქოს აღარც უნდათ წარსულის გახსენება. გვეუბნებიან მომავლისკენ ვიყურებით და წარსულს ვივიწყებთო. სარაევოს მერიაში სერბი და ბოსნიელი მოხელეები გვეუბნებიან, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ 1995 წლამდე, მაგრამ ახლა ერთად წყვეტენ ქალაქის პრობლემებს. 18 წელი გავიდა. თითქოს, ვერც ჩვენ და ვერც ჩვენი ოსი კოლეგები ვერ ვიჯერებთ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინას ფედერაციაში მცხოვრებმა ადამიანებმა ეს ტრაგედია დაივიწყეს. ავტობუსში დინა ალბოროვას ვესაუბრები, მისი აზრით ბოსნიაში მცხოვრებთა შერიგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ ჰააგის ტრიბუნალმა სამხედრო დამნაშავეების დასჯა დაიწყო. თვითონ ბოსნიელები კი სამ ძირითად სამშვიდობო მიმართულებას გამოყოფენ. გზების გახსნა, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით ინფრასტრუქტურის აღდგენა და დევნილთა დაბრუნება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა რომ კონსტუტუციით ყველა ერის თანასწორობა დაფიქსირდა.

ახლა ბოსნია-ჰერცეგოვინას სამი პრეზიდენტი ჰყავს - ბოსნიელი, ხორვატი და სერბი. გადაწყვეტილებებს ურთიერთშეთანხმებით იღებენ.  ეს ამბები გავიგეთ და თითქოს დამთხვევა იყო. იმ საღამოს ფეისბუქში  გორიდან მეგობარი ზურა ყაულაშვილი მწერს, - ცხინვალის ჯგუფში ჩემი დისშვილია და შენ კარგად გიცნობსო. ვიცოდი რომ ზურას და ცხინვალშია გათხოვილი და მისი ოჯახი იქ ცხოვრობს, ისიც ვიცოდი რომ 2 დისშვილი ჰყავს და ერთი მათგანი ჟურნალისტია, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი რომ ჯგუფში ჩვენთან ერთად იქნებოდა. თვითონ ზურა ლიახვის ხეობიდან დევნილია და დედასთან, ნაზი ბერუაშვილთან ერთად კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ნაზი დეიდა ქალთა სამშვიდობო მოძრაობის აქტიური წევრია და ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს მშვიდობის მშენებლობაში.

ბოსნია - გოგა აფციაური

დილითვე მოვძებნე ნინო და ქართულად ვეუბნები მე ზურას მეგობარი ვარ მეთქი, ვიციო - ქართულადვე მიპასუხა. - დიდი ხანია ზურა და ნაზი ბებო არ გინახავს მეთქი? - ვეკითხები. - ომის მერე აღარ შევხვედრივართო. მხოლოდ სტამბოლში ბებია და დედაჩემი შეხვდნენო. ძალიან მენატრებიანო, - ხმა აუკანკალდა. მეც ვერაფერს ვეუბნები. უხერხული პაუზა ჩამოვარდა. ჩვენს წინ მედეა ტურაშვილი ზის.- ახლა საზღვარი ჩვენ გახსნილი გვაქვს და შეგიძლია რუსეთის პასპორტით ვლადიკავკაზიდან შემოხვიდეო, - ეუბნება ნინოს. - ცხინვალში აღებული პასპორტით არ შემომიშვებენო, - პასუხობს, თან თავს მაღლა არ წევს, მის თვალებს ვერ ვხედავთ მაგრამ ვგრძნობთ რომ შეიძლება ერთი სიტყვაც და ტირილი დაიწყოს. ძალას ვიკრებ და ვამხნევებ, ყველაფერი კარგად იქნება ცოტაც და ისევ შეხვდები ბებოს და ბიძებს მეთქი. 

 იმ დღით სულ ამაზე ვფიქრობდი. ბოსნიელებმა ომის დასრულებისთანავე გზები გახსნეს და ადამიანებმა თვითონ დაიწყეს შერიგება. ჩვენთან კი ტრაგედია  გრძელდება და ეს ტრაგედია იმ ღობეებსა და მავთულხლართებშია, რომლებიც ოჯახებს ყოფს და ნათესავებს აშორებს.  გვიშენებენ ამ ღობებეებს ქართველებს და ოსებს და უფრო გვაცილებენ ერთმანეთს. ალბათ ხვდება ჩვენი „კეთილისმსურველი“, რომ ადამიანები პოლიტიკოსებზე უფრო სწრაფად ახერხებენ ურთიერთობის აღდგენას და შერიგებას. არადა, თუ ბოსნია-ჰერცეგოვინაში მოახერხეს, ჩვენ აფხაზებმა და ოსებმა რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ?

 ქართულ-ოსური ერთობლივი ჯგუფი ავტობუსით ბოსნია-ჰერცეგოვინას სხვადასხვა ქალაქებში ვმოგზაურობდით, დრო საკმარისი გვქონდა რომ ყოველი შეხვედრის შემდეგ ერთმანეთთან გვესაუბრა. ერთ-ერთი დისკუსიის დროს ქართული ჯგუფის წევრები ევროპულ განათლებაზე, ღირებულებებზე და ჩვენს პოლიტიკურ კურსზე ვსაუბრობდით. საუბრის დროს მივხვდით, რომ ინფორმაცია ძალიან ცოტაა ცხინვალში, პროპაგანდა მხოლოდ ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა. ერთ-ერთი კოლეგა გვეუბნება, ევროპა ხომ ერთსქესიანთა  ქორწინებააო? ვუხსნით, რომ ადამიანის უფლებებია მთავარი ევროპაში, რომ ყველა უმცირესობის დაცვის გარანტი კანონმდებლობითაა გამაგრებული, რომ ევროპა ხარისხიან განათლებას და ღისეულ ცხოვრებას ნიშნავს.  ვკამათობთ, მაგრამ კამათი კონსტრუქციულია. გვისმენენ და ჩვენც ვუსმენთ. გვეუბნებიან რომ რუსეთმა ფიზიკურად გადაარჩინა სამხრეთ ოსეთი განადგურებას და მხოლოდ რუსეთს ენდობიან. საბოლოოდ ვთანხმდებით, რომ ჩვენი ურთიერთობების დალაგებას დრო სჭირდება.  ჩვენც უნდა შევძლოთ მათთან თანასწორად საუბარი, ისე არაფერი გამოვა.

ერთმა კვირამ სწრაფად გაირბინა. სარაევოდან სტამბოლში ერთად გამოვფრინდით. სტამბოლიდან კი ჩვენ თბილისში, ოსი მეგობრები კი მოსკოვში უნდა გაფრენილიყვნენ. თბილისის რეისამდე  45 წუთი რჩებოდა. ტრანზიტის უსაფრთხოების შემოწმება სწრაფად გავიარეთ და ისე მოხდა რომ დავიფანტეთ. მე, ირაკლი ქობალიამ, კოტე ჩოკორაიამ და თემურ თორდინავამ ერთმანეთს გადავულაპარაკეთ. - ეჰ, ნორმალური დამშვიდობებაც ვერ მოვახერხეთო და მოსაწევად წავედით. იქიდან გამოსულებმა კი ესკალატორზე ალანი შევნიშნეთ, ის ზემოთ ამოდიოდა, მოგვაძახა - დაბლა დამელოდეთ, ახლავე ჩამოვალ მთელი ჯგუფი მანდ გელოდებითო. სწრაფად ჩავირბინეთ. ოს კოლეგებს გადავეხვიეთ. ბიჭებმა მოგვაძახეს თუ ცხინვალში ჩამოხვალთ უსაფრთხოებაზე ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობასო. ჩვენც თბილისში დავპატიჟეთ. ემოციურად დავემშვიდობეთ ერთმანეთს.   უკვე თბილისში გავიგეთ რომ ჩვენი ჯგუფის წევრმა   ოლესია ვართანიანმა სამშვიდობო ჟურნალისტიკის პრიზი მიიღო. მიხარია, რომ ოლესიას და რადიო „თავისუფლებას“ თავისი წვლილი შეაქვთ მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

ბოსნია - გოგა აფციაური

ეს დღეები ისევ ბოსნია-ჰერცეგოვინაზე და ჩვენს ამბებზე ვფიქრობ. კიდევ მომიწია ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერების და მავთულხლართების მონტაჟის შესახებ რეპორტაჟების გაკეთება „თავისუფლებაზე“. ჩაკეტილი გზა, გაყოფილი ოჯახები, დაშორებული ნათესავები. ადამიანები, რომლებიც უფრო ადრე პოულობენ საერთო ენას ვიდრე პოლიტიკოსები და ასე შემდეგ. 

დღეს ნაზი დეიდა ვნახე. პირველმა  თვითონ მომაძახა - ნინომ დარეკა და გვითხრა, იქ გოგა აფციაური ახლოს გავიცანიო. მეც წვრილად ვუამბე ბოსნია-ჰერცეგოვინას ამბები. ნაზი დეიდასაც ცრემლი მოადგა. ისევ ეს ჩაკეტილი გზა, მაგრამ მაინც იმედი რომ მალე ნაზი დეიდა ისევ ნახავს შვილიშვილებს და ჩვენც შევხვდებით ჩვენს ოს მეგობრებს თბილისში, ცხინვალში, მერე ისევ თბილისში და ცხინვალში. მანამდე კი ცოტა დრო და გზების გახსნა გვჭირდება აუცილებლად. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test