შემოგვიერთდი

20.11.2013 12:38

,,საქართველოს ტელევიზია 2020 წელს’’ - მიხეილ ტატანაშვილი

ჟურნალისტის ჩანაწერები

მას შემდეგ, რაც, საქართველოს ანალოგიური მაუწყებლობა გაითიშა, უკვე 5 წელია გასული. გრძელი მოლოდინის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ,  სამოქმედო პროექტი წარმოადგინა. რომლის შექმნაში, აქტიურად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სწორედ მათი ხედვის და შეთავაზებული მოდელების წყალობით გადარჩნენ საქართველოს ძველი ტელემაუწყებლები.

მოსახლეობის უმეტესობაც,  შიშით უყურებდა მიმდინარე დიგიტალიზაციის პროცესს და საკუთარ ტელევიზორებს სინანულით უყურებდნენ. 2015 წლის 30 ივნისი, ის დღე იყო როცა მათი შენაძენების უმეტესობა, ვეღარ უპასუხებდა თანამედროვეობის გამოწვევებს.  თუმცა დიდი დანაკლისი მოსახლეობას არ განუცდია. სპეციალური მიმღებების (რესივერები) შეძენა დამონტაჟება სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე. იყო იმის საშიშროება, რომ მეზობელი ქვეყნების სადგურები გადაფარავდნენ ჩვენ სიხშირეებს. თუმცა, საქართველომ ევროკავშირისა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ITU-ს  წინაშე ნაკისრი ვალდებულება დროულად შეასრულა. დანაკლისი რეგიონულ მაუწყებლების მხრივაც არ ყოფილა. მოგეხსენებათ, რამდენიმე რეგინული მაუწყებლის საერთო სიხშირეზე მაუწყებლობა, საქართველოს სხვადასხვა კუტხეში დამონტაჟაბულმა ,,მულტუპლექს პლათფორმებმა’’ უზრუნველყვეს.

თანამედროვე ეპოქაში, გლობალიზაციამ მნიშვნელოვანი ტექნიკური სიახლეებისკენ უბიძგა მსოფლიოს. ტექნიკურ აღმოჩენებს, როგორც ყოველთვის, დიდი ქვეყნები ადვილად ითვისებენ და ნერგავენ. ამ პროცესს, მტკივნეულად განიცდის პატარა ქვეყნების უმეტესობა. ცხოვრების ტემპი იმდენად დაჩქარდა, რომ ადამიანი წამში იღებს და გადასცემს ინფორმაციას. შესაბამისად, მისთვის მნიშნელოვანია ჰქონდეს ყველაზე სწრაფი და ობიექტური ინფორმაციის წყარო. ამიტომ, რათქმაუნდა, ქართული მედიის ტრანსფორმაციაც, შესაბამისი უნდა ყოფილიყო ამ გამოწვევებისა.

მცირე სიხშირული სპექტრის  გამო, ანალოგიური მაუწყებლობის დროს, საქართველოში მაუწყებლობდნენ ერთი და იგივე ტელერადიო საშუალებები. რაც, ქმნიდა ერთგვარ ჩაკეტილ სივრცეს. რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალება, რომელსაც მოსახლეობა ანიჭებდა უპირატესობას, იყო უკიდურესად ერთფეროვანი. შეიძლება ითქვას ერთმანეთის კოპიოებიც. გადიოდა ერთი და იმავე კუთხით გაშუქებული მოვლენები და მომხმარებელს, არ გააჩნდა არჩევანის საშუალება.

იძულებით შემოჩეჩებული არხების ყურების დროს კი, ძალაუნებურად მარტივია მართვა. როგორც, ტელერადიო საშუალებების, ასევე მოსახლეობის აზრის.

ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა, მოვლენის ადგილიდან- საქართველოს მოსახლეობის ეკრანებამდე ადვილი და სწრაფი გახდა. აქედან გამომდინარე, აღარ დარჩა ტელევიზიებს დრო, რომ ახალი ამბების გამოშვებაში გაეშვათ დამონტაჟებული (დაჭრილი) ნიუსები. საღამოს სიუჯეტებს უკვე იშვიათი მნახველი ყავს. ძირითადად, მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ აირჩიონ სასურველ დროს სასურველი გადაცემა და გააკეთონ წინასწარ მისი ჩანაწერი, ანდაც უყურონ რაიმე ამბავს პირდაპირ ეთერში.

ნატურალური სახით მოვლენების გაშუქებამ, შეამცირა მოსახლეობის აზრის შექმნის და მართვის  შესაძლებლობები. სხვის მიერ დამონტაჟებული ვიდეოკადრების მაგივრად, ჩვენ  ვხედავთ პირდაპირ ეთერში იმას რაც ხდება. მედიასივრცე უფრო პლურალისტური გახდა. 5 წლის განმავლობაში, 40 მდე მიაღწია დამოუკიდებელი არხების რიცხვმა. დღეს, შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ერთი თემატიკის მინიმუმ 5 არხიდან სასურველი აირჩიოთ. კონკურენციამ და ბაზრის გაჯანსაღებამ, მნიშვნელოვანად გაზარდა მედიასაშუალებების შემოსავლებიც. ტელევიზია გაცილებით მძლავრი და დამოუკიდებელია, როგორც ფინანსურად ასევე სარედაქციო თვალსაზრისით. ხელმისაწვდომია აგრეთვე სტატისტიკაც. თუ მოსახლეობის რა ნაწილი, რა დროს, რომელ გადაცემას უყურებს.

დღეს ნამდვილად აქვს აზრი შეიძინოთ ძვირადღირებული ტელევიზორი. ჩვენი სატელევიზიო სივრცე, უკვე იძლევა საშუალებას ვუყუროთ მაღალი გარჩევადობის მქონე HDTV ფორმატს. ტელევიზიის გადასვლამ, ციფრულ მაუწყებლობაზე, ასევე შესაძლებელი გახადა სოციალური მედიის ჩართვა- ტრადიციულში.  დღევანდელი ტელევიზია გაცილებით ინტერაქტიულია. სოციალური პლაგინების მეშვეობით მარტივად ხდება მოცემული მომენტის წამიერად გაზიარება საკუთარ სოციალურ ქსელის გვერდზე. შენიშვნის დამატება გადაცემის მსვლელობისას, რომელსაც იმავე წამს ნახავენ გადაცემაზე მომუშავე ადამიანები. 

5 წლის წინათ, საქართველოს საინფორმაციო ბადე ძირითადად თბილისის ამბებით იყო დატვირთული. გაინტერესებთ რა ხდება რეგიონებში?  რასაც აქამდე ვერ წარმოვიდგენდით. ერთ რეგიონში რამდენიმე კონკურენტი არხი მაუწყებლობს.  ციფრული მაუწყებლობის საშუალებით, მოგვეცა შესაძლებლობა თუნდაც მთელი წლის არქივი ამოვქექოთ.

დღეს, ნაკლებად პოლიტიზებულია მოსახლეობა. ძალაუნებურად სანახავი არხების გარდა უამრავი გასართობ-შემეცნებითი არხები გაჩნდა. აპოლიტიკურ ადამიანებს, აქვთ შესაძლებლობა ნახონ მხოლოდ მათთვის სასურველი ინფორმაცია და ამისთვის არ მოუწიოთ იმ პოლიტიკური სიახლეების დიდი ნაკადის ,,გადაყლაპვა“ რომელიც ასე მასობრივი იყო ანალოგიური მაუწყებლობის დროს.  საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა პროპაგანდისტული ინერცია რომელიც ასე მოყვებოდა ქართულ ტელევიზიებს, საბოლოოდ დამუხრუჭდა და გზა გაეხსნა თავისუფალ ინფორმაციას.

 

ავტორი: მიხეილ ტატანაშვილი,  ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი

მასალა ქვეყნდება ესეს კონკურსის "საქართველოს ტელევიზია 2020 წელს" ფარგლებში, სადაც ავტორი მესამე  ადგილის პრიზიორი გახდა   

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test