შემოგვიერთდი

15.10.2013 09:04

„დიალოგები პრაღაში“ დასრულდა, მაგრამ სოციალურ ქსელში გაგრძელდება

Goga Aptsiauri
სტატიები ჟურნალისტის ჩანაწერები

ჩეხეთის დედაქალაქში დასრულდა  ტრენინგი ჟურნალისტებისთვის, რომელიც პრაღის საერთაშორისო მედიატრენერების ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარეობდა. ქართველ, აფხაზ, ოს, ყაბარდო-ბალყარელ და ჩერქეზ ჟურნალისტებს სემინარების და ტრენინგების მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზეს.

ტრენინგებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გარდა, კავკასიელი ჟურნალისტები თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ, ცვლიდნენ ინფორმაციას და მომავალშიც აპირებენ ურთიერთობის გაგრძელებას. ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი გურამ როგავა ამბობს, რომ მისთვის ”პრაღის დიალოგი” კავკასიელ კოლეგებთან პიროვნული და პროფესიული ურთიერთობის კარგი საშუალებაა. ცხინვალში გამომავალი დამოუკიდებელი გაზეთის „21-ე საუკუნის“ რედაქტორის მოადგილე მარია პლიევა მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხვედრებისას ბევრს სწავლობს არა მხოლოდ ტრენერების, არამედ კოლეგებისგანაც და მათ საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს. 

მსგავსი შეხვედრებისა და ტრენინგების  მიმართ ცხინვალში, სოხუმსა და თბილისშიც  ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობაა ხოლმე. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ ასეთი ღონისძიებები  ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს უწყობს, ნაწილი კი უარყოფითად არის განწყობილი. იყო შემთხვევები, როცა დიალოგის მონაწილეები მოღალატეებად შერაცხეს. ასეთ შეფასებას გაზეთ „ეხო აფხაზიის“ რედაქტორი ვიტალი შარია სიბრიყვეს უწოდებს:

”მე, ამ შეხვედრების არა მხოლოდ მონაწილე, არამედ მხარდამჭერიც ვარ. ეს არ არის  მხოლოდ იმის საშუალება, რომ პროფესიული ცოდნა მიიღო ან გაიგო, თუ რა შედეგები აქვს კოლეგა ჟურნალისტების მუშაობას. მსგავსი შეხვედრები ადამიანური ურთიერთობის საშუალებაცაა, რათა, როგორც იტყვიან, საკუთარ წვენში არ ვიხარშებოდეთ, ერთმანეთის უკეთ გვესმოდეს და ერთმანეთს უკეთ ვიცნობდეთ”

ერთ-ერთი ტრენინგი კავკასიელ ჟურნალისტებს ტელეარხ „ფრანს 24“ -ის საერთაშორისო განყოფილების შეფ-რედაქტორმა რობერტ პარსონსმა ჩაუტარა. მისი აზრით, დიალოგი აუცილებელია, რადგან ადამიანებს შორის ურთიერთობების გაწყვეტას გაუცხოება და კონფლიქტი მოსდევს.

ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის (რუსეთის ფედერაცია) ტელევიზიის ჟურნალისტი მუსალინ  შაკოვი საზღვარგარეთ ასეთ ტრენინგს პირველად ესწრება:

”ძალიან კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით ის მახარებს, რომ პირადად შევხვდი ქართველ ჟურნალისტებს. მიხარია, რომ დაკარგული კავშირების აღდგენას ვიწყებთ და ამ ურთიერთობას აუცილებლად გავაგრძელებთ. ქართველებისა და ჩერქეზების კულტურას ბევრი საერთო აქვს. უძველესი დროიდან ვცხოვრობდით ძმური ურთიერთობით და ამას უნდა დავუბრუნდეთ”.

კავკასიელი ჟურნალისტები ერთმანეთთან ურთიერთობას სოციალური ქსელების მეშვეობით გააგრძელებენ. მოგვიანებით კი, შესაძლოა, ერთი ინტერნეტგამოცემის თანამშრომლებიც გახდნენ. პრაღაში სწორედ საერთოკავკასიური ინტერნეტგამოცემის შექმნის იდეაზე მსჯელობდნენ ჟურნალისტები და ჩეხური ახალი და ტრადიციული მედიის გამოცდილებას ეცნობოდნენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test