შემოგვიერთდი

10.10.2013 14:58

რობერტ პარსონსი: ქართული მედიაში ან ყველაფერი თეთრია ან ყველაფერი შავია

Goga Aptsiauri
სტატიები ჟურნალისტის ჩანაწერები

პრაღაში კავკასიელ ჟურნალისტებთან სასაუბროდ რობერტ პარსონსი მოვიდა. რობერტს საქართველოში ბევრი ადამიანი იცნობს, კარგად ფლობს ქართულ ენას, მისი წინა სამსახურიც საქართველოს და ტელეკომპანია „პირველი კავკასიურის“ (პიკი) შექმნას უკავშირდება. ამჟამად იგი ფრანგული ტელეარხის „ფრანც 24“ -ის საერთაშორისო განყოფილების შეფ-რედაქტორია. დიდი ხნის წინ რობერტ პარსონს, რომელიც ქართულ ნაციონალიზმს სწავლობდა, ბი-ბი-სიზე მუშაობის დაწყების შანსი, ბი-ბი-სის ყოფილმა რედაქტორმა ფრენკ უილიამსმა მისცა. იმ დროს ქართულის და რუსულის ერთდროულად მცოდნე ადამიანის მოძებნა ბრიტანეთში რთული იყო, ფრენკი ამბობს, რომ პარსონსმა ეს შესაძლებლობა კარგად გამოიყენა და ჯერ კარგ ჟურნალისტად, შემდეგ  კი, ძლიერ რედაქტორად ჩამოყალიბდა. პარსონსი საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდა, ახალი ამბების მომზადება, ტრადიციული და ახალი მედიის შესაძლებლობები და მათი შერწყმის პროცესი,  რედაქტორების და ჟურნალისტების ურთიერთობა, წყაროებთან მუშაობა- ყურადღება ძირითადად ამ საკითხებზე გამახვილდა.  

ტრენინგის მონაწილე ერთმა ჟურნალისტმა პარსონსს კარგი ჟურნალისტის მთავარი თვისებების ჩამოთვლა სთხოვა. რობერტმა და ფრენკმაც ჩამოთვლეს, - ანალიტიკური შესაძლებლობები, ძებნის და თხრობის უნარი, პასუხისმგებლობა, მობილურობა, კომუნიკაბელურობა,  ტექნიკური შესაძლებლობები. მათი აზრით, ამ თვისებებს უნდა ფლობდეს თანამედროვე ჟურნალისტი.  

შემდეგ, საუბარი კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ყველაზე მეტი კითხვა კი ტელეკომპანია „პიკთან“ დაკავშირებით დაისვა. არაერთხელ გაისმა სიტყვა პროპაგანდა. ცხინვალელი და სოხუმელი ჟურნალისტები ცდილობდნენ გაერკვიათ, რატომ დათანხმდა ასეთი ავტორიტეტული რედაქტორი პროპაგანდის კეთებას, თუმცა, რობერტ პარსონსი ცდილობდა სხვა კუთხით დაენახვებინა განვითარებული მოვლენები ჟურნალისტებისთვის. მისი თქმით, რუსეთში საქართველოს შესახებ ნეგატიური განწყობა იყო, საქართველოს ხელისუფლებამ კი ამ განწყობის შეცვლა სცადა, რასაც რუსული პროპაგანდა დაუპირისპირდა. პარსონსმა თავშივე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას მისი მთავარი მოთხოვნა სარედაქციო საქმიანობაში ჩაურევლობა და რედაქტორთა გუნდის დამოუკიდებლად  შერჩევა იყო, რაზეც თანხმობა მიიღო. პარსონსმა აღიარა,  რომ ხშირ შემთხვევაში არხი ვერ აბალანსებდა ახალ ამბებს. მას ჟურნალისტებმა ისიც შეახსენეს, რომ არხზე სააკაშვილთან დაახლოებული ჟურნალისტები მუშაობდნენ, თუმცა რობერტს პასუხი აქაც ჰქონდა. მისი თქმით,  ეს ჟურნალისტები ახალ ამბებს არ ქმნიდნენ. დასასრულს რობერტ პარსონსმა დასძინა, რომ მოკლე დროში მაღალი სტანდარტის ტელევიზიის  შექმნა შეუძლებელია და კამათიც აქ დასრულდა.  

შეხვედრის დასასრულს პარსონსმა საკუთარი მოსაზრება ქართული მედიის შესახებ გაგვიზიარა: „ქართულ საზოგადოებაში ისეთი ტენდენციაა, რომ ყველაფერზე უნდა თქვას-ან შავია ან თეთრი. იგივეა მასმედიაში, ან ამისკენ ხარ ან ამის წინააღმდეგი. „მე მიმაჩნია, რომ სურვილი ისეთი გადაცემების შექმნისა, როგორიც არის დასავლეთში, ჯერჯერობით არ არის. სანამ არ შეიცვლება საზოგადოება, მანამ არ შეიცვლება მასმედია საქართველოში. ტექნიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ ქართულ მასმედიას, კი ბატონო, ძალიან ბევრი წინსვლაა. შესახედად მშვენიერია, მაგრამ შინაარსს თუ შეხედავთ-სულ სხვა რამეა. ამ შინაარსით ან ყველაფერი თეთრია ან ყველაფერი შავია.“

პრაღაში ამ ტრენინგების ორგანიზატორია პრაღის საერთაშორისო მედიატრენერების ასოციაცია (pimta). 

 გოგა აფციაური, პრაღა

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test