შემოგვიერთდი

27.08.2013 09:52

აჭარის ტელევიზიის ცვლილებები

ნატა ძველიშვილი გელა ბოჩიკაშვილი
საუბრები მედიაზე

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის განახლებულმა შემადგენლობამ მუშაობა 16 აგვისტოს დაიწყო. სატელევიზიო პროდუქტის ცვლილებები არხზე იქამდე განხორციელდა, ვიდრე ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნება. მიმდინარე წლის ნოემბერში აქ როგორც სტრუქტურული, ისე შინაარსობრივი რეორგანიზაცია უნდა დაიწყოს. იქამდე ტელევიზიას ოფიციალურად ისევ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულების ტელე და რადიო მაუწყებლობის დეპარტამენტი ჰქვია, შემდეგ კი აჭარის რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდება.

აჭარის ტელევიზია

კონკურსი

კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სამსახურში ახალი კადრების შერჩევას  ისახავდა მიზნად, ივლისში ჩატარდა და რეგიონში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილისთვის გაუგებარი იყო რატომ ჩატარდა კონკურსი მაშინ, როდესაც ტელეკომპანიის სრული რეორგანიზაცია 2014 წელს უნდა დაიწყოს.

ტელეკომპანიის თავმჯდომარე სოსო სტურუა ამბობს, რომ ჯამში ტელევიზიაში 40 შტატიანი და  200 ხელშეკრულებით აყვანილი ადამიანი მუშაობს. კანონის თანახმად, რეორგანიზაციის შემდეგ ახალი კონკურსის გამოცხადება მხოლოდ შტატში მყოფი კადრების ადგილზეა სავალდებულო. დანარჩენ შემთხვევაში გამოცხადდება თუ არა ხელახალი კონკურსი, მხოლოდ გენერალური დირექტორის გადასაწყვეტი იქნება.

„მე მიმაჩნია, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელმა ჟურნალისტს ხელშეკრულება არ უნდა გაუწყვიტოს, ჟურნალისტი სამსახურიდან მხოლოდ კონკურსის საშუალებით შეიძლება გაათავისუფლო ან პოზიცია შეუცვალო, სხვა შემთხვევაში ეს იქნება თავისუფალ სიტყვაზე შეხება. მე შემეძლო ჟურნალსიტები ჩემი შეხედულებისამებრ გამეშვა სამსახურიდან, იურიდიულად მართალი ვიქნებოდი, თუმცა ეს არ გავაკეთე“, - აღნიშნავს media.ge-სთან საუბრისას სოსო სტურუა.

საერთო ჯამში კონკურსში მონაწილეობა 270-მდე ადამიანმა მიიღო. მათგან 6 საინფორმაციო სამსახურში სამუშაოდ  მიიღეს და ამდენივე გაათავისუფლეს. ახალი კადრები სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ნინო ჟიჟილაშვილი, ვახო სანაია და თინათინ დვალიშვილი.

კონკურსის შემდეგ ახალ კადრებთან ხელშეკრულება  არამედ  როგორც ჟურნალისტებთან ისე გაფორმდა.

„თუკი ტელევიზია არსებობს და ის ქმნის ჟურნალისტურ პროდუქტს, დასაქმებული ჰყავს ჟურნალსიტები და დროებით არის მთავრობის დეპარტამენტი მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტმა მისი სტატუსის განსაზღვრა დროულად ვერ მოახერხა, ამის გამო ჟურნალისტებს რატომ უნდა ვუწოდოთ საჯარო მოხელე,“ - აღნიშნავს სოსო სტურუა.

ვინაიდან დეპარტამენტი 1 ნომებრამდე არსებობს, ბიუჯეტიც ამ პერიოდამდეა გაწერილი, ხელშეკრულებებიც შესაბამისად ნოემბრამდე გაფორმდა.

საინფორმაციო სამსახური

ირინა ყურუა

რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე ჟიურიმ კადრები ვერ შეარჩია, თუმცა მათ შეიმუშავეს რეკომენდაციები, როგორ უნდა იმაუწყებლოს ტელევიზიამ ეფექტურად იმ კადრებით, რითიც კონკურსის შემდეგ დაკომპლექტდა.

საინფორმაციო სამასხურში კონკურსის შედეგად 6 ახალი თანამშრომელი მივიდა, ძველი კადრების დიდი ნაწილი კი ისევ დარჩა ტელევიზიაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უმთავრესად მთავრობის წევრთა აქტივობებს აშუქებდნენ, საინფორმაციო სამასახურის ხელმძღვანელი, ირინა ყურუა დარწმუნებულია, რომ ამ კადრებითაც შესაძლებელია მაღალი ხარისხის საინფორმაციო გამოშვების გაკეთება, ვინაიდან ყველაფერი მაინც სარედაქციო პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

„ამ ადამიანების პროფესიონალიზმი და გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს. რეგიონში არ არის გამოცდილი კადრების ფუფუნება. ეს კონკურსიც იმიტომ ჩატარდა, რომ განგვესაზღვრა შეეძლოთ თუ არა ძველ კადრებს სტანდარტებით მუშაობა. კონკურსის შედეგი არის ის,რომ ძველი გუნდიდან ბევრი ადამიანი დარჩა“, - ამბობს ირინა ყურუა.

მისი განცხადებით, თბილისის ბიუროში ორი ჟურნალისტი იმუშავებს, საკუთარი კორესპონდენტები ეყოლებათ ქუთაისსა და მაღალმთიან აჭარაში.

ტელეჟურნალისტები აჭარის რადიოსთვისაც მორიგეობით იმუშავებენ. თავდაპირველი გეგმის თანახმად, რადიოს დამოუკიდებელი რედაქცია უნდა ჰქონოდა, თუმცა კონკურსის შემდეგ რადიოში მხოლოდ სამი ადამიანი დარჩა. საკონკურსო კომისიამ რეკომენდაცია მისცა, რომ ტელერეპორტიორებს რადიოსთვისაც ემუშავათ, რაც აპრობირებულია სხვა ტელერადიო მაუწყებლებში.

ირინა ყურუა ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა მაინც მაყურებელთა ნდობის მოპოვებაა, რაც აჭარის ტელევიზიას წლების განმავლობაში არ ჰქონია.

„არხს არავინ უყურებდა გარდა საჯარო მოხლეებისა, რომელთა აქტივობებიც შუქდებოდა,  ამ სტერეოტიპის დამსხვრევასაც დიდი დრო სჭირდება. ჩვენ გვიხდება დავარწმუნოთ მაყურებელი იმაში რომ ჩვენ მათ პრობლემებზე ვმუშაობთ“, - აღნიშნავს ირინა ყურუა. რომელიც ამ პოზიციაზე 2012 წლის დეკემბრიდან მუშაობს და ამბობს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები რომ არ ჰქონოდა, ამ ტელევიზიაში სამუშაოდ არ მივიდოდა. „ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა ამ გარდამავალ პერიოდში მუშაობა.“

სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებზე საუბრობს სოსო სტურუაც და ირწმუნება, რომ მთავრობასთან ურთიერთობა მხოლოდ ბიუჯეტის საკითხთან დაკავშირებით აქვს.

ფინანსები

ტელეკომპანია აჭარის ბიუჯეტი გასულ წლებთან შედარებით წელს შემცირებულია. აჭარის ავტონომიური მთავრობა ამ არხის სტატუსის შეცვლას და შესაბამისად, ბიჯეტის ფორმირებასაც აპრილში ელოდა, ამიტომ თავიდან 6 თვის დაფინანსება გამოიყო, შემდეგ კი 1 ნოემბრამდე დაფინანსდა. სოსო სტურუას თქმით, მართალია თანხის ჯამი 4 მილიონ ლარამდე აღწევს (გასულ წლებში აჭარა 7 მილიონით ფინანსდებოდა), მაგრამ ეს თანხა მხოლოდ არხის არსებობისთვის იყო გამოყოფილი და მოიცავდა ისეთ ხარჯებს, როგორციაა გადასახადები, ხელფასები. გათვალისწინებული არ ყოფილა ახალი პროექტების დაწყება და არხის განვითარება. მიუხედავად ამისა, სოსო სტურუა, რომელიც 2013 წელს აჭარის ტელევიზიისთვის ფინანსური დეპრესიის წელს უწოდებს, ამბობს, რომ  15 ახალი პროექტის გაკეთება მოახერხეს.

სოსო სტურუა

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2014 წლიდან აჭარის ბიუჯეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ებმება და მის 15 პროცენტს შეადგენს. ეს კანონი წელს რომ ამოქმდებულიყო, აჭარა 5 მილიონ 600 ათას ლარს მიიღებდა. მომავალ წელსაც საშუალოდ ამდენივე თანხა უნდა შეადგინოს.სოსო სტურუა ფიქრობს, რომ ეს სრულიად საკმარისი თანხაა იმისათვის, რომ ტელეკომპანიაში მეტი ახალი პროექტი დაიწყოს.

2013 წლის ნოემბერი და დეკემბერი უნდა დააფინანსოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ამისათვის მან უნდა მიიღოს დამატებითი ასიგნება ფინანსთა სამინისტროდან. სოსო სტურუა ამბობს, რომ ის უკვე შეხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და ფინანსურ მენეჯერს და შეთანხმდნენ, რომ აჭარის ბიუჯეტის პროექტს მათ ოქტომბერში წარუდგენს, რის შემდეგაც მაუწყებლის ფინანსური მენეჯერი დასამტკიცებლად ფინანსთა სამინისტროს გადასცემს.

დაგეგმილი ცვლილებები

მთავარი ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში 2014 წლის იანვრიდან უნდა დაიწყოს. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, დაფუძნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო.

ჩამოყალიბდება 5 წევრისგან შექმნილი მრჩეველთა საბჭო, რომელსაც 6 წლის ვადით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეარჩევს. მრჩეველთა საბჭოს დაახლოებით ისეთვივე ფუნქციები ექნება, რაც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს აქვს. საბჭო გენერალური დირექტორს კონკურსის წესით შეარჩევს. ამ კონკურსში მონაწილეობას სოსო სტურუაც გეგმავს. დირექტორი სამი წლის ვადით აირჩევა.

აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტს საზოგადოებირვი მაუწყებელი ამტკიცებს. მრჩეველთა საბჭო დაადგენს სამაუწყებლო პრიორიტეტებსაც, რის მიხედვითაც არხზე ახალი პროექტები დაიგეგმება. 

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test