31.07.2013 12:04
პარლამენტი GNCC-ის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
მედია მედიის შესახებ
პარლამენტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კარლო კვიტაიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს- ამის შესახებ 31 ივლისის გაზეთი „რეზონანსი“ წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 30 ივლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა შუალედური დასკვნა წარადგინა და აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცედურას 6 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე დააყენებს.
„რეზონანსის“ ცნობით, ხიდაშელის მიერ შესწავლილი მასალები ცხადყოფს, რომ კომისიამ უფლებამოსილებები დისკრიმინაციულად და არაპროპორციულად გამოიყენა. „ კომისიას მაუწყებლობის შესახებ“ კანონით აქვს უფლება და ვალდებულება ტელევიზიების მიერ საავტორო უფლებების დაცვაზე მონიტორინგი განახორციელოს, რაც კომისიას არც ერთხელ არ გამოუყენებია. ამასთან „ეროვნული კომუნიკაციების შესახებ“ კანონით, საკაბელო არხების მიმართ ამ უფლების გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ მისი გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც GMG- ს ლობირების საკითხი აქტუალური გახდა. პრაქტიკულად ყველა საკაბელო კომპანიას ექმნებოდა პრობლემა და მათ 20-30 ათასი ლარის ოდენობის საქნციებს ადებდნენ, რათა ბაზრიდან გაეძევებინათ და GMG მთავარ მონოპოლიურ მდგომარეობაში ყოფილიყო“ - აღნიშნა ხიდაშელმა სხდომაზე. მანვე ისაუბრა იმ საქმეებზე, რაზეც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. „ მაგალითად, შპს „მადის“ ხელმძღვანელი იმის გამო დააპატიმრეს, რომ ლიცენზიის GMGთვის გადაცემას არ დათანხმდა და თანხმობის მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს. მან საკმაოდ წარმატებული ბიზნესი, 3 ათასი აბონენტით GMG-ს უსასყიდლოდ გადასცა“ განაცხადა ხიდაშელმა.
„რეზონანსი“ აღნიშნავს, რომ პარლამენტარი ტელეკომპანია „მაესტროს“ საქმესაც შეეხო და განმარტა, რომ საკაბელო კომპანიებს პრობლემები შეექმნათ, რადგან „მაესტროს“ პაკეტიდან ამოღება არ სურდათ.
ხიდაშელმა კომისიის წევრთა ინტერეთა კონფლიქტზეც ისაუბრა. „ირაკლი ჩიქოვანი სარეკლამო ბიზნესის პატრონი იყო. სამართლებრივად ამას ჰქვია, რომ წილი ჰქონდა მთავარ სარეკლამო კომპანიაში, რომელსაც სარეკლამო ბაზრის 90% ეკუთვნოდა. „რუსთავისა“ და „იმედის“ შემთხვევაში კი, სარეკლამო კანონმდებლობით დადგენილი ლიმიტი მუდმივად ირღვეოდა და არავინ რეაგირებდა, რადგან ეს ჩიქოვანს ეხებოდა“-აღნიშნა ხიდაშელმა.
„რეზონანსის“ ცნობით, დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვით გაახანგრძლივეს.