შემოგვიერთდი

03.07.2013 12:29

რადიო „კომერსანტი“ - ინფორმაცია ბიზნესის შესახებ

გელა ბოჩიკაშვილი
ახლო ხედით

ქართულ რადიოსივრცეში სიხშირეზე FM 95.5  ბიზნესის შესახებ საუბრობენ. ამ სიხშირეზე  რადიო „კომერსანტი“ მაუწყებლობს, რომელიც 2013 წლის ივნისში 5 წლის გახდა. რადიოს ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ რადიო ბიზნესსიახლეების გავრცელებით, ქართული ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.   

„ჩვენ არასოდეს გავაკეთებ ისეთ მასალას, რომელიც ბიზნესს ავნებს“, - განუცხადა Media.Ge-ს რადიო „კომერსანტის“ გენერალურმა დირექტორმა გოგა სამუშიამ, - „ჩვენ გვგონია, რომ რაც უფრო კარგად იქნება ქართული ბიზნესი, უფრო კარგად იქნება რადიო კომერსანტი. ისინიც გრძნობენ, რომ ჩვენი არსებობა მათთვის აუცილებელია“.

ყოველდღიურად რადიოს ეთერში საინფორმაციო გამოშვება ყოველ 20 წუთში ერთხელ გადის, საათის ბოლოს კი, მთავარი საინფორმაციო გამოშვების მოსმენაა შესაძლებელი.

იმის მიუხედავად, რომ ყოველ გამოშვებაში გასული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი წინა გამოშვებაში გასული ინფორმაციის იდენტურია, „კომერსანტის“ რედაქტორი, მაია ბუთბაია ირწმუნება, რომ მათ აქვთ საკმარისი რესურსი მსმენელს განახლებული ბიზნესსიახლეები შესთავაზონ.

გადაცემა „პროფესიონალებში“ კონკრეტული მიმართულების სპეციალისტები მათ სფეროში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ. მათ შორის ხშირად არიან ნავთობის მეწარმეთა და იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, მშენებელთა ასოციაციის დირქტორი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვის, მარკეტინგის, იურიდიული საკითხების, საგადასახადო სისტემების სპეცალისტები.

ყოველ საათში ერთხელ „კომერსანტზე“ სპორტული ამბების მოსმენაა შესაძლებელი. „განსხვავებული სპორტული ამბები გვინდა, რომ გვქონდეს. ჩვენ გვაინტერესებს სპორტი, როგორც ბიზნესი“, - ამბობს რადიოს გენერალური დირექტორი.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში კომერსანტზე ამინდის პროგნოზის, ვალუტის კურსის, სამედიცინო რჩევების და ავტოსიახლეების მოსმენა შეგიძლიათ.

რადიოში გასული ინფრომაციის ვრცლად ნახვა კომერსანტის ვებ-გვერდზეა შეიძლება. იმის მიუხედავად, რომ ვებ-გვერდი სრული დატვირთვით არ მუშაობს, მასზე 20-მდე სარეკლამო აბრაა განთავსებული. პასიურად მუშაობს კომერსანტის ფეისბუქის გვერდიც.

კომერსანტის ვებ-გვერდზე ინფორმაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა განთავსებული და როგორც კომერსანტის წარმომადგენლები ამბობენ, დღის განმავლობაში საშუალოდ 3 ათასიდან 4 ათასამდე მკითხველი ჰყავს.

გოგა სამუშია

რამდენიმე წლის განმავლობაში რადიოს აჭარაში, იმერეთსა და კახეთში ჩართვა იგეგმება.

„იქ გვირჩევნია მივაწოდოთ ინფორმაცია სადაც ბიზნესზე რაღაც წარმოდგენა აქვთ, ჩვენი მიზანი არაა ყველა სოფლის დაფარვა - ეს  ჩვენთვის უბრალოდ ხარჯი იქნება“, - ამბობს იგი.

„კომერსანტის“ მფლობელები

„კომერსანტის“ მფლობელი „ირაო ინვესტ ჯგუფია“, რომლის დამფუძნებელიც არმაზ თავაძეა.

ის ამავდროულად, „ირაო დეველოპმენტისა“ და სადაზღვეო კომპანია „არდი ჯგუფის“ გენერალური დირექტორიცაა.  გარდა ამისა, ფლობს „ირაო მენეჯმენტ ჯგუფის“ 40 პროცენტს, სადაზღვეო კომპანია „არდი ჯგუფის“ 30 პროცენტს, „უნიპროდუქტის“ 50 პროცენტსა  და  ბითიელ სააგენტოს „ხელიდან ხელში“ 30 პროცენტს.

„ირაო ინვესტ ჯგუფია“ 2008 წლის აგვისტოს ომამდე გაზეთს „ხელიდან ხელში“ გამოსცემდა, ასევე ფლობდა სარეკლამო კომპანიას და რადიო „ჩვენ რადიოს“.

„კომერსანტის“ შექმნის ისტორია

2008 წლის დასაწყისში „ირაო ინვესტ ჯგუფმა“ რადიო „ჩემი რადიოს“ ეთერში პირველად გაუშვა ბიზნესსიახლეები. მაშინ გადაწყვიტეს, რომ საჭირო იყო ბიზნესში მიმდინარე მოვლენების დეტალურად გაშუქება და გაჩნდა თემატური რადიოს შექმნის იდეაც.

„ბიზნესრადიოს შექმნა აგვისტოს ომამდე ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლის ზრდამ განაპირობა“, - იხსენებს რადიოს გენერალური დირექტორი, გოგა სამუშია, -„ჩავატარეთ ექსპერიმენტი. გვაინტერესებდა - ექნებოდა, თუ არა ინტერესი მსმენელს ამ ტიპის ინფორმაციაზე. ვფიქრობდით, რომ ეკონომიკურად აქტიურ პერიოდს რადიო კარგად აჰყვებოდა“.

თავიდან რადიო FM 98.4 სიხშირეზე მაუწყებლობდა, 2009 წლიდან კი FM 95.5 სიხშირეზე მაუწყებლობს.

რადიოს შექმნიდან რამდენიმე თვეში 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო და ქვეყანაში ბიზნესის განვითარებაც შეფერხდა. თუმცა „კომერსანტს“ მაუწყებლობა არ შეუწყვეტია და ომის დროს რადიო ეკონომიკური ტიპის ინფორმაციას აქტიურად ავრცელებდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მსმენელების რიცხვი გაიზარდა. 2009 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ კი რადიოს ხელმძღვანელობამ კომერციული პროექტების დაწყება გადაწყვიტა.

„თემატური გადაცემების გაკეთება დავიწყეთ ბიზნესის ტექნიკურ მხარეებზე - ავტო ინდუსტრიაზე, დაზღვევაზე“, - ამბობს სამუშია.  ამგვარი პროდუქციით შესაძლებელი გახდა რეკლამების მოზიდვა.

სამუშიას თქმით, 2010 წლის აპრილიდან რადიოში ახალი ეტაპი დაიწყო და რადიო თავისი დამფუძნებლისგან ფინანსურად მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი გახდა. 

რადიო 'კომერსანტი'

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test