შემოგვიერთდი

02.07.2013 01:27

ჯოშ ლაპორტე -იმედია, ქართული მედია მეტად დაემსგავსება ბიზნესს და დაშორდება პოლიტიკურ მოდელს

ინტერვიუ

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა (GIPA),  ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრთან (EJC) პარტნიორობით,    ატარებს   ტრენინგებს და აჯილდოვებს  ჟურნალისტებს. Media.Ge-ს  რესპონდენტია ჯოშ ლაპორტე (Josh LaPorte),  EJC-ს რეგიონული კოორდინატორი, რომლსაც თბილისში გავესაუბრეთ.

- ჩვენ, საქართველოში ხუთწლიან პროგრამას ვახორციელებთ, რომელსაც ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. ჯიპას სასწავლო კურიკულუმის შემუშავებაში ვეხმარებით, რომ ის უკეთესი გახდეს და მიუხლოვდეს ისეთი უნივერსიტეტების დონეს, როგორიცაა კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლა, თუ ჰოლანდიური სასწავლებლები. სხვადასხვა თემაზე ვატარებთ ტრენინგებს  ლექტორებისთვის. ყურადღების ცენტრშია  საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ამ კუთხით ეკონომიკური და ბიზნეს თემები  გვაინტერესებს.  იმ მიზნით, რომ ჟურნალისტებს გასჩენოდათ  მოტივაცია მეტი საგამოძიებო სტატიის წერისა  და ამ  სფეროში თავის გამოჩენისთვის,  საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ჯოშუა ფრიდმანის პრიზი დავაწესეთ.  გასულ კვირაში კოლუმბიის უნივერსიტეტთან ერთად  ჩავატარეთ ტრენინგი მონაცემთა შეგროვების  საკითხზე. უკვე ბევრი მედიასაშუალება და მედიასკოლა ფოკუსირებს  მონაცემთა ბაზებზე, რადგან წამოიწია საკითხმა იმის შესახებ,  თუ როგორ გამოიყენონ  ჟურნალისტებმა   ზღვა ინფორმაცია. 

-რა სამომავლო გეგმები აქვს  თქვენს ორგანიზაციას?

- ვაღრმავებთ თანამშრომლობას კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლასთან,  მსოფლიოს საუკეთესო მედიასკოლასთან. კერძოდ, ვგეგმავთ ლექტორთა გაცვლით პროგრამებს, სტუდენტთა სტაჟირებას, ტრენინგებს ლექტორებისა და ტრენერებისთვის. ჩვენს მთავარ მიმართულებად  კვლავაც დარჩება  მონაცემთა ბაზებთან მუშაობა. აგრეთვე, ვგეგმავთ შევქმნათ ტექნიკური მედიის კლასი (media engineering), სადაც ჟურნალისტები და მედია დეველოპერები ერთად ისწავლიან. ორ-სამ დასავლურ  სკოლასთან გვექნება კავშირი და ერთობლივ კურიკულუმს შევქმნით. ზოგადად,  ჟურნალისტებს და მედია დეველოპერებს ერთმანეთის არ ესმით, ეს კი აუცილებელია, მათ ერთად მუშაობა უნდა შეძლონ. ეს არის მომავლის მედია.

-მედიასკოლებში ასწავლიან, როგორ აკეთონ კარგი ჟურნალისტიკა, მაგრამ კურსდამთავრებულებს  სხვა გარემო ხვდებათ.  ან ხელფასი არ არის სათანადო, ან სარედაქციო პოილიტიკაა მიუღებელი. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ჟურნალისტი?

- მსგავსი რამ არ ხდება მხოლოდ  საქართველოში, მთელს მსოფლიოში ეს პრობლემა დგას. ზოგადად,  ტელე ჟურნალისტებს დიდი  ხელფასი აქვთ, ჟურნალისტების დიდი ნაწილი კი, მუშაობს ბევრს და ნამდვილად არ იღებს სათანადო ანაზღაურებას.  ის,  ვინც ჟურნალისტიკაში მოდის, ალბათ არის ამის შესახებ ინფორმირებული და იცის, რომ ამ პროფესიაში მთავარია ჟურნალისტური სული, უნდა იცოდეს, რომ ეს არის ცხოვრების სტილი,  გაანალიზებული უნდა ჰქონდეს, რომ ეს არის ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად უნდა და ყველაფერზე მაღლა დგას. საქართველოში მედია პოლარიზებულია, ახლა სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ მაინც რთულია ამ პოლარიზებულ გარემოში კარიერის გაკეთება. თუმცა, თუ ამ პროფესიაში მოდიხარ, უნდა იყო შენი საქმის ერთგული და შენი მიზნის განხორციელებისთვის უნდა იღწვოდე, უნდა გესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში, უნდა იცოდე, რომ დემოკრატია ვერ შედგება  ძლიერი მედიის,  საგამოძიებო ჟურნალისტიკის გარეშე.  იმედია, შეიცვლება ვითარება და   ქართული მედია მეტად დაემსგავსება  ბიზნესს და დაშორდება პოლიტიკურ მოდელს.

-კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, გნებავთ,  „გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბოლო კვლევების მიხედვით,  საქართველოს სარეკლამო ბაზარზე კვლავ  ტელეინდუსტრია ლიდერობს -ბაზრის მთელი სეგმენტის  70%-ზე მეტი უჭირავს.  ძალიან მცირე  ნაწილს ონლაინ მედია იკავებს. ასეთ   ვითარებაში ამ უკანასკნელს რა პერსპექტივა აქვს?

- საქართველოში იგივე ხდება,  რაც  მსოფლიოში,  ტელევიზიაში უფრო მეტი რეკლამა მიდის. თუმცა ონლაინ მედია ახლა იმდენსავე რეკლამას იზიდავს, რამდენსაც  პრესა. ონლაინ მედია იკავებს ბეჭდურის ადგილს, იხურება გაზეთები მთელს მსოფლიოში, ახალგაზრდები აღარ კითხულობენ პრესას. მათ ინფორმაციის მიღება  „ტაბლეტებით“ ურჩევნიათ. ასე რომ,   რეკლამა ონლაინში გადაინაცვლებს. თუმცა, რა მოხდება მომავალში, ზუსტი  პროგნოზის გაკეთება მიჭირს. ყველა  ერთად თვალს ვადევნებთ ამ პროცესს, ვნახოთ - რა მოხდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test