შემოგვიერთდი

10.04.2013 18:22

„პირველი სტერეოს“ დირექტორი - ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში

ნატა ძველიშვილი
სტატიები საუბრები მედიაზე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დავით ზილფიმიანი ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 19 თებერვალს აღადგინა, თუმცა გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და სამეწარმეო რეესტრში ცვლილება ჯერ კიდევ არ შესულა.


პირველი სტერეო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დავით ზილფიმიანი ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 19 თებერვალს აღადგინა, თუმცა გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და სამეწარმეო რეესტრში ცვლილება ჯერ კიდევ არ შესულა.

დავით ზილფიმიანის თქმით, ელოდებიან მეორე მხარე გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას. 

„კასაციის ვადები არსეობობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება და მერე შევალთ იუირიდიულ ძალაში“, - უთხრა Media.Ge-ს ზილფიმიანმა.

„სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ თანახმად, კასაციისთვის 21 დღეა გამოყოფილი. ვადის ათვლა მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან იწყება.

ამჟამად ტელეკომპანიის დირექტორი ოფიციალურად კვლავ ზვიად ამირიძეა, რომელიც ამ პოსტზე კომპანიის 65 პროცენტიანი წილის მფლობელის ვასილ კობაიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, 2013 წლის 9 იანვარს დაინიშნა. იმ პერიოდში სასამართლო დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და 22 პროცენტის მესაკუთრე დავით ზილფიმიანი, რომელიც მანამდე დირექტორის პოსტს იკავებდა, ამტკიცებდა რომ თანამდებობიდან უკანონოდ გადააყენეს.

ზვიად ამირიძის ოფშორული ბიზნესი

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ დირექტორი ზვიად ამირიძე მარშალის კუნძულებზე შექმნილ ოფშორულ ზონაში რეგიტრირებული კომპანიის, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელია საქართველოში. ამ კომპანიის პარტნიორია პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი, რაც მან 2012 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა.

„ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ ფლობს შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“. ვიდრე კანონმდებლობაში ცვლილება შევიდოდა და ოფშორულ კომპანიებს მაუწყებლების ფლობა აეკრძალებოდათ, „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“  სამი ტელეკომპანიის „რუსთავი 2“-ის, „მზისა“ და „პირველი სტერეოს“ მესაკუთრე იყო.

ამჟამად „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“  გარდა ფლობს შემდეგ კომპანიებს - შპს „პოლიპლასტიკი“, შპს „ჯორჯიან ბიზნეს ვიქ“, რომელიც ამავე სახელწოდების გაზეთს გამოსცემს. აგრეთვე  შპს „ტექნონეტი“,  შპს „საქართველოს მედია ჰოლდინგი“, შპს „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტი“ (კვლევითი კომპანია IPM), რომელმაც მიმდინარე წელს რამდენიმე სამთავრობო ტენდერი მოიგო.

„ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ აგრეთვე ფლობს შპს „ბიზნეს ცენტრი საბურთალოს“. ამ უკანასკნელს თავის მხრივ ეკუთვნის შპს Tbilisi foods and beverages company-ის, რომლის დირექტორი ასევე ზვიად ამირიძეა.

„პირველი სტერეოს“ გენერალური დირექტორი ასევე ხელმძღვანელობს შპს „დონ იმპექსის“ და  შპს „იორის რესურსებს“.

„ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ საკუთრებაში მყოფი „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) საკუთარ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „საქართველოში უმსხვილეს ჰოლდინგს წარმოადგენს და ფლობს ფართო ბიზნეს პორტფელს, რომელშიც შედის ქვანახშირის მოპოვება, ელექტროენერგიის გამომუშავება, ბუნებრივი აირის რეალიზაცია, უძრავი ქონება და სხვა სექტორების მთელი სპექტრი.“

მის მფლობელობაშია შპს „საქნახშირი“ შპს „გაზოილი“ შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“  შპს „ნაკადული“ იგივე  "დურნუკის ღორღის ქარხანა",  შპს „ტიფლის სითი“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფი. მასვე ეკუთვნის აქციათა 20 პროცენტი  სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ (ლუდი „ზედაზენი“).

GIG-ის საკუთრებაშია შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, რომელიც თავის მხრივ ფლობს შპს „ავტოგაზი პირველს“, შპს Power Export-ს და შპს „აჭარა ავტოგაზის“ 59 პროცენტს 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test