შემოგვიერთდი

13.04.2013 14:36

"ტელეკომპანია აისის" ლიცენზია - „იბერია TV”-დან „ტელეიმედამდე“

ნატა ძველიშვილი
სტატიები საუბრები მედიაზე

შპს „იბერია TV“-ის მფლობელები სამაუწყებლო ლიცენზიის დაბრუნებას ითხოვენ. 2 აპრილს გამართული პრესკონფერენციისას კომპანიის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატუაში განცხადება უკვე შეიტანეს. დღეს ამ ლიცენზიას შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ფლობს, რომელიც ამავდროულად ტელეკომპანია „იმედის“ მესაკუთრეცაა.


იბერია ტვ

შპს „იბერია TV“-ის მფლობელები სამაუწყებლო ლიცენზიის დაბრუნებას ითხოვენ. 2 აპრილს გამართული პრესკონფერენციისას კომპანიის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატუაში განცხადება უკვე შეიტანეს. დღეს ამ ლიცენზიას შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ფლობს, რომელიც ამავდროულად ტელეკომპანია „იმედის“ მესაკუთრეცაა.

„იბერია TV“-ს გარშემო აჟიოტაჟი 2004 წლის თებერვალში დაწყო, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, ფირმა "ომეგას"ცენტრალურ ოფისსა და მის საკუთრებაში არსებულ ყველა კერძო კომპანიაში ჩხრეკა ერთდროული ჩაატარეს. „ომეგას“ მფლობელობაში  ტელეკომპანია "იბერიაც" შედიოდა.

„იბერია TV“-ს რეორგანიზაცია

„იბერია TV“- მფლობელები პრეტენზიას  N702 ლიცენზიაზე აცხადებენ, რომელიც ამ კომპანიას 2004 წლამდე ეკუთვნოდა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, იმ პერიოდში ტელეკომპანიას რამდენიმე ფირმა ფლობდა -  შპს „ომეგა მოტორსი“ (25 პროცენტიანი წილის მფლობელი), რომლის დირექტორიც ალექსანდრე ლაცაბიძე იყო, ის ასევე წარმოადგენდა ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Orimount Properties Ink-ს, რომელიც „იბერია TV”-ს 25%-ს ფლობდა, ამდენივე წილი ეკუთვნოდა ასევე ვირჯინიის კუნძულებზე  რეგისტრირებული Mooven International LTD-ს, ნიკოლოზ ასანიძეს. დანარჩენ 25%-ს შპს "ილიონი" ფლობდა, რომელსაც ლევან ალანია წარმოადგენდა.

2004 წლის 7 დეკემბერს "ილიონმა" კუთვნილი 25 % დავით კაკაურიძეს 500 ლარად მიჰყიდა. იმ დღესვე პარტნიორთა გადაწყვეტილებით, კომპანიის რეორგანიზაცია დაიწყო, რის შემდეგაც მას ცალკე გამოეყო შპს „ტელეკომპანია აისი“ . კრების ოქმიდან ირკვევა, რომ სამაუწყებლო ლიცენზიაც სწორედ „ტელეკომპანია აისს“ დარჩა, მისი დირექტორი და მფლობელი კი დავით კაკაურიძე გახდა.

„აისმა“ თავის თავზე აიღო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული სალიცენზიო გადასახადი რომლის ოდენობაც იმ დროისთვის 39 ათას 433 ლარს შეადგენდა. ორი დღის შემდეგ აისმა ახალი წესდებაც დაამტკიცა, სადაც საქმიანობის მიზნად თავიდანვე მთელი საქართველოს მასშტაბით საერთერო მაუწყებლობა მიუთითა. მოგვიანებით, 2006 წლის 24 თებერვალს  კაკაურიძემ ბადრი ნიჟარაძეს მიჰყიდა საკთარი წილი და დირექტორად დანიშნა. მისი კუთვნილი კომპანია „გეო ტრანსი“ 2006  წელს ფლობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  78 პროცენტს, რომელიც მან ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისგან იყიდა.

ბიძინა ნიჟარაძემ თავისი კუთვნილი 100 პროცენტიანი წილი 2007 წლის 12 სექტემბერს იოსებ მგელაძეს გადასცა. მგელაძე შპს „იუ-სი-ჯი გრინ ფაუერის“ დირექტორია. ეს კომპანია კი ჟურნალ „ტაბულას“ 51% წილს ფლობს. რეესტრის მონაცემებითიოსებ მგელაძე კიდევ ათეული კომპანიის ხელმძღვანელი და მფლობელია.

 

შპს „ტელეკომპანია აისი“

play tv

play tv

სწორედ იოსებ მგელაძე ფლობდა მომდევნო წლებში შპს „ტელეკომპანია აისს“ და მას ევალებოდა დარჩენილი სალიცენზიო გადასახადის გადახდაც, თუმცა როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 29 მარტის გადაწყვეტილებით ირკვევა, „აისს“ ეს თანხა 2009 წლის შემდეგ არ გადაუხდია, დავალიანებამ კი ჯამში 19 ათას ლარს გადააჭარბა. თუმცა კომისიამ ამაზე რეაგირება მხოლოდ 2013 წელს მოახდინა და „აისი“ 2500 ლარით დააჯარიმა.

იმავე 2009 წელს აისმა ლიცენზიის მოდიფიცირება ითხოვა. კომისიამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, B106 ლიცენზია მიანიჭა და არხი მუსიკალურ - გასართობი გახდა. თუმცა, უცნობია 2004 წლის შემდეგ, ლიცენზიის „აისისთვის“ მინიჭებიდან 2012 წლამდე რა გადაცემები გადიოდა მის კუთვნილ სიხშირეზე.

Media.ge-ს მიერ 2012 წელს კომისიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად „აისი“ მანამდეც მაუწყებლობდა  და  მის მიერ „ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტის ფაქტი (წელიწადში 120 დღის მანძილზე, ან ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით) არ დაფიქსირებულა“. კომისიას არ დაუკონკრეტებია რა სახელით მაუწყებლობდა ამ ხნის განმავლობაში შპს „ტელეკომპანია აისი“.

„ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“

„აისის“ მფლობელობაში „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ 2012 წლის თებერვალში გამოჩნდა.  იოსებ მგელაძემ ამ კომპანიას ჯერ საკუთარი 100%-იანი წილი  (შესაბამისად ლიცენზიაც) გადასცა, მოგვიანებით კი დირექტორის პოსტიდანაც წავიდა. მის ნაცვლად ხელმძღვანელის პოსტი ლიტვის მოქალაქე დავით ვარდიძემ დაიკავა. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ იმ დროს ტელეკომპანია „იმედს“ უკვე ფლობდა და მისი ერთ-ერთი მესაკუთრე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე იყო.

„იმედმა“ შეძენილ სიხშირეზე 2012 წლის გაზაფხულზე Play TV გაუშვა, რომელიც მხოლოდ აზარტული თამაშების ჩემპიონატებს გადასცემდა.

2012 წლის 1 ივნისს გაიხსნა ონლაინ თამაშების ვებ-გვერდი playadjara.com, რომელიც ოფიციალურად შპს „კაზინო აჭარას“ ეკუთვნის. მისი და Play TV-ს ლოგოები თითქმის იდენტური იყო. playadjara.com-ში Media.Ge-ს დაუდასტურეს, რომ Play TV მათი კუთვნილი ტელეკომპანია იყო, თუმცა ეს მფლობელობა იურიდიულად არ დასტურდებოდა.

ტელეკომპანია "იმედი"


იმედი

2012 წლის შემოდგომაზე ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა მფლობელებმა გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ მოულოდნელად არხი დაიბრუნა. გიორგი არველაძემ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ სამ ლარად გადასცა. ინა გუდავაძის ხელში ტელე და რადიო კომპანია „იმედთან“ ერთად კიდევ ერთი აქტივი შპს ტელეკომპანია „აისი“ და მისი კუთვნილი სიხშირე, B106 ლიცენზია აღმოჩნდა.

 

ამჟამად შპს „იბერია TV“-ს დირექტორი მარიამ ჯაფარიძეა. სამართლებრივ ბრძოლას სიხშირის  დასაბრუნებლად სწორედ ის იწყებს. პარალელურად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „იმედმა“ მიმართა და „აისის“ კუთვნილ სიხშირის გადაცემაზე თანხმობა ითხოვა. „იბერია TV“-ს მფლობელებმა კომისიას ამ პროცესის შეჩერება მოსთხოვეს. კომისიის პრესმდივნის ხატია ყურაშვილის თქმით, სხდომაზე, რომელიც 5 აპრილს უნდა გაიმართოს, დაინტერესებული მხარის სტატუსით „იბერია TV“-ც მიიწვიეს, სადაც მათ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება ექნებათ.საბოლოო ჯამში „იბერია TV“-ის სიხშირე „იმედის“ ხელში აღმოჩნდა. დაგროვილი სალიცენზიო გადასახადის გადაცხდაც „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ მოუწია.

„აისის“ კუთვნილ სიხშირეზე ამჟამად „იმედის“ წარმოებული პროდუქცია გადაიცემა. ამ დრომდე ამ საკითხზე კომენტარი „იმედის“ მესაკუთრეებს არ გაუკეთებიათ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test