შემოგვიერთდი

09.04.2013 13:01

„ქართლოსის ხმა“ სამშვიდობო პოლიტიკისკენ

გოგა აფციაური. გორი
ჟურნალისტის ჩანაწერები

არასამთავრობო ორგანიზაცია  „ქართლოსის“ პროექტის ფარგლებში გორში ქართულ–ოსური რადიო სტუდია შეიქმნა, სადაც მზადდება დისკუსიები ქართულ–ოსურ ურთიერთობებზე, სამოქალაქო დიალოგის ფორმატში განხილულ თემებზე, ჰუმანიტარული მიმართულების პრობლემების მოგვარებაზე. რადიო დისკუსიას „ქართლოსის ხმა“ ჰქვია. გადაცემა ორ კვირაში ერთხელ იწერება და რადიო „თრიალეთის“ ეთერით გადაიცემა, ეს რადიო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასაც ფარავს.   სტუდიის ჟურნალისტი ცხინვალში ადგილობრივი საზოგადოების, ანალიტიკოსების და სპეციალისტების  მოსაზრებებს წერს, რაც შემდეგ დისკუსიის საგანი ხდება. სტუდიაში მოწვეული სტუმრები ძირითადად ნდობის აღდგენის და სამშვიდობო მიმართულების პროექტების აუცილებლობაზე მსჯელობენ ხოლმე. „ქართლოსის“ ხელმძღვანელი მეგი ბიბილური მიიჩნევს, რომ საქართველოს მედიასივრცეში ეს არის პირველი პროექტი, სადაც ერთ გადაცემაში ისმის ქართველი და ოსი სპეციალისტების მოსაზრებები და მათი ხედვები ურთიერთობების აღდგენის თაობაზე. ბიბილურის აზრით, ამ გადაცემით როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს მცხოვრები ადამიანები ერთმანეთის შესახებ უფრო მეტს იგებენ.

პირველი დისკუსია ქალთა სამშვიდობო მოძრაობას დაეთმო. ცხინვალშიც  და თბილისშიც მიიჩნევენ, რომ სამშვიდობო მიმართულების პროექტებში ქალთა ჩართულობა აუცილებელია. ცხინვალში მოძრაობის ლიდერის ლირა კოზაევას აზრით მოლაპარაკებების პროცესში აუცილებელია უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვა მოხდეს. საქართველოში ქალთა მოძრაობის ლიდერი მანანა მებუკე მიიჩნევს, რომ მედიას დიდი როლის თამაში შეუძლია სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით და ეს რესურსი საკმარისად არ არის გამოყენებული.

ბოლო დისკუსია მედიის წარმომადგენლებს  შორის ურთიერთობებს დაეთმო, სტუდიაში მოწვეული ჟურნალისტები მამუკა ყუფარაძე და ზურაბ დვალი, სამშვიდობო ჟურნალისტიკის ჯგუფში ჩართულ კოლეგებზე საუბრობდნენ. აღსანიშნავია, რომ მედიის წარმომადგენლებს ურთიერთობის პრობლემა არა აქვთ და ჩაკეტილი გზების მიუხედავად ეს ურთიერთობა სოციალური ქსელების მეშვეობით მაინც გრძელდება. მამუკა ყუფარაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, როგორც  ქართულ, ისე ოსურ  მედიასაშუალებებში სტერეოტიპების და სიძულვილის ენის დაძლევა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალისტიკა შუღლის გამაღრმავებლად უფრო იქცევა, ვიდრე კონფლიქტის მოგვარების ხელშემწყობად.

დისკუსიაში ცხინვალიდან რადიო „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა ჩაერთო, მისი აზრით კონფლიქტის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები საკუთარ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ, რადგან მათი მკითხველები და მსმენელები განსხვავებულ პოზიციებზე დგანან.

პროექტის ფარგლებში 12 გადაცემის მომზადება იგეგმება. დისკუსიები 2 კვირაში ერთხელ მზადდება. გორში რადიო სტუდიის შექმნა რობერტ ბოშის და  გერმან მარშალის ფონდის პროექტის - შავი ზღვის კონსორციუმი რეგიონული თანამშრომლობისთვის ფარგლებში მოხდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test