შემოგვიერთდი

03.04.2013 12:17

გაზეთ „აჭარას“ 93 წელი შეუსრულდა

მერი ემირიძე. ბათუმი
ახლო ხედით

თითქმის საუკუნეა გაზეთი აჭარის რეგიონში უცვლელი სტატუსითა და მიმართულებით გამოდის. 2013 წელს გაზეთ „აჭარა“-ს 93 წელი შეუსრულდა. მისი დამფუძნებელი შპს გაზეთი აჭარა და ადჟარიაა, რომლის 100 პროცენტიან წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს.  

გაზეთი რეგიონში 1921 წლიდან სხვადასხვა სახელწოდებით გამოდიოდა,  თუმცა მისი არსებობის ყოველ ეტაპზე უცვლელი რჩებოდა ცენზურა, რომელსაც ის ხელისუფლების მხრიდან განიცდიდა. ამჟამად გაზეთმა ახალი ეტაპი დაიწყო.  

„არჩევნების შემდეგ ძირეულად შეიცვალა ყველაფერი. პირველ რიგში ცენზურა აბსოლუტურად მოგვეხსნა, აბსოლუტურად თავისუფლები ვართ“, - ამბობს რედაქტორი, გიორგი გორგილაძე. ის იმ მასალებზე საუბრობს, რომლებიც მათ გაზეთში ბოლო პერიოდში დაიბეჭდა და სადაც, მისი თქმით, ახლანდელი ხელისუფლებაა გაკრიტიკებული.

„ამით ჩვენმა რეიტინგმა აიწია. ხალხიდან გვაქვს გამოხმაურება“, - ამბობს გორგილაძე.

მიუხედავდ ხელისუფლების მხრიდან ცენზურის არარსებობისა ჟურნალისტები თვითცენზურაზეც საუბრობებენ.

„თვითცენზურა ისე ზის თითოეულ ჩვენგანში, რომ თვითონ შენგან დამოუკიდებლად ვერ აკეთებ ძალიან კრიტიკულ მასალას“, - ამბობს ჟურნალისტი რევაზ მსხილაძე, რომელიც გაზეთში 1980 წლიდან მუშაობს. 

ბოლო ხანებში ცენზურის მხრივ ყველაზე რთულ პერიოდად ჟურნალისტები 2006 წლის შემდომ პერიოდს ასახელებენ, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო ხშირი იყო მათი მასალების დაბლოკვა. ჟურნალისტი მანანა მითაიშვილი იხსენებს, რომ ცენზურა მაშინ იმდენად აბსურდში გადაიზარდა, რომ მას კონკრეტული სახელის და გვარის დაწერის უფლებაც არ მისცეს.

მანანა მითაიშვილი

მანანა მითაიშვილი

„ბიძინა ივანიშვილი მყავდა ნახსენები მასალაში, ოღონდ არა პოლიტიკურ კონტექსტსტში. მყავდა როგორც მეცენატი და რედაქტორმა მითხრა, ოღონდ ეს არა და რაც გინდა დაწერეო“, - იხსენებს მითაიშვილი.   

ცენზურას ჟურნალისტები მხოლოდ შინაგანად აპროტესტებდნენ. მისი ხმამაღლა დაფიქსირება კი სამსახურის დაკარგვას ნიშნავდა, რასაც ყველა ერიდებოდა. რედაქციის 20 ჟურნალისტიდან 14 გაზეთში ჯერ კიდე მაშინ მუშაობდა, როცა მას „საბჭოთა აჭარა“ ეწოდებოდა. მათი ცხოვრება ათეულობით წლებია გაზეთ „აჭარა“-ს უკავშირდება და როგორც თავად აცხადებენ, მათთვის იქ მუშაობა იმაზე მეტია, ვიდრე სამსახური.

„ყველაზე ცუდ წლებშიც ერთმანეთით გაგვქონდა თავი“, - ამბობს ჟურნალისტი მანანა მითაიშვილი, რომლის მამაც გაზეთ “აჭარა”-ში მუშაობდა.

გაზეთ „აჭარა“-ს ნიშა იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მან გაიარა, უცვლელია. გაზეთის რედაქტორი, მიიჩნევს, რომ „აჭარა“ რეგიონში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ასახავს.

„აქ სულია ისეთი, რომ კლასიკური უნდა იყოს გაზეთი ყველა შემთხვევაში. ამიტომ ანალიტიკურიც, ინფორმაციაც, ყველა მასალა, რაც იბეჭდება აბსოლუტურად დადასტურებულია დოკუმენტალურად. ჭორის დონეზე არავითარ შემთხვევაში და არც გადაუმოწმებელ ინფომაციას არ ვბეჭდავთ“, - ამბობს გორგილაძე.

გაზეთი აჭარის რეგიონის მაშტაბით კვირაში სამჯერ გამოდის. მისი ტირაჟი 800 დან 1500 მდე მერყეობს. მასში ძირითადათ პოლიტიკური შინაარსის მასალებია განთავსებული. კვირაში ერთხელ გაზეთს ჩანართის სახით ემატება მისი რუსულენოვანი გამოცემაა „Аджария“, სადაც კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებია ასახული. 2005 წლამდე „Аджария“  დამოუკიდებელ გაზეთად გამოდიოდა, მალე ის დახურეს. 2008 წელს კი აღადგინეს და გაზეთს ჩანართის სახით  დაუმატეს.

დაფინანსება

გაზეთ „აჭარა“-ს აჭარის მთავრობა აფინანსებს. წელს მისი ბიუჯეტი 130 ათასი ლარით განისაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ რედაქტორი გაზეთის სტატუსის შეცვლასა და მის საზოგადოებრივ გაზეთად გარდაქმნას უჭერს მხარს, მიიჩნევს რომ გაზეთი, მაინც ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, რადგან ის დამოუკიდებლად არსებობას ვერ შეძლებს.

„თუ გრანტებზე ვიმუშავებთ, მაშინ ეს პერიოდი სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის თქმასა და გრანტების მოპოვებას შორის შეიძლება კატასტროფული შედეგით დამთავრდეს გაზეთისთვის, რადგან გაზეთის გამოშვებას უბრალოდ ვერ შევძლებთ“, - ამბობს გორგილაძე.

ფინანსების მიზნობრივად გადანაწილების მიზნით გაზეთ „აჭარის“ ადმინისტრაციამ 2013 წლის თებერვლიდან ჟურნალისტები ჰონორარებით გადახდის სახელფასო სისტემაზე გადაიყვანა.

გაზეთის რედაქტორი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადახდის სისტემით ჟურნალისტებს უფრო მეტი ანაზღაურების აღება შეუძლიათ. ამით ის იმ ჟურნალისტების გამოფხიზლებას გეგმავს, რომლებიც სამუშაო გამოცდილებისთვის ფიქსირებულ ხელფასს იღებდნენ და მასალების წერის სურვილი არ ჰქონდათ.

„რამდენიმე ჟურნალისტი თავის ანაზღაურებას ვერ ამართლებდა.  ამ დროს სხვა ჟურნალისტი,  რომელიც ნამდვილად ნიჭიერია  და მეტს მუშაობდა და სურვილი გააჩნნდა განვითარების  ნაკლებს ღებულობდა. ეს მათი ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გაკეთდა“, - ამბობს გორგილაძე.

ჟურნალისტების ნაწილი ხელფასების სიმცირეზე საუბრობს. თუმცა რედაქტორი მიიჩნევს, რომ თუკი ჟურნალისტებს გაზეთის შენარჩუნება იმ საშტატო ერთეულითა და ფორმატით სურთ როგორიც დღესაა „ქამრები უნდა შემოიჭირონ“.


რეორგანიზაცია

რედაქციაში რეორგანიზაცია არ იგეგმება. რედაქტორი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან რეორგანიზაციის ჩატარების მოთხოვნა მისთვის ცენზურის ნიშნების მაჩვენებელი იქნება. შტატების შემცირებას ის თანამდებობის დატოვებას ამჯობინებს.

„მე რომ დარწმუნებული ვიყო, რომელიმე ერთი მაინც კომერსანტობას შეძლებს, რომ დაკარგოს სამსახური და ამით შეძლებს პურის მოპოვებას, მაშინ არ მექნება ასეთი დამოკიდებულება. მე არ შემიძლია, როგორც მორწმუნე ადამიანს ვინმე დავღუპო“, - ამბობს გორგილაძე.  

გაზეთმა რეორგანიზაცია ვარდების რევოლუციის შემდეგ განიცადა, როცა ძველი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა დაიწყო.  იმ პერიოდს ჟურნალიტები დამცირებისა და აბუჩად აგდების წლებს უწოდებენ.

დათხოვნილი თანამშრომლების ნაწილმა მაშინ ბათუმის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა. მათი ნაწილი სამსახურში ახალმა რედაქტორმა აღადგინა. ისინი დღესაც გაზეთში მუშაობენ. 

გეგმები

გაზეთის რედაქცია უკვე მეხუთე წელია ახალ შენობაშია. ძველი შენობის დასაბრუნებლად კი  რედაქციამ პროკურატურას მიმართა. ისინი 5 წლის წინ მემედ აბაძიძის ქუჩაზე მდებარე გაზეთ „აჭარის“ რედაქციის შენობის უკანონოდ გასხვისების გამოძიებას ითხოვენ. რედაქცია იმ შენობაში ათეულობით წლების განმავლობაში იმყოფებოდა. რედაქტორი გიორგი გორგილაძე მიიჩნევს, რომ თავის დროზე შენობა რედაქციას უკანონოდ ჩამოერთვა. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კი თანამშრომლებს მისი დაბრუნების იმედი აქვთ.  გორგილაძე იმ გეგმაზე საუბრობს, რომლის განხორციელებაც რედაქციის კუთვნილი შენობის დაბრუნებას უკავშირდება.

„ჩვენი გეგმის მიხედვით ამ შენობაში შესაძლებელი იქნება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედია-ჰოლდინგის შექმნა. დაფინანსება ალბათ ნაწილობრივ სამთავრობო და ნაწილობრივ ინვესტიციები იქნება. აჭარაში არსებული ყველა გაზეთი იქ განთავსდება. ის იქნება პრესის სახლი“, - ამბობს გორგილაძე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test